ას-1712-1695-2011 16 იანვარი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,მ-ა 91»
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,ჯ. ფ-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,მ-ა 91-ის»დირექტორმა გ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ”ჯ. ფ-ის» მიმართ და მოითხოვა შპს ”ჯ. ფ-ის” გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დავალიანების, 6967.98 ლარის დარიცხვის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: შპს ,,მ-ა 91»-ზე, როგორც კვების პროდუქციის მწარმოებელზე არ ვრცელდება თბილისის საკრებულოს მიერ 2003 წლის 9 სექტემბრის ¹12-1 გადაწყვეტილებით ერთ კუბურ მეტრზე დადგენილი ტარიფი 4,8 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა წარმოადგენს მის მიერ მოხმარებული წყლის გადასახადს. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მაისს გადაწყვეტილებით შპს ,,მ-ა 91»-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ-ა 91-მა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინებით შპს ,,მ-ა 91-ის» სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი შემდეგი საფუძვლებით: პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი შპს ,,მ-ა 91»-ის წარმომადგენელს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2011 წლის 6 ოქტომბერს, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 7 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2011 წლის 20 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრი შეტანილია 14 დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც იგი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით შპს ,,მ-ა 91-ის დირექტორმა გ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო საჩივარი გამოაგზავნა 2011 წლის 20 ოქტომბერს, კურიერმა კი გამოგზავნის თარიღად შეცდომით 2011 წლის 21 ოქტომბერი მიუთითა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,მ-ა 91-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. მითითებული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით (ს.ფ.13,20,72) დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს ,,მ-ა -91-ის” წარმომადგენელ ნიკოლოზ შეყილაძეს პირადად ჩაჰბარდა 2011 წლის 6 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2011 წლის 20 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი.
სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო საჩივარზე გამოგზავნის თარიღად მითითებული 2011 წლის 20 ოქტომბერი წარმოადგენს კურიერის შეცდომას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეფუძნება და, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა სავსებით სწორად აითვალა 2011 წლის 6 ოქტომბრიდან და მართებულად ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის 2011 წლის 21 ოქტომბერს შეტანით შპს ,,მ-ა -91-მა” ზემოხსენებული ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების, ხოლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,მ-ა -91-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.