ას-1667-1655-2011 10 იანვარი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ-ი»
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ა.ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.
2011 წლის 4 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა.ღ-მა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 25 აგვისტოს განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განხლება.
2011 წლის 1 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული განცხადება დარჩა განუხილველი.
2011 წლის 26 სექტემბერს ა.ღ-მა კერძო საჩივარი წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის განჩინებაზე.
უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით წარმოდგენილ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რადგან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ა.ღ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ კერძო საჩივრისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის – 50 ლარის გადახდის ვალდებულება კერძო საჩივრის ავტორს აკისრია იმ შემთხვევაში თუ სარჩელში მითითებული დავის საგანი არ ექვემდებარება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონით მე-5 მუხლის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც არ აკისრებს ა.ღ-ს ხარვეზის განჩინებაში მითითებული კერძო საჩივრისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის ვალდებულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ა. ღ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მის მიერ კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2011 წლის 18 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 19 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 21 დეკემბერს.
კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში წარმოადგინა განცახდება, თუმცა სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი არ შეუვსია. წარმოდგენილ განცხადებაში ა. ღ-ი გამოთქვამს მხოლოდ მოსაზრებას სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრებასთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება მოსარჩელე _ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე, როგორსაც განმცხადებლის მიერ აღძრული სარჩელი, მისი არსის გათვალისწინებით, არ განეკუთვნება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.