ა-4733-ა-36-2011 23 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ გ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ნ. _ 20-ის» უფლებამონაცვლე შპს «ბ-ი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-მა სარჩელის აღძრა სასამართლოში შპს «ნ. _ 20-ის» უფლებამონაცვლე შპს «ბ-ის» მიმართ სახელფასო დავალიანების _ 7680.64 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გ.მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 397-ე, 61-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, რადგანაც აპელანტის წარმომადგენელ ნ.გიუნაშვილისათვის ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღე და ეს უკანასაკნელი ესწრებოდა კიდევაც სასამართლო სხდომას, გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 18 აგვისტო, ხოლო 30-ე დღე _ 28 აგვისტო. კასატორს და/ან მის წარმომადგენელს შეეძლოთ, სააპელაციო სასამართლოში მისულიყვნენ და განჩინების ასლი ჩაებარებინათ 2011 წლის 18 აგვისტოდან 2011 წლის 28 აგვისტომდე. გ. მ-ის წარმომადგენელმა ნათია გიუნაშვილმა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2011 წლის 8 სექტემბერს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 29 სექტემბერს. პალატამ ჩათვალა, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2011 წლის 28 აგვისტოს და დამთავრდა ამავე წლის 28 სექტემბერს, მხარემ კი, საკასაციო საჩივარი წარადგინა 2011 წლის 12 ოქტომბერს.
2011 წლის 15 დეკემბერს გ. მ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელმა წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წერილობითი პასუხის ასლი და განმარტა, რომ სააპელაციო პალატის მოსამართლე ვ.წიკლაური 1 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა შვებულებაში. მან 2011 წლის 29 ივლისს, პარასკევს ჩაატარა სასამართლო სხდომა და სამუშაოს შესრულებას შეუდგა მხოლოდ 2011 წლის 30 აგვისტოს, სამშაბათს, მითითებული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კანონით დადგენილ ვადაში მოსამართლე ვერ დაწერდა გადაწყვეტილებას. სექტემბრის დასაწყისში მხარე არაერთხელ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, თუმცა აღნიშნული ვერ მოხერხდა, გ.მ-ის წარმომადგენელმა ნ.გ-მა კი, 8 სექტემბერს მიმართა სასამართლოს წერილობით გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე და ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ 29 სექტემბერს გახდა შესაძლებელი.
არასწორია მითითება საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენის 29 ივლისიდან დაწყების თაობაზე, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი განმარტა იმგვარად, რომ ერთთვიანი ვადის დენა დაიწყებოდა ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის შემდგომ, გ.მ-მა კი ამ ვადის დაცვით შეიტანა საკასაციო საჩივარი სასამართლოში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 423-ე, 425-ე, 426-ე და 427-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის განჩინებით გ.მ-ი, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გ. მ-ის განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აპელანტის წარმომადგენელ ნ.გიუნაშვილისათვის ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღე და ეს უკანასაკნელი ესწრებოდა კიდევაც სასამართლო სხდომას. სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2011 წლის 29 ივლისს. საქმის მასალებით დადასტურებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენლმა განჩინების ჩაბარების თხოვნით პირველად სასამართლოს მიმართა 2011 წლის 8 სექტემბერს და ამ განცხადებით მან გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით გაგზავნა მოითხოვა. დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ ნ.გიუნაშვილმა გადაწყვეტილება პირადად ჩაიბარა 2011 წლის 29 სექტემბერს, შესაბამისად, სავსებით სწორია საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ სააპელაციო პალატის განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 18 აგვისტო, ხოლო 30-ე დღე _ 28 აგვისტო. კასატორს და/ან მის წარმომადგენელს შეეძლოთ, სააპელაციო სასამართლოში მისულიყვნენ და განჩინების ასლი ჩაებარებინათ 2011 წლის 18 აგვისტოდან 2011 წლის 28 აგვისტომდე. ამ ვადის დარღვევის გამო საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 28 აგვისტოს და დამთავრდა ამავე წლის 28 სექტემბერს, მხარემ კი საკასაციო საჩივარი წარადგინა 2011 წლის 12 ოქტომბერს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქციის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობა იყო. ამ მხრივ საკასაციო პალატა სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მას სხვაგვარად განუმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, რადგანაც საქმეში არსებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილისა და დასაბუთებული განჩინების თანახმად, აღნიშნული არ დასტურდება.
რაც შეეხება განცხადების მე-2 დებულებას _ მოსამართლის შვებულებაში ყოფნის ფაქტს, საკასაციო პალატა ვერც მითითებულს ჩათვლის საქმის წარმოების განახლების საფუძველად შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ მხარის წარმომადგენელმა განჩინების ფოსტის მეშვეობით მისთვის გაგზავნის თხოვნით მიმართა სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, ამავე ვადის დარღვევის ფაქტს ადასტურებს განჩინების ჩაბარების თაობაზე საქმეში არსებული ხელწერილი, ანუ მხარის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტი საქმის მასალებიდან არ გამომდიარეობს. ვერ იქნება გაზიარებული განმცხადბლის ზეპირი განმარტება იმის თაობაზე, რომ ის სექტემბრის დასაწყისში უკავშირდებოდა მოსამართლე ვ.წიკლაურის თანაშემწეს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომლითაც დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, განმცხადებელი თავადვე იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით დაედასტურებინა სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში მიმართვის ფაქტი და ის, რომ მხარეს მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო დასაბუთებული განჩინების ასლი. ამ მხრივ სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილობითი პასუხი მოსამართლე ვ.წიკლაურის შვებულების თაობაზე, რადგანაც მითითებული დოკუმენტი ადასტურებს მხოლოდ მოსამართლს შვებულებაში ყოფნის ფაქტს და არა დასაბუთებული განჩინების მომზადებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის სასამართლოს მიერ დარღვევის ფაქტს. ის გარემოება, რომ მოსამართლე ამ პერიოდში ვერ მოამზადებდა გადაწყვეტილებას, ემყარება მხოლოდ მხარის ვარაუდს და სათანადო მტკიცებულებით არაა გამყარებული, აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო პალატის შინაგან რწმენას მეტად დასაბუთებულს ხდის ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდის (საქმეთა მართვის პროგრამა) მონაცემების თანახმად, გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევა დაფიქსირებული არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე. დასახელებული ნორმისა და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესისი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. განმცხადებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.