Facebook Twitter

ა-4484-შ-73-2011 5 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ლ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ნ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ისა და ლ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სასამართლომ გამოაცხადა მხარეთა შორის განქორწინება, რომლებიც დაქორწინდნენ 1997 წლის 14 თებარვალს საქართველოში, ქ.თბილისში და შემდგომში 1997 წლის 30 ნოემბერს კუნძულ კოსის სოფელ კ-ას ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი მართლმადიდებლური წესით. მხარეთა მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2007 წლის 29 ოქტომბერს.

ლ. მ-მა (ნ-ი) შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ვ. ნ-ის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა იმის თაობაზე, რომ საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ლ. მ-მა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული განქორწინების აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ლ. მ-ის (ნ-ი) შუამდგომლობა საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. მ-ის (ნ-ი) შუამდგომლობა საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება მხარეთა მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო, კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 29 ოქტომბერს.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება მოცემული შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგზე:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის უნდა ერთვოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და მის აღსრულება სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა სავალდებულო მხარისათვის სასამართლო წესით მინიჭებული უფლებისა თუ სამართლებრივი სიკეთის რეალიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი განქორწინების აქტით უდავოდ დასტურდება რა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით აღსრულების სავალდებულობა არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის (ნ-ი) შუამდგომლობა საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 1997 წლის 14 თებერვალს ქ.თბილისში ლ. მ-სა და ვ. ნ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. ლ. მ-ის (ნ-ი) შუამდგომლობა საბერძნეთის კოსის I ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.