ბს-296-281(კ-06) 12 ივლისი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. ფ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სოცფონდის წყალტუბოს ფილიალი
დავის საგანი _ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 23 აგვისტოს ნ. ფ.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს ფილიალის მიმართ და მამის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელის მამა, აწ გარდაცვლილი ა, ფ.-ი, 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა. 1951 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა იგი სისხლის სამართლის კოდექსის 58-1 «ბ» მუხლის საფუძველზე სამშობლოს ღალატისათვის გაასამართლა და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სსრკ უმაღლესი სასამართლოს პლენუმის 1955 წლის 25 მარტის დადგენილებით ა, ფ.-ს სასჯელის ზომა 10 წლამდე შეუმცირდა, ხოლო 1955 წლის 7 ოქტომბერს სსრკ უმაღლესი საბჭოს ამნისტიის საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის საფუძველზე, 1980 წელს გარდაცვლილი მამის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ა, ფ.-ი აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის (სამშობლოს ღალატი), კანონის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ვერ მიიჩნეოდა. საქმის მასალებით კი არ დასტურდებოდა, რომ აწ გარდაცვლილი ა, ფ.-ის მიმართ განხორციელებული თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან, პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ფ.-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინებით ნ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლების თანახმად, ა, ფ.-ი არ განეკუთვნებოდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა კატეგორიას. ამასთან, ამნისტიის აქტი არ გულისხმობდა რეაბილიტაციას, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველს იძლეოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის განჩინება ნ. ფ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, საქმე განიხილა კასატორისა და მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე, მაშინ, როდესაც საქმეში არსებობდა ცნობა კასატორის საცხოვრებელი ადგილიდან და რწმუნებულება, სადაც ასევე აღნიშნული იყო საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2006 წლის 28 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ნ. ფ.-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2005 წლის 8 ნოემბერს (ს.ფ. 25). იმავე წლის 25 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად (ს.ფ. 28-29) და ხსენებული განჩინების საფუძველზე, სასამართლოს მიერ უწყებები გაეგზავნათ მხარეებს, რომლითაც ეცნობათ, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდებოდა 2006 წლის 20 იანვარს (ს.ფ. 30-31). 2006 წლის 20 იანვარს დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო იმავე წლის 13 თებერვლისათვის იმ მოტივით, რომ აპელანტს უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია. სასამართლო სხდომის 13 თებერვლისათვი გადადების შესახებ უწყების აპელანტისათვის გაგზავნის დასტური საქმეში არ მოიპოვება, მაშინ, როცა 13 თებერვლის პროცესზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეები სხდომის თარიღის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადეგილი წესით და მიიღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 38).
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო გამარტავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძვლად მიიჩნევა და გადაწყვეტილება ყოველთვის კანონის დარღვევით მიღებულად ითვლება, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მუხლი შეიცავს საპროცესო დარღვევების ჩამონათვალს, რომლებიც თვით კანონმდებლობის მიერაა შეფასებული ისეთ დარღვევებად, რომლებიც აუცილებლად იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტია დადასტურებული ფაქტი იმის შესახებ, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის შესახებ ცნობილი არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და აღნიშნული სასამართლოს მიერ რაიმე დამატებით გამოკვლევა-განმარტებას არ საჭიროებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლი ადგენს, რომ მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე (71-ე მუხლი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყების გაგზავნა ხდება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით და მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, რაც უწყების მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით დასტურდება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე ნ. ფ.-ს საქმის განხილვის პერიოდში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია და სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო მისი მისამართი, რომელზეც უწყება უნდა გაგზავნილიყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული 2006 წლის 13 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის განჩინების სამართლებრივი შეფასება არ მოუხდენია და მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი მხოლოდ მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევა გახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.