Facebook Twitter

ას-1057-1087-2011 3 იანვარი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. მ-ი

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. მ-მა სარჩელი აღძრა სასარმართლოში გ. და ზ. მ-ების მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: მოსარცელის განმარტებით, დაბადებულია და რეგისტრირებულია საჩხერის რაიონის სოფელ კ-ში. პირად საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, რომელიც აგებულია 1991 წელს და განლაგებულია 2088 მ2 მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხულია მის სახელზე. 2003 წლამდე იგი იმყოფებოდა კერძო სამუშაოებზე, რის გამოც მისი ცოლ-შვილი საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ქ-ში მშობლების საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდგომ, არც მშობლებმა და არც ძმამ არ მისცეს საშუალება დაბრუნებულიყო თავის საცხოვრებელ სახლში _ საჩხერის რაიონის სოფელ კ-ში. მოსარჩელის მითითებით, მისსავე ეზოში დგას ხის სახლი, სადაც ცხოვრობდნენ გ. და ზ. მ-ები ოჯახებთან ერთად და აღნიშნულ სახლზე მას პრეტენზია არ გააჩნია, იგი დავობს თავის საკუთრებაში არსებულ სახლზე, რომელსაც მოპასუხეები უკანონოდ დაეუფლნენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. მ-მა მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად უკანონოდ დაკავებული, თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან.

მოპასუხეებმა: გ. და ზ. მ-ებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ისინი თავიანთ ოჯახებთან ერთად სადავო სახლში ცხოვრობენ, მოსარჩელე ჯ. მ-ი კი, მათ გამოეყოთ, რის სანაცვლოდაც მისცეს ქონება, რომელიც მან გაანადგურა. მოპასუხეთა განმარტებით, ჯ. მ-ს სოფელ კ-ში არ უცხოვრია 1980 წლიდან და იგი თავის ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა სოფელ ქ-ში, ამასთან, მოპასუხეების აზრით, მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო სახლზე არაკანონიერი გზით აქვს მოპოვებული.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი გ. და ზ. მ-ების მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს: გ. და ზ. მ-ებს მათთან მცხოვრებ სხვა პირებთან ერთად დაევალათ უკანონო მფლობელობიდან ჯ. მ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლება (მდებარე საჩხერის რაიონის სოფელ კ-ში_უძრავი ქონების მახასიათებლებია ზონა საჩხერე ... სექტორი კ-ი ... კვარტალი 31 ნაკვეთი 007 შენობა_ნაგებობები საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 72 კვადრატული მეტრი, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო სამეურნეო დაუზუსტებლი ფართობია 2088 მ2); გ. და ზ. მ-ები გამოსახლებულნი იქნენ მათთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად საჩხერის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე ჯ. მ-ის საკუთრებაში არსებული აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ზ. მ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტლების მიღებით საქმის წარმოების შეწყვეტა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინებით გ. და ზ. მ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ჯ. მ-ი და მოპასუხე გ. მ-ი არიან მოპასუხე ზ. მ-ის შვილები; ამჟამად მოპასუხეები თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ სადაო საცხოვრებელ სახლში საჩხერის რაიონის სოფელ კ-ში.

მოსარჩელე და მოპასუხეები რეგისტრირებულნი არიან საჩხერის რაიონის სოფელ კ-ში;

სადავო საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საჩხერის რაიონის სოფელ კ-ში და ამჟამად აღრიცხულია საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე;

მოსარჩელის ოჯახი და მოპასუხეთა ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და შეფასება აქვთ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლები.

გ. და ზ. მ-ები ირიცხებიან ერთ კომლში და კომლი შედგება ხუთი წევრისაგან. მხარეებს არაერთხელ ჰქონდათ მცდელობა მორიგებულიყვნენ აღნიშნულ დავაზე, მაგრამ უშედეგოდ.

