ას-1136-1162-2011 16 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბერის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ქ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს თავისი ბაბუის _ ვ. ქ-ისა და მისი მეუღლე პ. ს-ის ფაქტობრივი განქორწინების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, რაც ე. ქ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ე. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ქ-ის განცხადებას უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2010 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე ვ. ქ-მა შეიტანა განცხადება და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებით ვ. ქ-ის განცხადება დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ქ-მა შეიტანა კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბერის განჩინებით ვ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
ვ. ქ-მა კერძო საჩივრით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ საქმის განხილვის შედეგს არ ეთანხმება, ვინაიდან მხარის კანონიერი უფლებების უგულებელყოფით არ იქნა გაზიარებული მის მიერ ხსენებული ახლად აღმოჩენილი გარემოებები და საქმის წარმოება უკანონოდ არ განახლდა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებაზე შეტანილი მისი კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო 2011 წლის 14 სექტემბერს, ხოლო არსებითად განიხილა 9 სექტემბერს. აღნიშნულით სასამართლო ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მხარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად დადგენილ შემთხვევებში.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ განიხილა ვ. ქ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებაზე და 2011 წლის 9 სექტემბერის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი. აღნიშნულზე კი მხარემ კვლავ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, ვ. ქ-მა კერძო საჩივარი შეიტანა განჩინებაზე, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებაზე შეტანილი მისი კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო 2011 წლის 14 სექტემბერს, ხოლო არსებითად განიხილა 9 სექტემბერს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს უსწორობას, რომელიც უნდა გასწორდეს, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე.
ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია არსებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ¹ას-1136-1162-2011 განჩინების თარიღში _ «9 სექტემბერი, 2011 წელი» დაშვებულ იქნა უსწორობა, რომელიც უნდა გასწორდეს «19 სექტემბერი, 2011 წელით».
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ქ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ¹ას-1136-1162-2011 განჩინების თარიღი _ «9 სექტემბერი, 2011 წელი» გასწორდეს თარიღით _ «19 სექტემბერი, 2011 წელი».
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.