ა-2748-ბ-20-2011 6 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ვ. ხ-ას უფლებამონაცვლე ა. ე-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ბანკი ...» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «ბანკმა ...მ» სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.გ-ის, ი. გ-ისა და ვ. ხ-ას მიმართ და მოითხოვა, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სს «ბანკ ...სა» და ზ.გ-ეს შორის 2007 წლის 11 ივლისს დადებული გენერალური და ამავე წლის 18 ივლისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ზ.გ-ისა და ი. გ-ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ¹... საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 32992.16 აშშ დოლარის, ზ.გ-ისათვის საკრედიტო ბარათის საფუძველზე გაცემული 4147.2 ლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე, ¹2630 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების გადასახდევინებლად ვ. ხ-ას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹26-ში მდებარე 61.93 კვ.მ ფართის ¹10 საცხოვრებელი ბინის აუქციონზე იძულებით რეალიზაცია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს «საქართველოს ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს «ბანკ ...სა» და ზ.გ-ეს შორის 2007 წლის 11 ივლისს დადებული გენერალური და იმავე წლის 18 ივლისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები. მოპასუხე ზ.გ-ესა და ი. გ-ეს სს «ბანკ ...ს» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 32992,16 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1921,03 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 3080,53 ლარის გადახდა. დადგინდა თანხის გადახდევინება იპოთეკით დატვირთული, ვ. ხ-ას საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, გ-ის ქ¹26-ში მდებარე ¹10 საცხოვრებელი ბინის (ფართი – 61,93) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის გამო, ამავე სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინებით კი, ვ. ხ-ას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამარლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით ვ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით ვ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2011 წლის 15 ივლისს ა. ე-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ ვ. ხ-ა გარდაიცვალა 2011 წლის 13 ივნისს, სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე, განმცხადებელი არის ვ.ხ-ას ერთ-ერთი სავარაუდო მემკვიდრე _ დედის ძმა. საკასაციო პალატის განჩინების ჩაბარებამდე ვ.ხ-ას სავარაუდო მემკვიდრეებისათვის უცნობი იყო დავის არსებობის თაობაზე. განმცხადებელმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე და მოითხოვა მითითებული საფუძვლით საკასაციო პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, ხოლო 2011 წლის 2 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს გადმოეცა ა.ე-ის განცხადება და ნოტარიუს ლ. ჭ-ას მიერ 2011 წლის 29 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ასლი, რომლის თანახმადაც ვ. ხ-ას სამკვიდრო ქონება მიიღო მისი IV რიგის მემკვიდრე ა.ე-მა. აღნიშნულის საფუძველზე განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ა. ე-ი ცნობილ იქნა ვ. ხ-ას უფლებამონაცვლედ, ხოლო ამავე პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ვ.ხ-ას უფლებამონაცვლე ა.ე-ის განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და ვ. ხ-ას უფლებამონაცვლე ა. ე-ის განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
დასახელებული ნორმებით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის კანონიერ ინტერესსაც მართლმსაჯულების აქტი შეეხება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე და არ მიეცა მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა იზიარებს ვ. ხ-ას უფლებამონაცვლე ა. ე-ის მოსაზრებას, რომ არსებობს საკასაციო პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგანაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ვ. ხ-ას გარდაცვალების მოწმობის თანახმად, კასატორი გარდაიცვალა 2011 წლის 27 მაისს, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება კი გამოტანილია 2011 წლის 13 ივნისს, მხარის გარდაცვალების შემდეგ. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, დადასტურებულია ვ. ხ-ას სამკვიდრო მიიღო მისი IV რიგის მემკვიდრემ _ ა. ე-მა. ამდენად, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა რა ვალდებულების შესრულება მემკვიდრე ა.ე-ის მიერ მიღებული უზრუნველყოფის საგნით _ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებით, გადაწყვეტილება შეეხო ა.ე-ის უფლებას, რაც სავალდებულოს ხდის მის საქმეში ჩაბმას, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო პალატისათვის ობიექტურად იყო უცნობი მხარის გარდაცვალების ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს განჩინების ბათილად ცნობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ვ. ხ-ას უფლებამონაცვლე ა. ე-ის განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ.ხ-ას უფლებამონაცვლე ა.ე-ის განცხადება საკასაციო პალატის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება უნდა განახლდეს საქმეში არსებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სატადიიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ხ-ას უფლებამონაცვლე ა. ე-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმის წარმოება განახლდეს ვ. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან. საკასაციო საჩივრის დასასვებობის საკითხი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით.