ას-1720-1703-2011 16 იანვარი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი მოპასუხე მ. ქ-ის მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა მოპასუხის მიერ უძრავი ქონების (ქუთაისში, ნ-ას ქ.¹76/66-ში მდებარე ბინა) გასხვისების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 49800 ლარის ოდენობით, არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 235-237).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თ. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 241-250).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემდეგ გარემოებებზე:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაუდგინდა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორჯერ გააგრძელა 2011 წლის 3 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის განჩინებებით;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის, აგრეთვე, 3 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის განჩინებების ასლები, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ ფიქრია ცერცვაძეს მის მიერვე მითითებულ მისამართზე: ქ.ქუთაისი, ჭ-ის გამზირი ¹55/37. 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ფიქრია ცერცვაძეს ჩაბარდა 2011 წლის 20 ოქტომბერს, რაც დადასტურებულია გზავნილზე მისი ხელმოწერით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი შეეძლო შეევსო 2011 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, მას განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზისათვის დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ არ მიუმართავს სასამართლოსათვის შუამდგომლობით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5, 59.1 და 63-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 16-21).
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე თ. კ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის თანახმად, წარმომადგენლის შუამდგომლობა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ თ. კ-ე იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ რუსეთში, მან ვერ მოახერხა თანხის შეგროვება და გადმოგზავნა. სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა აპელანტისათვის კოლოსალურია. მას არც სახლი გააჩნია და არც სხვა რაიმე შემოსავალი. საქართველოში ყოფნის შემთხვევაში აპელანტი აუცილებლად იქნებოდა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაში და მიიღებდა შემწეობას. მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, აპელანტს აღარ დარჩა კუთვნილი ქონება. ამიტომ, ამ უკანასკნელმა მ. ქ-ის წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თ. კ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სწორედ აღნიშნულ საჩივარზე ითხოვდა აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას;
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ბაჟის უქონლობის გამო საქმე საბოლოოდ რჩება განუხილველი. მისი მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება კანონსაწინააღმდეგო და იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან ირღვევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის პრინციპი. ეს პრინციპი ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებით დაცული უნდა იყოს. აპელანტმა სასამართლოს სთხოვა, რომ სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობის მის მიერ გადახდის პირობებში, დანარჩენი თანხის გადახდა გადაევადებინა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალიწინა, რითაც დაირღვა მხარის კანონიერი ინტერესი (ტომი 2, ს.ფ. 23-24).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1992 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა (ტომი 2, ს.ფ. 2-4). ამავე სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის განჩინებებით აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. მასვე არაერთხელ განემარტა დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (ტომი 2, ს.ფ. 7-8, 12-14).
საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მან გაუშვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და მისთვის უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ უზრუნველყო თავისი შუამდგომლობის შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთება, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია, რომლებიც მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას დაადასტურებდა და დასაბუთებულს გახდიდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, აპელანტს წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.