Facebook Twitter

ა-3018-შ-46-2011 6 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ თ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს _ პფაფენჰოფენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პფაფენჰოფენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით 2006 წლის 31 მარტს საქართველოს ქ.დუშეთის მმაჩის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება ¹... მეუღლეებს შორის შეწყდა, გადაწყვეტილებით არ მომხდარა თანასაკუთრების გაყოფა, ხოლო პროცესის ხარჯების დაფარვა მხარეებს დაეკისრათ ერთმანეთის საპირისპიროდ.

თ. ბ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა პფაფენჰოფენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს მოქალაქე თ. ბ-ის პასპორტისა და ქორწინების მოწმობის ასლი, საადვოკატო ბიურო «დ. & კოლეგების» დასკვნა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების აუცილებლობის თაობაზე, ბინადრობის მოწმობა, რომლის თანახმადაც შუამდგომლობის ავტორი სარეგისტრაციო მონაცებით განქორწინებულია, ასევე წარმოადგინა პფაფენჰოფენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილება და მისი ქართულენოვანი თარგმანი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად თვლის სასამართლო სხდომის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირების ფაქტს, ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაშია შესული 2011 წლის 16 ივნისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით თ. ბ-ის შუამდგომლობა პფაფენჰოფენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ბ-ის შუამდგომლობა პფაფენჰოფენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად თვლის სასამართლო სხდომის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირების ფაქტს, ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაშია შესული 2011 წლის 16 ივნისიდან.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, პფაფენჰოფენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ბ-ის შუამდგომლობა პფაფენჰოფენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას პფაფენჰოფენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა საქართველოს ქ.დუშეთის მმაჩის სამსახურში რეგისტრირებული ¹... ქორწინება თ. ბ-სა და ხ. ბ-ს შორის.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.