Facebook Twitter

ა-130-ა-1-2012 26 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - რ. დ-ე

წარმომადგენელი – მ. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ი

წარმომადგენელი _ ა. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი მოპასუხეების _ ა. ბ-ის, თ. ნ-ისა და შპს «ბ-ის» მიმართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა. ბ-ისა და თ. ნ-ის წარმომადგენელმა ა. ჩ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით ა. ბ-ისა და თ. ნ-ის წარმომადგენელ ა. ჩ-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ის წარმომადგენელმა ა. ჩ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება, ასევე 2011 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2012 წლის 12 იანვარს რ. დ-ის წარმომადგენელმა მ. ე-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა ბ. ტ-ეს, რომელიც ა. ჩ-ის დედის მეზობელი იყო და ამ უკანასკნელმა უზრუნველყო გზავნილის გადაცემა მ. ჩ-ეზე, შესაბამისად, მხარე კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული შესაგებლის წარუდგენლობის შედეგების თაობაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და თვლის, რომ რ. დ-ის წარმომადგენელ მ. ე-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის «ე»-»ვ» ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს, საქმის არსებითი განხივისას, ობიექტურად არ შეეძლო მიეთითებინა ახალ მტკიცებულებებზე ან გარემოებებზე.

განსახილველ შემთხვევაში მხარე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი 2010 წლის 25 ნოემბერს ჩაიბარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის დედის მეზობელმა – ბ. ტ-ემ, რომელმაც, საბოლოოდ, გზავნილი გადასცა მერი ჩ-ეს (ადვოკატ ა. ჩ-ის დედას). განცხადებას ასევე ერთვის შპს «ს-ს» კურიერისა და ბ. ტ-ის ახსნა-განმარტება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შესაგებლის წარდუგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2011 წლის 24 იანვარსაა გამოტანილი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ – 2011 წლის 30 ივნისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტ რ. დ-ეს განცხადებაში აღნიშნულ გარემოებებზე მთითება და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა შეეძლო ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვისას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ა. ბ-ის საკასაციო საჩივრის განხივლის დროს. შესაბამისად, განცხადებაში მითითებული გარემოებები ახლად აღმოჩენილად ვერ ჩაითვლება და განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 430-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. დ-ის წარმომადგენელ მ. ე-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.