საქმე # 030100124009885434
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №286აპ-25 ქ. თბილისი
ბ–ა ნ., 286აპ-25 23 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 იანვრის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის – ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ნ. ბ–ას, – პირადი ნომერი: ........., – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2024 წლის 26 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ნ. ბ–ა ქ. ხ–ში, ........ის ქუჩის N..-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ იყო ქალი და მხოლოდ მის ნება-სურვილს უნდა დამორჩილებოდა თავის მეუღლეს – თ. ბ–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით ნ. ბ–ამ ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’” ქვეპუნქტით.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ნ. ბ–ა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ნ. ბ–ას განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ ალექსანდრე კოდუამ. აპელანტმა მოითხოვა ნ. ბ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ ალექსანდრე კოდუამ. კასატორი ითხოვს ნ. ბ–ას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებული ნ. ბ–ას დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ნ. ბ–ას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დამნაშავედ ცნობისათვის და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. ბ–ას წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლება განაპირობა.
8.1. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა – თ. ბ–მ (გამართლებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – ნ. ბ–ას – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა არცერთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, – საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა (მათ შორის, მოწმეების: ს. ბ–ს (დედის ან ვინმე სხვა პირის მიმართ მუქარის და ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. როდესაც დედას წაყვნენ თავშესაფარში, მამა რეკავდა და დედას ეკითხებოდა, სად იყვნენ. პირად საუბარში მამა ეკითხებოდა, სად იყვნენ, მაგრამ არ უთხრა. ერთ-ერთი საუბრისას დედასთვის უთქვამს, „თუ არ მეტყვით, სად ხართ, თავს მოვიკლავ“), გ. ბ–ს (ქ–ში ჩავიდა დედასა და ძმებთან ერთად. ჩამოსვლის ღამეს მამამ დაურეკა დედას და ეჩხუბა წამოსვლის გამო. დედის, მამის, ან ვინმე სხვა პირის მიმართ მუქარის და ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია), თ. ბ–ს (თ. ბ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, დედასთან და ძმებთან ერთად ქ–ში ყოფნისას, ნ. ბ–ამ დაურეკა ს–ს. დედამ – თ. ბ–მ უპასუხა სხვა ოთახიდან, რა დროსაც ნ. ბ–ას უთქვამს ,,ბავშვები მომიყვანე, ვინმე ნორმალურ ცოლს მოვიყვან და ბავშვებს მას დავუტოვებ”, თუ არ მომიყვან მოგკლავ. აღნიშნული უთხრა დედამ. ფიზიკურ ჩხუბს მამასა და დედას შორის არ შესწრებია. ბევრჯერ შეესწრო სიტყვიერ კამათს. დედა ბევრჯერ ჰყავს ნანახი, რომ ტიროდა, იმიტომ, რომ მამა ეჩხუბებოდა. დედას უნდოდა სახლიდან წასვლა, რადგან მამა ეჩხუბებოდა, რომ დარჩენილიყო მამა სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ამიტომ წამოვიდა დედა. როდესაც მამამ გაიგო, რომ ქ–ში ჩამოვიდნენ, დაურეკა დედას და ეჩხუბა. დედის, მამის, ან ვინმე სხვა პირის მიმართ მუქარის ან ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, მაგრამ ხშირად გაუგია, შორიდან მამა რომ აგინებდა დედას, ცალკე, რომ იყვნენ დედა და მამა, მაშინ აგინებდა მამა დედას)) გამოკითხვის ოქმები, 2024 წლის 31 მაისის შეტყობინება და შეტყობინების აუდიოჩანაწერი (... ვთვლი, რომ ვარ ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან, ფსიქოლოგიური ... სახლიდან ვარ წამოსული ... შვილებთან ერთად ვარ წამოსული და აგრძელებს რეკვას, მუქარას და პირველ რიგში, ბავშვებს ემუქრება თვითმკვლელობის მცდელობით, რომ აი თქვენ თუ არ დაბრუნდებით, თავს მოვიკლავ; ... ანუ კონფლიქტი, როგორ, რომ ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს და სახლიდან უნდა წავიდე, ბავშვებთან დაიწყო ამ თემაზე საუბარი, მე არ მესაუბრებოდა, ემუქრებოდა ბავშვებს, რომ, აი, თქვენ თუ აქედან წახვალთ, მამა მკვდარი გყავთ ...), 2024 წლის 31 მაისის შემაკავებელი ორდერი (2024 წლის 26 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე ნ. ბ–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. ბ–ს), 2024 წლის 1 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (თ. ბ–ს წაეკითხა მისი მონაწილეობით შედგენილი გამოკითხვის ოქმი, მიეცა წინადადება დააზუსტოს და დაადასტუროს გამოკითხვისას მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რის შემდეგაც დაზარალებულმა მიუთითა ადგილი, სადაც 2024 წლის 26 მაისს დაახლოებით 16:30 საათზე ნ. ბ–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა), 2024 წლის 8 ივლისის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (სისხლის სამართლის საქმის მასალები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა თ. ბ–ს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და ამჟამინდელი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული არ გამოიწვევდა თ. ბ–ს ტანჯვას), ასევე – მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია) საკმარისია ნ. ბ–ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და კვლავაც აღნიშნავს, რომ:
10.1. არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების – მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
10.2. იმავდროულად, მართალია, შემაკავებელი ორდერი და შეტყობინება უთითებს გამართლებულზე, როგორც დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის და შესაბამისად – მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს (დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) არ მიეცა (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №1098აპ-24, 1099აპ-24).
10.3. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, – ან არ უთითებს ნ. ბ–ას მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაზე ან არის ირიბი, რადგან მოწმეები ინციდენტის – ნ. ბ–ას მიერ თ. ბ–ს მიმართ მუქარის – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაციას ან არ ფლობენ ან გადმოცემით იცინა დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
10.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს – დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმას და აღნიშნულით დაზარალებულში საფუძვლიანი შიშის გამოწვევას. დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, შეტყობინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება მითითებული დანაშაულების აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ შიშის განცდა, არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით.
11. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – ნ. ბ–ას – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ნ. ბ–ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ნ. ბ–ას მიმართ ბრალადშერაცხილი შესაძლო დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები სადავო ფაქტებთან დაკავშირებით, ან არ შეიცავს სადავო მუქარის შესახებ მონაცემებს ან ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, მოწმე თ. ბ-ს ჩვენება არ ადასტურებს ბრალადწარდგენილი კონკრეტული ქმედების ჩადენას (2024 წლის 26 მაისს, დაახლოებით 16:30 საათზე), ზოგადი ხასიათის შინაარსის მატარებელია, – მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
12. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ნ. ბ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
13. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად.
15. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 იანვრის განაჩენზე, ნ. ბ–ას მიმართ, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე