საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №239აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი
ნ-ე დ., №239აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ მთვარისა შველიძისა და მსჯავრდებულ დ. ნ-ის ადვოკატის, ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ნ-ეს - ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.2. დ. ნ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 8 მაისს, ღამის საათებში, დ. ნ-ემ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უკანონოდ შეაღწია რ--–ი, ე. მდებარე, დ. ვ-ისა და მ. ჯ-ის საცხოვრებელ სახლში. რამდენიმე საათის განმავლობაში, დაელოდა დ. ვ-ის მიერ სახლის დატოვებას და, დაახლოებით, 08:30 საათზე, უკანონოდ დაეუფლა ბინაში არსებულ, 52 ლარის ღირებულების სამკაულებს, ასევე, თავს დაესხა საძინებელ ოთახში მყოფ მ. ჯ-ს, რომელსაც მისი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, „ეკოლის“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მოსთხოვა ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის გადაცემა. დ. ნ-ე შეეცადა მ. ჯ-ისთვის ხელების შებორკვას, ასევე, სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა თანნაქონი იარაღი, თუმცა დაზარალებულმა მოახერხა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რის შემდეგაც, დ. ნ-ემ დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. დ. ნ-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, მ. ჯ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მიიღო მორალური და ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, დ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 9 მაისიდან.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლელა ჭეშმარიტაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. ნ-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატმა, ლ. ჯ-ამ – სასჯელის შემსუბუქება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობითად ჩათვლა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
3.2.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი – მთვარისა შველიძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. ნ-ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: დანიშნული სასჯელის ზომა მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან შეუსაბამოა (მსჯავრდებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გეგმავდა დანაშაულს, რა დროსაც შეისწავლა დაზარალებულის ოჯახის წევრების გრაფიკი, მათი სახლიდან გასვლის პერიოდი, საცხოვრებელი ადგილი და მიმდებარე ტერიტორია); სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენა ძალადობით, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებითა და იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით; აღნიშნულმა დანაშაულმა ფსიქოლოგიურად მძიმედ იმოქმედა დაზარალებულსა და მის მცირეწლოვან შვილზე.
3.2.2. ადვოკატი – ლ. ჯ-ა – საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. ნ-ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობითად ჩათვლას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ნასამართლობის არმქონე მსჯავრდებულმა საწყის ეტაპზევე აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და უდავოდ გახადა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; დ. ნ-ეს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა, განიხილა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის – მთვარისა შველიძის – საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ დ. ნ-ის ადვოკატის – ლ. ჯ-ას – საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი მხარეთა მიერ მხოლოდ სასჯელის ნაწილშია გასაჩივრებული. ამდენად, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს დ. ნ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის კანონიერება და სამართლიანობა.
3. ჩადენილი დანაშაულისათვის დ. ნ-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის კანონიერებისა და სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებლად იმოქმედებს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7).
6. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მიხედვით კი, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რის გამოც, მსჯავრდებულისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
7. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც დამნაშავედ იქნა ცნობილი დ. ნ-ე, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე.
8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს, ამ უფლების დარღვევის შემთხვევებზე ჰქონდეს სათანადო რეაგირება, რაც, მათ შორის, დამნაშავისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას მოიაზრებს. მოცემულ შემთხვევაში, დ. ნ-ისთვის დანიშნული სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე მსჯელობისას, სასამართლო საკანონმდებლო მოთხოვნების კვალდაკვალ, შეაფასებს, როგორც მოცემული საქმის გარემოებებს, ისე – მსჯავრდებულის პიროვნებას და თავისი დისკრეციის ფარგლებში, შეარჩევს სასჯელის ისეთ სახესა და ზომას, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
9. საკასაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დ. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას), ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი დანაშაული), ქმედების სახესა და ხერხს (დ. ნ-ე ხმოვანი იარაღის დემონსტრირებით დაესხა თავს დაზარალებულს და დანაშაული ჩაიდინა მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულს და დანაშაულის შემსწრე მის მცირეწლოვან შვილს მიადგათ ფსიქოლოგიური ტრავმა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დ. ნ-ის მტკიცე სურვილს ჩაედინა დანაშაული, რაც გამოიხატა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანაშაულის დაგეგმვასა და დაზარალებულის ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკის შესწავლაში), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (დ. ნ-ე არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (დ. ნ-ემ აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და უდავოდ გახადა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას).
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დამცველის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი თავისუფლების აღკვეთის საშეღავათო მოხდის წესთან მიმართებით, არ არის იმპერატიული, არამედ მოსამართლეს აღჭურავს უფლებამოსილებით, ცალკეულ შემთხვევებში, ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, დამნაშავის მიმართ გამოიყენოს შეღავათი – სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის სახით. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად რიგი შემამსუბუქებელი გარემოებებისა, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების, მოტივის, მიზნის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით, სასამართლო მართებულად არ მიიჩნევს დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას. სასამართლო დ. ნ-ეს შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, დაუნიშნავს მინიმალურ სასჯელს, რაც, დანაშაულის არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, შეადგენს 9 წელს. აღნიშნულ ვადაზე ნაკლები ხანგრძლივობის სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში, უგულებელყოფილი იქნება კანონის მოთხოვნები.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის – მთვარისა შველიძის – საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ დ. ნ-ის ადვოკატის – ლ. ჯ-ას – საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის – მთვარისა შველიძის – საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ დ. ნ-ის ადვოკატის – ლ. ჯ-ას – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის განაჩენი;
4. დ. ნ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
5. დ. ნ-ეს სასჯელის ვადა აეთვალოს 2024 წლის 9 მაისიდან;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. ნ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
7. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ანაწმენდები, სუნის ნიმუშები, სუნის კვლები, ნერწყვის ნიმუშები, ანაბეჭდები, ხამუთები, ნაჭრის ხელთათმანი, ტყავის ხელთათმანი, სახრახსნისი, სახსრების დამცავიანი ხელთათმანი, სამი ცალი ნიღაბი – განადგურდეს;
· 50 ცალი ვაზნა, „ეკოლის" მოდელის ხმოვანი პისტოლეტი, ერთი მჭიდით და 7 ცალი ვაზნით – გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს;
· „აიფონის" ფირმის მობილური ტელეფონი, შარვალი, კეპი, მაისური, საწვიმარი, მოსასხამის შალითა, ციფრული მაჯის საათი, მაჯის საათი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი ყელსაბამები, დანა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საბნის კონვერტი, ხის ტანსაცმლის საკიდი, ხელჩანთა და მასში მოთავსებული ნივთები – დაუბრუნდეს მათ მფლობელებს/მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე