Facebook Twitter

ას-35-35-2012 20 იანვარი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სააღსრულებო წარმოების შეჩერება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ის მიმართ 4500 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილდა, დ. კ-ს ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4500 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც დ. კ-ს ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3525 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ა.ნ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ საქმეზე 2011 წლის 4 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ა.ნ-ის მოთხოვნის საფუძველზე.

სააპელაციო პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე 2011 წლის 22 ივლისს საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე დ. კ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ასევე დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველად.

2011 წლის 2 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა დ. კ-მა და მოითხოვა სააპელაციო პალატის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედებისა და სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება შემდეგი დასაბუთებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2011 წლის 4 ნოემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო ფურცლის გაცემა და წარმოების დაწყება მოხდა შეცდომით, რადგან გადაწყვეტილება რის საფუძველზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინებით დ. კ-ის შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლით და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 12 დეკემბერს, რის გამოც იგი ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ექვემდებარება აღსრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აღსრულების შეჩერების შესახებ მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ.

სააპელაციო პალატის განჩინეაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. კ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააღსრულებო წარმოების შეჩერება შემდეგი დასაბუთებით:

2011 წლის 4 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ამავე პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომელიც კანონიერ ძალაში ჯერ კიდევ არ იყო შესული, აღნიშნულით დაირღვა კანონი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით დ. კ-ი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული. საქმეში წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლის ასლის თანახმად, სააპელაციო პალატის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე 2011 წლის 4 ნოემბრს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დ. კ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა 2011 წლის 22 ივლისს და საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოცემული საკასაციო საჩივარი ასევე დაუშვებლად იქნა მიჩნეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

ამდენად, სააპელაცციო სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა სწორედ 2011 წლის 12 დეკემბერს თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ 2011 წლის 4 ნოემბერს სააღსრულებო ფურცლის გაცემით სააპელაციო პალატამ დაარღვია კანონი, კერძოდ, სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო შესული კანონიერ ძალაში, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუმცა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების შეჩერების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში ვერ გახდება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება სასამართლო აქტის აღსრულების სახეა, რომელიც დაიშვება მხოლოდ ამ აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რაც თავისთავად გამორიცხავს შემდგომში გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის შეცვლას. ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა, აღსრულებაუნარიანია, მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მიანიშნებს სამართლებრივი მართლწესრიგის სტაბილურობაზე და მხარის უფლებაზე, უსაფუძვლოდ არ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, რომლის შესრულებისგანაც შესაძლოა გათავისუფლდეს გადაწყვეტილების ზემდგომი სასამართლო მიერ შეცვლის შემთხვევაში. კანონმდებლის ზემოაღნიშნული პოლიტიკა გამომდინარეობს მხარისათვის შესაძლო ზიანის თავიდან არიდებისაგან.

საქმის მასალებით არ დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სააღსრულებო ფურცლის კანონდარღვევით გაცემის გამო, მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძველია, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, შესულია კანონიერ ძალაში 2011 წლის 12 დეკემბრიდან, ანუ ამ დროიდან აცილებულია ის დარღვევა, რაც გაოწვეული იყო სააღსრულებო ფურცლის გაცემით.

რაც შეეხება დ. კ-ის მოთხოვნას გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაბაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არც ამ მოთხოვნის ნაწილშია საფუძვლიანი დ.კ-ის კერძო საჩივარი, რადგანაც, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; ბ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას – მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; ე) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით სარჩელის/განცხადების წარდგენისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

იმის გათვალისწინებით, რომ დ. კ-ს არ წარმოუდგენია სააღსრულებო წარმოების შეჩერების ნაწილში კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, არამედ მიუთითა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს დაშვებულ შეცდომაზე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი აღნიშნული საფუძვლიანად მიიჩნიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. კ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ პირობებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.