ჯ. მ-ს გამოსახლებაზე შეტანილი ჰქონდა განცხადება შ.ს.ს საჩხერის პოლიციის სამმართველოში მოპასუხეთა და მათი ოჯახის წევრების სადაო სახლიდან გამოსახლებაზე. მის განცხადებაზე პასუხი შემოიფარგლა მხოლოდ მითითებით სამოქალაქო წესით დავის თაობაზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა 2007 წლის 05 სექტემბერს რეგისტრაციაში გაატარა საკუთრების უფლებით და აღრიცხა მოპასუხე ჯ. მ-ის სახელზე სოფელ კ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 72მ2, საცხოვრებელი ფართი 52,8მ2, დამხმარე ფართობი 23,2მ2, განცხადება აღნიშნული პროცედურის თაობაზე ჯ. მ-ის მიერ შეტანილი იქნა 2007 წლის 05 სექტემბერს. მოცემული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, სადაც ამჟამად განთავსებული არიან მოპასუხეები თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით მითითებული უძრავი ქონების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა იხელმძღვანელა: მიწის ნაკვეთის მიღება_ჩაბარების აქტით ¹... 26:04:97 წ. საცხოვრებელი სახლის პროექტით, ექსპლუატაციაში მიღების აქტით და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით ¹225 შესაბამისად. სარეგისტრაციო სამსახურში ასევე წარდგენილ იქნა აზომვითი ნახაზი, რაც დასტურდება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საკადასტრო გეგმით. 1997 წლის 26 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება_ჩაბარების ¹... აქტით დადგენილია, რომ ჯ. მ-მა მიწის რეფორმით გათვალისწინებული წესით მიიღო საჩხერის რაიონის სოფელ კ-ში რეფორმამდე მის მფლობელობაში არსებული ეზო გარემო 2100 ჰა და ვენახი დიდვენახში 0,05 ჰა, ასევე დამატებით მიიღო მიწის ნაკვეთები სულ ოთხი ნაკვეთი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება, რომ 1986-96 წლების საკომლო აღრიცხვის წიგნებიდან ჯ. მ-ი ნამდვილად ირიცხება სოფელ კ-ის საკრებულოში, როგორც ოჯახის უფროსი, კომლში სხვა პირი არ არის აღრიცხული, აწერია მიწის ნაკვეთი 0,2 ჰა, საცხოვრებელი სახლი და ბოსელი. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ასევე ის ფაქტი, რომ ჯ. მ-ის სახელზე გაიცა პროექტი და სადავო საცხოვრებელი სახლი აშენდა მოცემული პროექტის შესაბამისად.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. და გ. მ-ების კომლის სახელზე 1991 წელს დამუშავებული იქნა მუშა პროექტი, რომლის საფუძველზეც, უნდა აშენებულიყო მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ადგილზე ახალი საცხოვრებელი სახლი. მოცემული პროექტით განსაზღვრულია სხვა კონსტრუქციის სახლის აშენება, ვიდრე ჯ. მ-ის სახელზე გაცემული პროექტით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ზ. მ-ის ოჯახის სახელზე საჯარო რეესტრში საჩხერის რაიონის სოფელ კ-ში ცალკე რეგისტრირებულია სხვადასხვა მიწის ნაკვეთი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის მდგომარეობით სადავო საცხოვრებელი სახლი, სადაც ამჟამად განთავსებულები არიან მოპასუხეთა ოჯახები, აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. აღნიშნული უძრავი ქონების მახასიათებლებია ზონა საჩხერე ... სექტორი კ-ი ... კვარტალი 31 ნაკვეთი 007 შენობა_ნაგებობები საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 72 კვადრატული მეტრი. ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო სამეურნეო დაუზუსტებლი ფართობია 2088 მ2.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. მ-ს ხის სახლზე, რომელიც განლაგებულია მის საკუთრებაში არსებულ სახლის გვერდით, არავითარი პრეტენზია არ გააჩნია, რადგან აღნიშნული სახლის უკანონო მფლობელობიდან განთავისუფლებაზე სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველზე, პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დამატებით, სამოქალაქო კოდექსის 147-ე და 170-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების მოქმედებით ილახებოდა მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის ინტერესები, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ მითვისებული იყო საცხოვრებელი სახლი, სადაც ისინი ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლზე მითითებით, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ სწორად იქნა მოთხოვნილი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დგინდებოდა, რომ აპელანტები თავინთ ოჯახთან ერთად ჯ. მ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს უკანონოდ ფლობდნენ. ამასთან, ჯ. მ-ის სახელზეა აღრიცხული სადაო საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში და, შესაბამისად, იგი არის მესაკუთრე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მას ჰქონდა მოთხოვნის უფლება მისი საკუთრების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ჯ. მ-ის სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. კერძოდ, მოპასუხეებს _ გ. და ზ. მ-ებს მათთან მცხოვრებ სხვა პირებთან ერთად უნდა გაენთავისუფლებინათ უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და მოპასუხეები, მათთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად, უნდა გამოსახლებულიყვნენ ჯ. მ-ის საკუთრებაში არსებული აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია მასზე, რომ სასამართლოს სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო, რადგან ასეთ სარჩელზე ერთხელ სასამართლოს ნამსჯელი ჰქონდა და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია და განმარტა, რომ აპელანტების მიერ დასახელებული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სასამართლომ იმსჯელა ჯ. მ-ის ხის სახლზე, რომელიც განლაგებულია მის საკუთრებაში არსებულ სახლის გვერდით, და მასზე ჯ. მ-ს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია, რადგან აღნიშნული სახლის უკანონო მფლობელობიდან განთავისუფლებაზე სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ხოლო მოცემული დავა სხვა საგანზეა. ამდენად, ვინაიდან დავის საგანი განსხვავებულია, შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ უნდა მომხდარიყო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გ. და ზ. მ-ების სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ზ. მ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ჯ. მ-ს იგივე მოთხოვნა ჰქონდა დაყენებული, რაზეც საჩხერის რაიონულმა სასამართლო უარი უთხრა და, შესაბამისად, სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ოქტო,ბრის განჩინებით ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს თანმხლები პირების გამოსახლების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელ მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის (მახასიათებლები: ზონა საჩხერე ... სექტორი კ-ი ... კვარტალი 31 ნაკვეთი 007 შენობა_ნაგებობები საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 72 კვადრატული მეტრი. ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო სამეურნეო დაუზუსტებლი ფართობია 2088 მ2.) მესაკუთრეა მოსარჩელე ჯ. მ-ი, ხოლო მოპასუხეები: გ. და ზ. მ-ები, ოჯახებთან ერთად უკანონოდ ფლობენ მას.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამ ეტაპისათვის დადგენილი არ არის რეესტრის ჩანაწერის სიმცდარე, აქედან გამომდინარე, ჯ. მ-ი სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა და მას უფლება აქვს მოითხოვოს მის საკუთრებაზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებს მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება გ. და ზ. მ-ების გამოსახლების ნაწილში საფუძვლიანი იყო.

რაც შეეხება თანმხლები პირების გამოსახლებას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება თანმხლები პირების გამოსახლებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ასევე «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის» მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც გარანტირებულია სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენება.

განსახილველ შემთხვევაში, გ. და ზ. მ-ების ოჯახის წევრები მოწვეულნი არ ყოფილან საქმის განხილვაზე და მათ არ მისცემიათ საშუალება დაეცვათ თავისი კანონიერი ინტერესები, რითაც დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლება პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ჯ. მ-ის სარჩელი, მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან გ. და ზ. მ-ების თანმხლების პირების გამოსახლების ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლისა სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხეები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ამდენად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინება თანმხლები პირების გამოსახლების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

ჯ. მ-ის სარჩელი თანმხლები პირების გამოსახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.