¹ა-3409-შ-62-2011 16 იანვარი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბ. ალავიძე, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ზ. ფ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-კი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის ოსნაბრუკის სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოსნაბრუკის საუბნო სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ფ-შვილისა და ლ. გ-კს შორის შეწყდა არნსბერგის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 2006 წლის 27 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება.
ზ. ფ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ოსნაბრუკის საუბნო სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ ოსნაბრუკის საუბნო სასამართლოს 2011 წლის 1-ლი სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 7 სექტემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ზ. ფ-შვილის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ოსნაბრუკის საუბნო სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობის დადასტურება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, ზ. ფ-შვილის შუამდგომლობის საფუძველზე მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა ათი დღით. 2011 წლის 28 დეკემბერს ზ. ფ-შვილის წარმომადგენელმა ნ. შ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა შუამდგომლობაზე აღსრულების ნაწილში, რადგან გადაწყვეტილება აღსრულებულია. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ზ. ფ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ოსნაბრუკის საუბნო სასამართლოს 2011 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ოსნაბრუკის საუბნო სასამართლოს 2011 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ფ-შვილსა და ლ. გ-კს შორის შეწყდა ქორწინება. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით _ არნსბერგის მმაჩის ბიუროს მიერ ქორწინების რეესტრის სახით წარმოებული საოჯახო წიგნით დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია. საქმეში ასევე წარმოდგენილია ლ. გ-კის ახსნა-განმარტება, საიდანაც ირკვევა, რომ გერმანიის ოსნაბრუკის საუბნო სასამართლოს 2011 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, გერმანიის ოსნაბრუკის საუბნო სასამართლოს 2011 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ფ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის ოსნაბრუკის საუბნო სასამართლოს 2011 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ოსნაბრუკის საუბნო სასამართლოს 2011 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ფ-შვილსა და ლ. გ-კს შორის შეწყდა ქორწინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.