საქმე # 330100123007607036
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №289აპ-25 ქ. თბილისი
ი–ი ს., 289აპ-25 2 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის განაჩენით
ს. ი–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
ს. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გაუქმდა ს. ი–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა.
ს. ი–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 28 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი – 2023 წლის 26 მაისიდან 2023 წლის 15 ივნისამდე პერიოდი.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ი–მა ჩაიდინა:
ü დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 4 მაისს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, .... პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ი–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0.334 გრამი ,,ჰეროინის” შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ნ. ჯ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
ü დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 6 მაისს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ..... პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ი–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0.25290 გრამი ,,ჰეროინის” შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ნ. ჯ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
ü დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 8 მაისს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, .... პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ი–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0.6196 გრამი ,,ჰეროინის” შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ნ. ჯ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
ü დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 11 მაისს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, .... პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ი–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0.25290 გრამი ,,ჰეროინის” შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ნ. ჯ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ი–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი–ემ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ს. ი–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა ს. ი–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. პ–ამ დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვეს ს. ი–ის გამართლება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნაწილში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენით: დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება;
ს. ი–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი ნაწილის, მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ს. ი–ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელისგან 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
ს. ი–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე, რაც ჩაეთვალა პირობითად; აგრეთვე, 1/6-ით შეუმცირდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და ს. ი–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც ფაქტობრივი მდგომარეობით მოხდილი აქვს), ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით. საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ს. ი–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც ფაქტობრივი მდგომარეობით მოხდილი აქვს), ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე, ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ს. ი–ს 1/6-ით შეუმცირდა 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 2023 წლის 15 ივნისის განაჩენს ნაწილობრივ დამატებული 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით 1/6-ით შემცირებული ძირითადი სასჯელი, ასევე დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
ს. ი–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
ს. ი–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა, გაუქმებულია.
ს. ი–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 28 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი – 2023 წლის 26 მაისიდან 2023 წლის 15 ივნისამდე პერიოდი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ი–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. პ–ამ. ადვოკატი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ს. ი–ის გამართლებას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარე არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას ნარკოტიკების გასაღების ნაწილში, ვინაიდან არ არსებობს საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა; ს. ი–მა სასამართლოში განმარტა, რომ ის სხვა პირებთან ერთად აგროვებდა ფულს, რის შემდეგაც ერთობლივად იძენდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და თანაბრად ინაწილებდნენ; ამდენად, მის ქმედებაში გამოკვეთილია ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენაში დახმარება.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში და მიიჩნევს, რომ ს. ი–ის ქმედებაში გასაღების განზრახვა არ იკვეთება, ვინაიდან იგი სხვა პირებთან ერთად აგროვებდა ფულს, რის შემდეგაც ერთობლივად იძენდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და თანაბრად ინაწილებდნენ. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებულ განმარტებას, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ს. ი–ის ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საქმეზე №844აპ-22, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).
10. მსჯავრდებულმა ს. ი–მა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას დაადასტურა ნ. ჯ–ისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების გადაცემის ფაქტი 2023 წლის 4 მაისის, 6 მაისის, 8 მაისის და 11 მაისის ეპიზოდებში, თუმცა განმარტა, რომ ნ. ჯ–ისთვის ნარკოტიკი არ მიუსაღებია, მასთან შეთანხმებული იყო ნარკოტიკის ერთობლივად შეძენასა და შეძენილი ნარკოტიკის გაყოფაზე. სანანმა მას გადასცა ერთობლივად შეძენილი ნარკოტიკული საშუალებიდან მისი წილი.
11. სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ მითითებული ვერსია, ვინაიდან მისი განმარტება არსებითად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს − როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ასევე წერილობით და ნივთმტკიცებულებებს, კერძოდ:
12. მოწმე ნ. ჯ–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ს. ი–ი საერთო მეგობრისგან − გელასგან, რომლის გვარიც არ ახსოვს, დანაშაულის ფაქტამდე ერთი თვით ადრე გაიცნო. ს–მა გ–სგან იცოდა, რომ მოწმე წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. ნ. ჯ–მა გადაწყვიტა მისი მხილება. ამ მიზნით, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ნ. ჯ–ი ს. ი–ს ნარკოტიკის შესაძენად უკავშირდებოდა, გამომძიებელი ნ. ჯ–ს კი, ფულად თანხებს გადასცემდა, რაც დადასტურებულია შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების შესახებ ოქმებით. გამომძიებელმა ო. ჩ–მა ნ. ჯ–ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, 2023 წლის 4 და 6 მაისს ორჯერ გადასცა ფულადი თანხა − 600 და 650 ლარის ოდენობით, ხოლო გამომძიებელმა გ. თ–მ 2023 წლის 8 და 11 მაისს გადასცა ფულადი თანხა − 600-600 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხას ნ. ჯ–ი პირადად აძლევდა ს. ი–ს და თანხის გადაცემიდან გარკვეული დროის შემდეგ, მსჯავრდებული მას გადასცემდა კუთვნილ ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
13. მოწმე ნ. ჯ–ის ჩვენება სრულად თანხვდენილია მოწმეების − გამომძიებლების გ. თ–ს, ი. გ–სა და ო. ჩ–ს ჩვენებებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებში, ახორციელებდნენ საკონტროლო შესყიდვაზე ვიზუალურ კონტროლს და ნ. ჯ–ისგან იღებდნენ მსჯავრდებულისგან შეძენილ ნივთიერებებს, რაც დასტურდება შესაბამისი ამოღების ოქმებით. საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებით, რომელთა სისწორე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების – ი. თ–ს, მ. დ–ს, თ. ო–ს და თ. ხ–ს ჩვენებებით, დადგენილია, რომ ნ. ჯ–ისგან ამოღებული ნივთიერებები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია, კერძოდ 2023 წლის 5 მაისის ქიმიური ექსპერტის N........... დასკვნის, 2023 წლის 10 მაისის ქიმიური ექსპერტის N......., 2023 წლის 11 მაისის ქიმიური ექსპერტის N........ და 2023 წლის 17 მაისის ქიმიური ექსპერტის N.......... დასკვნების თანახმად, ს. ი–ისგან შეძენილი და ნ. ჯ–ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის” რაოდენობა, შესაბამისად, შეადგენს – 0,334 გრამს, 0,25290 გრამს, 0,6196 გრამს და 0.32258 გრამს, რაც, თითოეულ შემთხვევაში ცალკე აღებული, დიდი ოდენობაა.
14. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებსა და მათ გაშიფრულ ტექსტებზე (კრებსებზე), რომლებიც ასევე სრულად თანხვდენილია მოწმე ნ. ჯ–ის ჩვენებას. მითითებული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით დასტურდება ნ. ჯ–ის მიერ ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში არსებული ....... პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკის შესაძენად განკუთვნილი თანხის გადაცემა ს. ი–ისთვის და ამ უკანასკნელის მიერ გარკვეული დროის შემდეგ, ნარკოტიკული საშუალებების გასაღება.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ს. ი–ისა და ნ. ჯ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, ერთობლივად შეძენისა და შემდეგ ნარკოტიკების განაწილების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო: ნ. ჯ–ი მსჯავრდებულს უკავშირდება როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს და მისი მიზანია, ამხილოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირი; ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერების შინაარსის მიხედვით, ს. ი–ი და ნ. ჯ–ი განიხილავენ მსჯავრდებულის მიერ ნ. ჯ–ისთვის გადასაცემი ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობას, გადაცემის დროსა და ადგილს, მათ ღირებულებას; მითითებული ჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ ნ. ჯ–ი მსჯავრდებულს ფულად თანხას აძლევს არა პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული საშუალებების ერთობლივად შესაძენად და შემდეგ უკვე, დაუდგენელი პირ(ებ)ისგან ერთობლივად შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების გაყოფა/განაწილების მიზნით, მათ მიერ ერთობლივად დადებული ფულადი თანხის ოდენობების პროპორციულად, არამედ − ს. ი–ი ნ. ჯ–ზე ასაღებს ნარკოტიკული საშუალებას, მის მიერ გადაცემული თანხის სანაცვლოდ; მართალია მსჯავრდებულმა ნ. ჯ–ს ბრალდების ორ ეპიზოდში სთხოვა ცოტა ნარკოტიკის გადაყრა, თუმცა აღნიშნული ვერ ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების ერთად შეძენის დამადასტურებელ გარემოებად, ვინაიდან ფულადი თანხის გარდა, ს. ი–ი სხვა კუთხითაც ცდილობდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების გამო სარგებლის მიღებას, მაგრამ ნ. ჯ–მა მას არაფერი მისცა. მიუხედავად აღნიშნულისა, ს. ი–ი ფულადი თანხის სანაცვლოდ, ნ. ჯ–ს მაინც გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ, დანაშაულის ყველა ეპიზოდში − 2023 წლის 4 მაისს, 6 მაისს, 8 მაისსა და 11 მაისს ნ. ჯ–ს მსჯავრდებულმა თანხის სანაცვლოდ, გადასცა ნარკოტიკული ნივთიერებები; გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დასტურდება არც ის ფაქტი, რომ ნ. ჯ–მა და ს. ი–მა წარსულში, ან მოწმის მიერ მსჯავრდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების შეძენის შემდეგ, ერთად მოიხმარეს აღნიშნული ნივთიერებები და არც ის გარემოება, რომ მათ თანხა შეაგროვეს ნარკოტიკის ერთობლივად შესაძენად; 2023 წლის 6 მაისის ჩანაწერით დასტურდება, რომ მსჯავრდებულის მიერ ნ. ჯ–ისთვის წინა ჯერზე მიტანილი ნარკოტიკული საშუალება ძალიან ცუდი ხარისხის იყო და ამ ფაქტს თავად ს. ი–იც ადასტურებს. ამასთან, 2023 წლის 8 მაისის ჩანაწერის (კრებსითი მასალის) თანახმად, ნ. ჯ–ი ს. ი–ს ეკითხება, ხომ საკმარისი თანხა გადაუხადა ნარკოტიკის შესაძენად, რასაც ეს უკანასკნელი უდასტურებს (მ. მომისმინე, ხომ ის გადავიხადე, რაც გინდოდა? მ1- ჰო, ჰო.). ამ ჩანაწერში, საერთოდ არ არის საუბარი ნარკოტიკული ნივთიერების რაიმე ფორმით გაყოფაზე. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულისა და ნ. ჯ–ის ყველა შეხვედრა, რა დროსაც ს. ი–ი მას ნარკოტიკულ ნივთიერებას გადასცემდა, კონტროლდებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან და მათ ნ. ჯ–ი მხედველობის არეში ჰყავდათ უწყვეტ რეჟიმში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, ცალსახად გამოირიცხება მოწმე ნ. ჯ–ის მხრიდან როგორც ნარკოტიკული ნივთიერების შეცვლა, ამ ნივთიერების მოწმისათვის სხვა პირის მიერ გადაცემა, მოწმის მიერ ნივთიერების მსჯავრდებულისათვის განაწილება, ისევე როგორც – ნარკოტიკის ს. ი–თან ერთად მოხმარება, ან მსჯავრდებულის მიერ ასეთის შეთავაზება.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ–ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი