ას-1745-1726-2011 9 იანვარი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. კ-ი (წარმომადგენელი დ. ს-ე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ... საავადმყოფო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ... საავადმყოფოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანება 248.25 ლარი და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სარჩელის მოთხოვნა 2007 წლის ნოემბრის და დეკემბრის, აგრეთვე, 2008 წლის იანვრის და თებერვლის თვეების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; მოპასუხეს დაეკისრა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ს.ფ. 70-75).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2007 წლისა და 2008 წლის 2 (ორი) თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა. აპელანტმა მოითხოვა საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრებოდა სახელფასო დავალიანება, კერძოდ, 2007 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2008 წლის იანვრის, თებერვლის ხელფასები, აგრეთვე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07% (ს.ფ. 79-88).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრივ, სარჩელით იგი მოითხოვდა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანებისა და საბოლოო ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის, მთლიანობაში 955.92 ლარის დაკისრებას.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო საჩივრის ღირებულება სარჩელის მოთხოვნის მიხედვით შეადგენდა 545.17 ლარს. ამ თანხაში შედიოდა სახელფასო დავალიანება _ 291.72 ლარი და ანგარიშსწორების დაყოვნების 0.07% _ 253.45 ლარი. დასახელებული თანხის ოდენობის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ხელფასი და ანგარიშსწორების დაყოვნების პროცენტი შეადგენდა:
2007 წლის ნოემბრის თვეში _ 62.64 ლარს + 0.07% (56.56 ლარი);
2007 წლის დეკემბრის თვეში _ 73.08 ლარი + 0.07% (64.46 ლარი);
2008 წლის იანვრის თვეში _ 66.00 ლარი + 0.07% (56.83 ლარი);
2008 წლის თებერვლის თვეში _ 90.00 + 0.07% (75.6 ლარი).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 ლარზე ნაკლები იყო, ვინაიდან ეს ღირებულება შეადგენდა 545.17 ლარს. ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლიდან გამომდინარე, მის განუხილველად დატოვებას განაპირობებდა (ს.ფ. 92-94).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სახეზეა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ასეთი კატეგორიის სარჩელზე, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მითითებული ნორმის მიხედვით, სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე, არ ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნა, რომლითაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად დადგენილია ის, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს;
პირველი ინსტანციის წესით საქმის განმხილველმა მოსამართლემ პირდაპირ მიუთითა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ დავის საგნის ღირებულება გადაწყვეტილების სრულად გასაჩივრების შემთხვევაშიც არ აღემატებოდა 1000 ლარს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტორი გასათვალისწინებელია სადავო საკითხის განხილვისას;
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი. ეს იმაში გამოიხატება, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. იმის მიუხედავად, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მოპასუხე შპს ... საავადმყოფოს 2011 წლის 2 მარტის ¹416 წერილი, რომლითაც წერილის ავტორი აღიარებს ვალის არსებობას და იძლევა დაპირებას დავალიანების 2011 წლის მეორე კვარტალში ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მოსარჩელეს უარი უთხრა 2008 წლის იანვრისა და თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათ მიმართაც (ს.ფ. 101-103).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ... საავადმყოფოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანება 248.25 ლარი, აგრეთვე, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სარჩელის მოთხოვნა 2007 წლის ნოემბრის და დეკემბრის, აგრეთვე, 2008 წლის იანვრის და თებერვლის თვეების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 70-75).
დგინდება ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. კ-ის წარმომადგენელმა დ. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 2007 წლისა და 2008 წლის 2 (ორი) თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (ს.ფ. 79-88).
დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან განსახილველ სარჩელზე იგი კანონით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დავის საგნის ღირებულებას და არა კონკრეტულ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძვლების არსებობას.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაშვებად უნდა ეცნო მისი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა ვერც ამ მოსაზრებას გაიზიარებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, თუ მისი ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, დაუშვებელია კანონის იმპერატიული დანაწესით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს შესაძლებლობას თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის დაშვების საკითხი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ გახდება კერძო საჩივრის ფარგლებში მსჯელობის საგანი, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იხილავს იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არსებითად კი არ განხილულა, არამედ იგი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.