Facebook Twitter

ას-1776-1754-2011 9 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ქ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 13 ივლისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ბ. ქ-ას წარმომადგენელმა მ. მ-ემ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, დაევალა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადების წარმოდგენა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ბ. ქ-ას წარმომადგენელ მ. მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად განმცხადებლის მიერ 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ქ-ას წარმომადგენელმა მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ბ. ქ-ას წარმომადგენელ მ. მ-ეს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ბ. ქ-ას ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა, ან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დაედასტურებინა წარმომადგენლის უფლებამოსილება საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებაზე, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ბ. ქ-ას წარმომადგენელ მ. მ-ის კერძო საჩვარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე დარჩა განუხილველად მხარის მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებების არასრულყოფილად განხორციელების გამო.

2011 წლის 6 ოქტომბერს ბ. ქ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე წარადგინა მ.მ-ის განცხადება, სადაც პრაქტიკულად იმავე მოთხოვნაზეა მითითებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 414-ე და 419-ე მუხლების შესაბამისად, ბ.ქ-ასა და მ.მ-ის განცხადებები კერძო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული.

2011 წლის 4 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაეცა ბ. ქ-ასა და მ. მ-ის განცხადება, რომლითაც მხარეებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლს «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ბ. ქ-ასა და მისი წარმომადგენლის _ მ.მ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ჩათვალა, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ შეიძლება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გამხდარიყო, ვინაიდან განცხადება არ შეიცავს მითითებული ნორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ბ. ქ-ამ და მისმა წარმომადგენელმა მ.მ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი 2011 წლის 13 ივლისის განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

მოსამართლე ი.აბშილავამ უკანონოდ განიხილა ბ.ქ-ას განცხადება, მოსამართლე დაინტერესებული იყო საქმის შედეგით, რასაც მოწმობს მისი 2011 წლის 22 აგვისტოს განჩინება, რომლითაც სასამართლო მხარეს მიუთითებს უფლების ბოროტად გომოყენებაზე და უკრძალავს სასამართლოსათვის მიმართვას სამოქალაქო საქმეზე _ ვ.ც-ას სარჩელის გამო, ბ.ქ-ას მიმართ გამოსახლების თაობაზე. მოცემულ საქმეზე გაურკვეველია ბქ-ას «საგიჟეთში» მოთავსება, როდესაც ბ.ქ-ა «გიჟი» არაა, აღნიშნული განპირობებული იყო ბ.ქ-ასათვის ბინის წართმევით. კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე მოითხოვეს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 იანვრის განჩინებით ბ.ქ-ას წარმომადგენელ მ.მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის საქმეში ჩართვის თაობაზე უსაფუძვლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩვირის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ. მ-ეს უარი უნდა ეთქვას ბ. ქ-ას წარმომადგენლად დაშვებაზე, ხოლო ბ.ქ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის მოთხოვნის ანალიზის შედეგად ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, რომლის თაობაზეც წარმოდგენილია მოცემული კერძო საჩივარი, არ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. განსახილველი კერძო საჩივრით კი მხარე სასამართლოსაგან მოითხოვს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას და 2011 წლის 13 ივლისის განცხადების დაკმაყოფილებას.

საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 13 ივლისის განცხადების შესწავლის შედეგად კი დასტურდება, რომ მხარემ ზემოაღნიშნული განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმა წარმოადგენს კანონის სპეციალურ დანაწესს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით გათვალისწინებული წარმოების მიმართ და ადგენს, რომ კერძო საჩივრის განმხილველი ზემდგომი სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გახდეს ის საკითხი, რომლის მიმართაც კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.

იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინების გაუქმებასთან ერთად მოთხოვნილია იმ განცხადების განხილვა, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს, სასამართლო თვლის, რომ მითითებული კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უმთავრესი საფუძველია, შესაბამისად, პალატა ვერ შეაფასებს კერძო საჩივრის იმ არგუმენტებს, რომლებშიც გადმოცემულია მხარის მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაშვებული დარღვევების თაობაზე.

რაც შეეხება განსახილველ კერძო საჩივარს სააპელაციო პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინების ფარგლებში, პალატა სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 4 ნოემბრის განცხადებით კონკრეტულად არც მოთხოვნაა ჩამოყალიბებული და არც ის მტკიცებულებებია ნათლად განსაზღვრული, რომელიც სასამართლომ არ გამოიკვლია და რომელთა მიმართაც უნდა ყოფილიყო დამატებითი გადაწყვეტილება გამოტანილი, შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც ამომწურავადაა განსაზღვრული საკითხთა წრე, რის თაობაზეც შესაძლებელია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. დასახელებული ნორმის დებულებებისა და საქმეში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების ანალიზის საფუძველზე, პალატა თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მხარეს სწორად უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი რადგანაც განცხადება შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოს კრიტიკით, და მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე მითითება მოთხოვნის დასაბუთებაზე არ მიანიშნებს.

რაც შეეხება მოცემულ საქმეზე ბ. ქ-ას წარმომადგენლად მ.მ-ის მითითებას, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 440-ე მუხლით დადგენილია, რომ პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მხარის ინტერესების დაცვის უფლებას კანონმდებელი ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, ვინც გაწევრიანებული არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, რაც უნდა დადასტურდეს საადვოკატო საქმიანობის მოწმობის ასლის წარმოდგენით. მოცემულ შემთხვევაში, მ.მ-ე თავადვე ადასტურებს რა რომ არ არის ადვოკატი, აღნიშნული მის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთანავე მნიშვნელოვანია შეფასდეს ისიც, რომ საქმის წარმოების განმავლობაში მ.მ-ემ ვერ უზრუნველყო მისი, როგორც მხარის ინტერესის დადასტურება მოცემულ დავაზე, არამედ შემოიფარგლა მხოლოდ ზემოაღნიშნულის მითითებითა და შუამდგომლობით დავაში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.

პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერს, სადაც ბ.ქ-ას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლის განმსაზღვრელ სარეიტინგო ქულად მითითებულია 56330. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე, აღნიშნული ნორმისა და მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბ.ქ-ა მოცემულ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო მისი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ეს უარი ეთქვას ბ. ქ-ას წარმომადგენლად დაშვებაზე.

2. ბ. ქ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. დარჩეს უცვლელად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინება.

4. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.