ას-30-30-2012 16 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე. ჩ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ა. ჩ-ის სარჩელის გამო, ე. ჩ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჩ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ე. ჩ-ის წარმომადგენელებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ნ. გ-ს (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.133) ჩაბარდა 2011 წლის 7 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ.18), ხოლო გ. მ-ემ განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 22 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ. 21).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ნ. გ-ისათვის ჩაბარება ითვლება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 8 დეკემბრიდან, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა ე. ჩ-ის წარმომადგენელ ნ. გ-ს და დამთავრდა 2011 წლის 19 დეკემბერს, კერძო საჩივარი კი შემოტანილია 2011 წლის 27 დეკემბერს მეორე წარმომადგენლის, გ. მ-ის მიერ საპროცესო ვადის დარღვევით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. მ-ე კერძო საჩივარში უთითებს, თითქოს ე. ჩ-მა უარი თქვა ნ. გ-ის წარმომადგენლობაზე პირველ ინსტანციაში სარჩელის განხილვის დასრულების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მოცემული ნორმის ანალიზიდან ნათელია, რომ წარმომადგენლობაზე უარი წერილობით ფორმითი უნდა იყოს გაცხადებული და უნდა ეცნობოს სასამართლოს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ე. ჩ-ის მიერ ნ. გ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის გაუქმებას. ამდენად, გ.მ-ის მითითება ამ გარემოებაზე ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ჩ-ის კერძო საჩივარი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, მე-400, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ჩ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.