Facebook Twitter

ას-1756-1737-2011 10 იანვარი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ შპს «...ნავსადგური»

მოწინააღმდეგე მხარეები _ შპს «... ქარხანა»;

შპს «ჯ. შ-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საჩივრის დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «...ნავსადგურის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს _ შპს «... ქარხანას» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 171358.09 ლარის გადახდა; სარჩელი არ დაკმაყოფილდა მეორე მოპასუხის _ შპს «ჯ. შ-ის» მიმართ. ამავე გადაწყვეტილებით შპს «... ქარხანას» შპს «...ნავსადგურის» სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ამავდროულად, მოსარჩელეს დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში (ტომი I, ს.ფ. 257-267).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...ნავსადგურმა», რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შპს «ჯ. შ-ის» მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 273-283).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივარი შეიტანა აგრეთვე შპს «...მა ქარხანამ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი III, ს.ფ. 9-19).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით შპს «...ნავსადგურის» და შპს «... ქარხნის» სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე შპს «...ნავსადგურის» სარჩელისა გამო შპს «... ქარხნისა» და შპს «ჯ. შ-ის» მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, აგრეთვე, თანხის დაკისრების შესახებ, ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი III, ს.ფ. 100-117).

2011 წლის 27 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს «...ნავსადგურმა», რომელმაც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, შპს «... ქარხნისათვის» ქ.ბათუმში, მ. ქუჩის ¹1-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

განმცხადებლის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის 1 ივლისს გამართული აუქციონის შედეგად გასხვისებულ იქნა შპს «... ქარხნის» ქონება, რომელიც შეიძინა შპს «ჯ. შ-მა». ეს ქონება მოიცავდა იმ ტერიტორიასაც, რომელზეც განთავსებული იყო ნავსადგურის კუთვნილი გემხარიხა, თუმცა სადავო გემხარიხა არ ყოფილა შეტანილი ქონების პრივატიზების ნუსხაში. აღნიშნული დასტურდებოდა აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 10 მაისის ¹01-22/1855 წერილით. მართალია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განჩინების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა შპს «ჯ. შ-ისათვის» მის საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, მ. ქუჩის ¹1-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვა, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმში, მ. ქუჩის ¹1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე გაუქმდა შპს «ჯ. შ-ის» საკუთრების უფლება, ასევე გაუქმდა უძრავ ნივთზე უზრუნველყოფის ღონისძიებაც და ის უძრავი ქონება, რომელზეც რეგისტრირებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება, გადავიდა შპს «... ქარხნის» საკუთრებაში. აღნიშნული დროისათვის, შპს «... ქარხნის» საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღა/აკრძალვა რეგისტრირებული არ იყო.

განმცხადებლის მოსაზრებით, რამდენადაც, შპს «... ქარხანა» მოცემულ დავაში წარმოადგენდა თანამოპასუხეს, რომლის მიმართაც ნავსადგურს მოთხოვნილი ჰქონდა სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრება შპს «ჯ. შ-თან» ერთად, ამასთან, ისეთ ვითარებაში, როდესაც შპს «ჯ. შ-ის» მიმართ გაუქმდა უზრუნველყოფის ღონისძიება, ასეთი ღონისძიების გამოყენება აუცილებელი იყო მეორე მოპასუხის _ შპს «... ქარხნის» ქონებაზე. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ არსებობდა საფრთხე იმისა, რომ მოპასუხეებს მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების თავიდან აცილების მიზნით შესაძლო იყო მოეხდინათ მათ საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია, რაც ხელს შეუშლიდა შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას (ტომი III, ს.ფ. 120-122).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს «...ნავსადგურის» განცხადება დამაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს «... ქარხნას» აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ.ბათუმში, მ. ქუჩის ¹1-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება, ასევე ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვა (ტომი III, ს.ფ. 129-136).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს «... ქარხანამ», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ტომი III, ს.ფ. 146-150).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შპს «... ქარხნის» საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება და ამ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, გაუქმდა შპს «... ქარხნის» მიმართ აკრძალვა მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ.ბათუმში, მ. ქუჩის ¹1-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებისა და ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვის თაობაზე, შპს «...ნავსადგურის» განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

საქმის მასალებით დადგინდა, რომ შპს «... ქარხნის» სააუქციონო კომისიამ, 2009 წლის 1 ივლისს მოწყობილ აუქციონზე გაასხვისა შპს «... ქარხნის» კუთვნილი ქონება, რაც 2650000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების გადახდის სანაცვლოდ გადავიდა შპს «ჯ. შ-ის» საკუთრებაში;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 14 სექტემბრის წერილითა და 13 სექტემბრის ¹...გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს ¹2/816 გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ქ.ბათუმში, მ. ქუჩის ¹1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე შპს «ჯ. შ-ის» საკუთრებაში გადასვლის საფუძველი და აღნიშნული უძრავი ქონება კვლავ შპს «... ქარხნის» საკუთრებად აღირიცხა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიინევს, მაშინ ის აკმაყოფილებს საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

იმის გათვალისწინებით, რომ გაუქმდა შპს «ჯ. შ-ის» საკუთრების საფუძველი და იმ ქონების დიდი ნაწილი, რომლისთვისაც გადახდილ იქნა 2650000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დაუბრუნდა შპს «გემთსაშენ ქარხანას», სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 171358.09 ლარის ანაზღაურების შესახებ შპს «...ნავსადგურის» სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გართულდებოდა და შეუძლებელი არ გახდებოდა სავარაუდო სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ასეთ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეუწონელი იყო (ტომი III, ს.ფ. 168-175).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს «...ნავსადგურმა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ შპს «...ნავსადგურის» სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი ვერ იქნებოდა. მოსარჩელემ უზრუნველყოფის ღონისძიების ის სახე შეარჩია, რომლითაც მოპასუხეს თავის საქმიანობაში მაქსიმალურად არ შეეშლებოდა ხელი, ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მან მოითხოვა იმ ნივთებიდან, რომლებიც მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება. უზრუნველყოფის სახით უფრო დაბალი ღირებულების ნივთების შერჩევა ვერ მოხერხდა, რადგან შპს «... ქარხანას» სამი თითქმის ერთი და იგივე ღირებულების მქონე ნაკვეთის გარდა, საკუთრებაში არ გააჩნია სხვა ქონება (ტომი III, ს.ფ. 182-183).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შპს «...ნავსადგურის» საჩივარი ამავე სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა (ტომი III, ს.ფ. 188-190).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...ნავსადგურის» საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს «... ქარხნას» აკრძალული ჰქნდა მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქ.ბათუმში, მ. ქუჩის ¹1-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვა, შპს «...ნავსადგურის» განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მიხედვით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის მომთხოვნი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს საშიშროება, რომ მოპასუხე გაასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რაც სამომავლოდ შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელთა წარმოდგენის ვალდებულებაც მას ეკისრებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში არ ქმნის იმის რეალურ საშიშროებას, რომ მოპასუხე ამ ქონებას აუცილებლად გაასხვისებს და ამით საფრთხე შეექმნება გადაწყვეტილების აღსრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...ნავსადგურის» საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.