ა-4567-ა-34-2011 23 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ მ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ზ.ფ-ა», შპს «ს. ს-ო», სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სს «ზ.ფ-ის» გაყიდვისას მოსარჩელის წილი ქონების შენარჩუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: სს «ზ.ფ-ის», შპს «ს. ს-ოსა» და სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ სს «ზ.ფ-ის» ყიდვა-გაყიდვისას მოსარჩელის კუთვნილი წილის შენარჩუნების მოპასუხეთათვის დავალდებულების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.მ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ არასწორია განჩინების მითითება მ.მ-ის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარის თქმის დადასტურების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოცემულ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მ.მ-ეს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით მ.მ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ ის მოითხოვს საკასაციო პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგანაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე მიუთითა 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლებზე, ასევე იმაზე, რომ მას დაცული აქვს როგორც განცხადების შემოტანის, ისე განსჯადობისათვის დადგენილი მოთხოვნები. ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში ასევე აღნიშნულია საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ აღნიშნულით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, ეს განჩინება გამოტანილია საქმის მასალების შესწავლის გარეშე, მიკერძოებით, რის გამოც მოითხოვა მისი 2011 წლის 5 დეკემბრის განცხადების გამო დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო მისი მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა, მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ არასწორია განჩინების მითითება მ.მ-ის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარის თქმის დადასტურების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოცემულ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მ.მ-ეს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით მ.მ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ ის მოითხოვს საკასაციო პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგანაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლები, ასევე მიუთითა 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლებზე და განმარტა ისიც, რომ მას დაცული აქვს როგორც განცხადების შემოტანის, ისე განსჯადობისათვის დადგენილი მოთხოვნები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
დასახელებული ნორმით დადგენილია, რომ მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების თაობაზე შეტანილი განცხადების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო მას განუხაზღვრავს ვადას, რათა განმცხადებელმა როგორც ფაქტობრივი, ისე პროცესუალური საფუძვლების დარღვევის თაობაზე სარწმუნოდ მიუთითოს, კერძოდ, დააზუსტოს თუ რა მიაჩნია მას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, კანონის რომელი დანაწესი ითვალისწინებს ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას და რა ფაქტებით დასტურდება მხარის მიერ მითითებუი დარღვევების ნამდვილობა.
განსახილველ შემთხვევაში, მ.მ-ემ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მომართა რა სასამართლოს განცხადებით, მან მხოლოდ მიუთითა საპროცესო ნორმები იმგვარად, რომ არ განუმარტავს, თუ რაში გამოიხატა ამ ნორმების დარღვევა, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეს დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც განცხადების დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.
რაც შეეხება მ.მ-ის მითითებას საკასაციო პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძვლოა, რადგანაც სწორედ 2011 წლის 15 დეკემბრის დასაბუთებული განჩინებით ამომწურავად განემარტა მ. მ-ეს საკასაციო პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში უსწორობის არარსებობის შესახებ, ამდენად, მითითებული საკითხი საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი კვლავ ვეღარ გახდება, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევა, ასევე განჩინების მიღება მიკერძოებითა და მხარის საპროცესო უფლებათა უგულებელყოფით საქმის მასალებით არ არის დადასტურებული და ასეთზე არც განმცხადებელს მიუთითებია.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
დასახელებული ნორმით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიღებულ იქნას დამატებითი გადაწყვეტილება, ხოლო განმცხადებლის მითითებანი არ შეესაბამება კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად. მ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.