ას-1697-1681-2011 10 იანვარი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ც-ა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ქ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ¹2/280-06 საქმის წარმოების განახლება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ბ. ქ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
2011 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით მიმართეს მ. მ-ემ და ბ. ქ-ამ და განმარტეს, რომ ბ. ქ-ასთან ერთად მ. მ-ე წარმოადგენს დაინტერესებულ პირს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ბ. ქ-ამ და მ. მ-ემ.
უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინებით წარმოდგენილ კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, წარმოსადგენი იყო დასაბუთებული კერძო საჩივარი და კერძო საჩივრის შეტანის დროისათვის გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, ხოლო მ. მ-ეს უნდა წარმოედგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში, ბ. ქ-ას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მის მიერ არ იყო წარმოდგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი და კერძო საჩივრის შეტანის დროისათვის გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
მოცემულ საქმეში 2011 წლის 16 დეკემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2011 წლის 23 დეკემბერს ჩაჰბარდა ბ. ქ-ას მეუღლეს ე. ც-ას. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 24 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 26 დეკემბერს.
კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მომართა სასამართლოს და წარმოადგინა დაუსაბუთებელი კერძო საჩივარი, რომლითაც არ იკვეთება კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები. კერძო საჩივარს ერთვის საქმეში უკვე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან გაკეთებული ამონაწერის ასლი 2010 წლის 15 აპრილის მდგომარეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი შევსებული არ არის, რაც ბ. ქ-ას კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ქ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.