ას-1698-1682-2011 20 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. შ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. შ-ემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ზ. ს-ის მიმართ მოპასუხისათვის უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული 99 150 ლარის მის სასარგებლოდ გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ს-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 98 750 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი _ 2 962,5 ლარის ოდენობით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ს-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ზ. ს-ეს გ. შ-ის სასარგებლოდ 98 750 ლარის ნაცვლად, დაეკისრა 75 500 ლარის გადახდა, გ. შ-ეს ზ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯების _ 930 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ს-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2011 წლის 6 სექტემბერს ზ. ს-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
სააღსრულებლო წარმოების დროს შეფასებულ იქნა სადავო უძრავი ქონება. სსიპ «აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის» დასკვნით, შეფასებული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 37 000 ლარს. სწორედ აღნიშნული დასკვნა წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ზ. ს-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემეობათა გამო:
პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინების შესაბამისად, დავის არსებითად განხილვის დროისათვის, სადავოს წარმოადგენდა გ. შ-ის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის ღირებულება. ამ გარემოების დასადგენად შეფასდა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთაგან სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შპს ,,...-007-ის” აუდიტორიული დასკვნა გ. შ-ის მიერ აშენებული სადავო საცხოვრებელი სახლის ღირებულებად 75 500 ლარის მიჩნევის თაობაზე და არ გაიზიარა შპს ,,ე. აუდიტის” დასკვნა სადავო სახლის ღირებულების _ 35 674 ლარით განსაზღვრის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ქონების შეფასების ნაწილში გაზიარებულ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” პუნქტით, მე-3 ნაწილით და მიიჩნია, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ორი ძირითადი პირობის არსებობისას, კერძოდ, ახლად აღმოჩენილი გარემოება (მტკიცებულება) არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე ცნობილი არ იყო. მეორე, განმცხადებლისათვის ამ ფაქტის თაობაზე მოგვიანებით გახდა ცნობილი და მას, ბრალის გარეშე, საქმის სასამართლოში განხილვის დროს არ შეეძლო, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სსიპ «აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის» იმ დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, რომლითაც ზ. ს-ის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეფასებულია არა 75 500 ლარად, არამედ 37 000 ლარად, სასამართლო მიიღებდა მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სსიპ «აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამასახურის» დასკვნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არ არსებობდა, შესაბამისად, იგი ვერ იქნებოდა წარდგენილი საქმის განხილვისას. გარდა ამისა, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოების არსებობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო პალატამ ისევე, როგორც საკასაციო სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე (უძრავი ქონების ღირებულებაზე), მისი განსაზღვრის მიზნით შეაფასა საქმეში განთავსებული დასკვნები და მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა შპს ,,ე. აუდიტის” დასკვნა, რომლის მიხედვითაც სადავო საცხოვრებელი სახლის ღირებულება შეფასებული იყო 35 674 ლარად, გაიზიარა შპს ,,...-007-ის” აუდიტორული დასკვნა გ. შ-ის მიერ აშენებული სადავო საცხოვრებელი სახლის ღირებულებად 75 500 ლარის მიჩნევის შესახებ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, სსიპ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც უძრავი ქონება გადაწყვეტილებით დადგენილი ღირებულებისაგან განსხვავებულად იქნა შეფასებული, არ ჩაითვლება საქმის წარმოების განახლების წინაპირობად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ს-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მიზანმიმართულად დაამახინჯა არსებული ფაქტობრივი გარემოება. რეალურად, სადავო საცხოვრებელი სახლი შპს ,,...-007-ის” აუდიტორული დასკვნით შეფასდა 75 500 ლარად, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნით უშუალოდ საცხოვრებელი სახლი შეფასდა 9 900 აშშ დოლარად, ანუ 16 236 ლარად. სასამართლომ კი მიუთითა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სადავო ქონება 37 000 ლარად იყო შეფასებული. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებას მაშინ, როცა თავად მიუთითა, რომ საქმის განხილვისას ამ დასკვნის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ხსენებული შეფასების საქმის არსებითად განხილვისას წარდგენის შემთხვევაში სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა და სადავო უძრავ ნივთს გაცილებით უფრო ნაკლები ღირებულებით შეაფასებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე, ამასთან, ასეთი გარემოების შესახებ მხარისათვის თავისი ბრალის გარეშე საქმის განხილვისას ცნობილი არ იყო.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ ზ. ს-ის განცხადება კანონის ზემოხსენებული დანაწესებით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ შეიცავს, კერძოდ, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მხარე მიიჩნევს სსიპ «აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის» დასკვნას, რომლითაც ზ. ს-ის უძრავი ქონების და, მათ შორის, სადავო სახლის, ღირებულება შეფასდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ოდენობაზე მნიშვნელოვნად ნაკლებად. შესაბამისად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ მითითებული დასკვნის საქმის წარმოების პროცესში წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მიიღებდა მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას გაცილებით უფრო ნაკლები თანხის დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მხარეს მითითებულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მოახდინა სადავო უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, გადაწყვეტილების მიღებისას შეაფასა საქმეში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები _ სადავო ქონების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტები და უპირატესობა მიანიჭა შპს «...-007-ის» აუდიტორულ დასკვნას უძრავი ნივთის 75000 ლარად შეფასების შესახებ. აღნიშნული კი თავისთავად გულისხმობს, რომ სასამართლო მითითებულ შეფასებას მართლზომიერად და ადეკვატურად თვლიდა მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მტკიცებულება იმავე ქონების 35674 ლარად შეფასების თაობაზე.
ამდენად, სასამართლო შეზღუდული არ იყო სადავო უძრავი ნივთის ღირებულების შეფასებაში. შესაბამისად, განმცხადებელმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სააღსრულებო ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნის საქმის არსებითად განხილვისას წარდგენის შემთხვევაში სასამართლო უთუოდ გაიზიარებდა მასში ასახულ შეფასებას და ზ.ს-ეს ნაკლებ თანხას დააკისრებდა გადასახდელად.
აქვე აღსანიშნავია, რომ ზ. ს-ე დავის არსებითად განხილვისას შეზღუდული არ იყო, თავად წარედგინა სასამართლოსათვის მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება, მეტიც, 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ზ.ს-ის შუამდგომლობა სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, თუმცა სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» 2010 წლის 7 ივნისის მომართვით დასტურდება, რომ ექსპერტიზა არ ჩატარდა ზ. ს-ის მხრიდან შესაბამისი საფასურის გადაუხდელობის მოტივით. ამდენად, მხარემ სასამართლოს მიერ მიცემული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა ვერ დაადასტურა, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.