Facebook Twitter

საქმე # 080100124008639943

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №150აპ-25 ქ. თბილისი

მ. ლ. 150აპ-25 16 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. მ–ის, – პირადი ნომერი ………., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2023 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 13:20 საათზე, ქალაქ ს–ში, ... ქუჩის №..-ში მდებარე ლ. მ–ის საცხოვრებელ სახლთან მივიდა ა. მ–ა, მისი კუთვნილი „ვოლცვაგენ ჯეტას“ მარკის (სახელმწიფო ნომრით – …….) ავტომანქანით. საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა ლ. მ–თან, რომელსაც შუშის ბოთლი დაარტყა თავში. განაწყენებულმა ლ. მ–მა შურისძიების მოტივით გადაწყვიტა ა. მ–ას განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით, იგი შევიდა თავის საცხოვრებელ სახლში. მას შეჰყვა ა. მ–ა, რა დროსაც ლ. მ–მა, მოკვლის განზრახვით, მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლა ა. მ–ას და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები. ა. მ–ა გადარჩა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად.

1.1. აღნიშნული ქმედებით ლ. მ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით ლ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე;

2.1. ლ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ლ. მ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქარხნული წესით დამზადებული „TT“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცა საქართველოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტს;

2.3. ლ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვლა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 24 სექტემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რევაზ თოფურიამ. აპელანტმა მოითხოვა ლ. მ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ:

4.1. ლ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე;

4.2. ლ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

4.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლ. მ–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან;

4.4. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ლ. მ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქარხნული წესით დამზადებული „TT“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცა საქართველოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტს.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რევაზ თოფურიამ. კასატორი ითხოვს ლ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს, ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს ლ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

7.1. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ლ. მ–მა ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენა ა. მ–ას. აღნიშნულს სადავოდ არც დაცვის მხარე ხდის.

7.2. დავის საგანია ლ. მ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული თუ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ. მ–მა მოკვლის განზრახვით რამოდენიმეჯერ ესროლა პისტოლეტიდან ა. მ–ას და შესაბამისად, ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, და არა – საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

8. ბრალდების მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. ბრალდების მხარე ლ. მ–ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის მოთხოვნისას, უთითებს, რომ ლ. მ–მა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით მოაწყო დანაშაულის ინსცენირება, თითქოს ა. მ–ა თავს დაესხა, მათ შორის, ავტომატით და მისი მიმართულებით გაისროლა ეზოსა და სახლში.

9.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ი–ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2023 წლის 26 სექტემბრის N.... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ 7 მასრის, ავტომატის, მჭიდისა და 8 ვაზნის ზედაპირზე ხელის კვლები არ გამოვლინდა (ტ. N2; ს.ფ. 97-106).

10. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ლ. მ–ს ამოძრავებდა ა. მ–ას (რომელიც ჯერ კიდევ ბოთლით ხელში სიცოცხლის მოსპობის მუქარით მისდევდა ლ. მ–ს) მკვლელობის განზრახვა, მის მიერ ბოთლის თავში ჩარტყმის გამო, შურისძიების მოტივით.

11. თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით/გამოკითხვის ოქმით, კერძოდ, კ. ა–ის (2023 წლის 23 სექტემბერს გ. გ–ესა და ვ. ხ–თან ერთად, იმყოფებოდა ლ. მ–თან სახლში, რა დროსაც ჭიშკართან გაჩერდა ავტომობილი. კ. ა–ემ დაინახა, რომ ავტომობილით მისულ პირთან შესახვედრად გასულ ლ. მ–ს, ახლადმისულმა ბოთლი (მას ხელში ეჭირა მხოლოდ გადაჭრილი ბოთლი, სხვა საგანი არ ჰკავებია) ჩაარტყა თავში. შედეგად, ლ. მ–ი თავის არეში იყო დასისხლიანებული. ლ. მ–ი ჩქარი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ. მას ა. მ–ა ასევე ჩქარი ნაბიჯებით მიჰყვებოდა, ეძახდა: „-მოგკლავ, მ–ო“ და შეჰყვა სახლში. სახლში მათი შესვლისთანავე კ. ა–ემ გაიგონა გასროლის ხმა და გაიქცა შეშინებული), ვ. ხ–ის (ლ. მ–ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან გაჩერებული ავტომანქანიდან გადმოსულმა პირმა, მისალმების შემდეგ ლ. მ–ს თავში ჩაარტყა ბოთლი. ლ. მ–ი წავიდა სახლისაკენ, ახალმისული პირი, სწრაფი ნაბიჯებით, მუქარით „-მოგკლავ მ–ო“ – და გინებით გაჰყვა (მისდევდა) მას. სახლში შესვლის შემდეგ გაიგონეს გასროლების ხმა, რის გამოც, შეეშინდათ და გაიქცნენ), ასევე გ. გ–ის (ლ. მ–ის სახლში ყოფნისას, ჭიშკართან გაჩერდა ავტომანქანა. ლ. მ–მა დაინახა რა, რომ მის ჭიშკართან გაჩერდა ავტომობილი და იქედან გადმოსული მამაკაცი გამოემართა მისი ეზოს შემოსასვლელი ჭიშკრისაკენ, თავადაც გაემართა ჭიშკრისაკენ და გავიდა ეზოს გარეთ. ახლადმოსულმა და ლ–მა გადაჰკოცნეს და ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს. იმავდროულად, უცნობმა ხმამაღლა შეაგინა ლ–ს, რასაც ანალოგიურად უპასუხა ლ–მა. მოულოდნელად ლ–ი, რომელსაც თავის არედან სდიოდა სისხლი, ჩქარი ნაბიჯებით წავიდა სახლისაკენ, ხოლო უცნობი (როგორც შემდეგ გაიგო, ა. მ–ა), რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა შუშის ბოთლის ნატეხი, მისდევდა ლ–ს, აგინებდა და უყვიროდა, რომ მოკლავდა. უცნობმა, იმდენად ახლოს ჩაირა, რომ სხვა რაიმე (გარდა ბოთლისა) ხელში, რომ სჭეროდა ან თან ჰქონოდა ტანსაცმლით დაუფარავ ადგილზე, დაინახავდა. ლ–ი შევიდა მისი საცხოვრებელ სახლის პირველ სართულზე, უკან მიჰყვა ა. მ–ა. მათი სახლში შესვლიდან რამდენიმე წამში გაიგონა სამი-ოთხი გასროლის ხმა. იგი, შეშინებული, გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. დაახლოებით 5-6 წუთის შემდეგ კი კვლავ გაიგონა ლ–ის სახლიდან დაახლოებით 5-6 გასროლის ხმა, 2-3 წამიანი ინტერვალით; მოწმის განმარტებით, მას ა–ის მიერ ლ–ისათვის ბოთლის თავში ჩარტყმის მომენტი არ დაუნახავს. მხოლოდ მათი ეზოში შესვლისას დაინახა, რომ ლ–ს თავის არიდან სდიოდა სისხლი და ა. მ–ას კი ხელში ეჭირა შუშის ბოთლის ნატეხი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და სიტუაციაში ვერ გაერკვია. უცნობი რომ ა. მ–ა იყო, გაიგო მაშინ, როცა ლ–ი სისხლიანი გაიქცა და აგინებდა მდევარს – „ა–ი. მ–ა … ეს რა მიქენი”) გამოკითხვის 2023 წლის 23 სექტემბრის ოქმით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება შემდეგი: 2023 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ ს–ში, ... ქუჩის №..-ის მდებარე ტერიტორიაზე – ლ. მ–ის საცხოვრებელ სახლთან – მისულმა ა. მ–ამ შუშის ბოთლი დაარტყა თავში ლ. მ–ს და, იმავდროულად, ხელში შუშის ბოთლით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, კვლავ გაჰყვა საცხოვრებელი სახლისაკენ მიმავალ ლ. მ–ს; დაზიანებების მიყენებისას ა. მ–ასაგან მომდინარე საფრთხე ჯერ კიდევ არ იყო აღმოფხვრილი და ლ. მ–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

12. გაუგებარია რის დასაბუთებას ცდილობს კასატორი ბრალდების მხარე დანაშაულის ინსცენირებაზე საკასაციო საჩივარში აპელირებით, ვინაიდან პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად (იხ.: ტ.N2; ს.ფ.150-152), ბრალდების მხარე ლ. მ–ს არ ედავება მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას ა. მ–ას მხრიდან მასზე თავდასხმის ინსცენირების ფარგლებში (არამედ ედავება შემდეგს: შუშის ბოთლის თავში დარტყმით განაწყენებულმა ლ. მ–მა, შურისძიების მოტივით, გადაწყვიტა ა. მ–ას განზრახ მკვლელობა, რისთვისაც პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლა ა. მ–ას და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები).

12.1. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ დანაშაულის ინსცენირებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, როგორც მკვლელობის მცდელობის, ასევე – მათ შორის, ლ. მ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა), ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული“ (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი აქტები: 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №230აპ-13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2023წლის 10 აგვისტოს განაჩენი N426აპ-23, II-9.1, 2024 წლის 20 დეკემბრის განაჩენი N745აპ-24, II-3.4, 2024წლის 11 მარტის განაჩენი N1009აპ-23, II-23, 2022 წლის 11 ოქტომბრის N770აპ-22 განჩინება) და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023წლის 10 აგვისტოს განაჩენი №426აპ-23, II-9.1.).

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცების საგანსი შემავალი თითოეული გარემოება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრული მტკიცებითი სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

15. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან.

15.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. ... თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის №593აპ-15 განაჩენი).

15.2. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა არსებობს, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს, შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის N770აპ-19 განჩინება).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლობის გამო არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

17. არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, არც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების ნაწილში.

18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე