ას-1283-1303-2011 5 იანვარი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: Pპაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «მ. თ-ის» წარმომადგენლობა საქართველოში
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გაჩინების გაუქმებადა ახალიგადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება (სარჩელში), შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ «საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის» სარჩელი დაკმაყოფილდა:
შპს «მ-ას» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1031850 ლარის გადახდა;
მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ 275-285).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «მ. თ-ის» წარმომადგენლობამ საქართველოში, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების, ხოლო ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 287-297).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს «მ. თ-ის» საქართველოში წარმომადგენლობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით შპს «მ. თ-ის» საქართველოში წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2011 წლის 28 დეკემბერს შპს «მ. თ-ის» წარმომადგენელმა დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «მ. თ-ის» დაზუსტებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს და განმარტავს, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შერულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ძირითად საკასაციო საჩივარზე წარმოების დასრულების შემდეგ. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით შპს «მ. თ-ის» საქართველოში წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო დაზუსტებული საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იქნა 2011 წლის 28 დეკემბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა საქმეზე საკასაციო წარმოების დასრულების შემდეგ, ამიტომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «მ. თ-ის» საქართველოში წარმომადგენლობის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.