Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №303აპ-25 თბილისი

ა-ი რ., 303აპ-25 18 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი შიოშვილის, ასევე მსჯავრდებულების – ი. მ-ის, რ. ა-ისა და რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ი. - რ. ა-ს, - და რ. ა-ს, - ბრალად დაედოთ პირის დამცირება და იძულება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით). აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 30 ოქტომბერს, შუადღის საათებში, რ. ა-ი, ი. მ-ი და რ. ა-ი მივიდნენ ლ-ის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე ქ. ქ-ის საცხოვრებელ სახლში და, მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ვ. ქ-ს მიუთითეს, რომ წინა დღეს ჩაიდინა სამარცხვინო საქციელი, რის გამოც, მისი ქმედების გაკიცხვის მიზნით, მოსთხოვეს დამამცირებელი ქმედების განხორციელება – ქალის ტანსაცმლის ჩაცმა და სოფელ კ-ს ქუჩებში გავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – დაემუქრნენ თ. მ-ას ოჯახის მხრიდან მისი სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ფსიქიკური იძულების შედეგად, ვ. ქ-მა ჩაიცვა ქალის ტანსაცმელი, რის შემდეგაც იგი რ. ა-მა, ი. მ-მა და რ. ა-მა გაატარეს სოფელ კ-ს ქუჩებში, რითაც ჩააყენეს პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, რასაც თვალს ადევნებდა ქუჩაში გამოსული სოფლის მოსახლეობა. განხორციელებული ქმედების შედეგად ვ. ქ-მა განიცადა ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განაჩენით რ. ა-ი, ი. მ-ი და რ. ა-ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მათვე განემარტათ, რომ უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა: რ. ა-ი, ი. მ-ი და რ. ა-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ 9-9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდათ ერთი მეექვსედით და საბოლოოდ განესაზღვრათ 7-7 თვითა და 15-15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მათვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალათ პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 26 ივლისის ჩათვლით და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალათ მოხდილად.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-მა, რ. ა-მა და ი. მ-მა ჩაიდინეს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე. ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 30 ოქტომბერს, შუადღის საათებში, რ. ა-ი, ი. მ-ი და რ. ა-ი მივიდნენ ლ-ის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე ქ. ქ-ის საცხოვრებელ სახლში, მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით, ვ. ქ-ს აიძულეს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა და სოფელ კ-ს ქუჩებში გავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – გადასცეს თ. მ-ას ოჯახის მხრიდან მისი სიცოცხლის მოსპობის მუქარა. აღნიშნული ფსიქიკური იძულების შედეგად, ვ. ქ-მა ჩაიცვა ქალის ტანსაცმელი, რის შემდეგაც იგი რ. ა-მა, ი. მ-მა და რ. ა-მა იძულებით გაატარეს სოფელ კ-ს ქუჩებში. განხორციელებული ქმედების შედეგად ვ. ქ-მა განიცადა ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი გიორგი შიოშვილი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენში ცვილების შეტანას, რ. ა-ის, ი. მ-ისა და რ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულების: ი. მ-ის, რ. ა-ისა და რ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას, სამივე მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რ. ა-ს, რ. ა-სა და ი. მ-ს არ ჩაუდენიათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მათი ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ,,არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს მინიმალურ ზღვარს, რათა მოხდეს მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში. ამ მინიმუმის შეფასება შეფარდებითია: იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, კერძოდ, ისეთებზე, როგორებიცაა: მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და სულიერი შედეგები და ზოგიერთ შემთხვევაში სქესი, ასაკი, მსხვერპლის ჯანმრთელობა და მდგომარეობა“ (ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ, Labita v. Italy, N26772/95), 06/04/2000, §120). ამასთან, „არასათანადო მოპყრობის პრეტენზიები გამყარებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით“ (ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ, Labita v. Italy, N26772/95, 06/04/2000, §121); სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების მიზნით, ადგენს მტკიცების სტანდარტს - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა,“ მაგრამ დამატებით აღნიშნავს, რომ ასეთი მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან ან ანალოგიური, უტყუარი ფაქტების აღქმიდან (ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, Ireland v. The United Kingdom, N5310/71, 18/01/1978, §161).

11. როგორც საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, თ. მ-ას ოჯახსა და დაზარალებულ ვ. ქ-ს შორის იყო კონფლიქტი, რასთან დაკავშირებითაც კონფლიქტში ჩაერთნენ რ. ა-ი, ი. მ-ი და რ. ა-ი. ისინი თ. მ-ას ოჯახის თხოვნით მივიდნენ დაზარალებულთან და თ. მ-ას მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების გამოსასყიდად შესთავაზეს მისივე ოჯახის შეთავაზებული პირობები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი რომელიმე პირობას არ შეასრულებდა, მოკლავდნენ. დაზარალებულმა ვ. ქ-მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულმა პირებმა უთხრეს, რომ იყვნენ სოფლის „აღსაკალები“; ასევე ი. მ-მა „კაგებეს“ „კნიჟკა“ დაანახა და უთხრა, „კაგებეს“ კაცები ვართო. რადგან დაზარალებულს შეეშინდა, თ. მ-ას ოჯახს მოკვლის მუქარა სისრულეში არ მოეყვანა, შეასრულა მათი პირობიდან ერთი – ჩაიცვა კაბა და ასეთ ფორმაში გაიარა სოფელში. საგულისხმოა, რომ დაზარალებულისა და რ. ა-ის, ი. მ-ისა და რ. ა-ის საუბარს პირადად დაესწრო დაზარალებულის მამა ქ. ქ-ი, რომელმაც ჩვენებაში დაადასტურა, რომ რ. ა-ი, ი. მ-ი და რ. ა-ი მათ ოჯახში მივიდნენ, როგორც „აღსაკალები“; მათ უთხრეს, რომ თ. მ-ას ოჯახმა სამი არჩევანი შემოუთვალა: მოკვლა, ბოთლზე დაჯდომა ან კაბის ჩაცმა. ასევე მათ უთხრეს, რომ, თუ ვ. ქ-ი ერთ-ერთს არ აირჩევდა, მოკლავდნენ. მოწმის განმარტებით, „აღსაკალებს" წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგან შეეშინდა. ის გარემოება, რომ დაზარალებულ ვ. ქ-თან მისული პირები სოფელში წარმოადგენდნენ პატივსაცემ და ავტორიტეტულ პირებს, დასტურდება მოწმე რ. მ-ის ჩვენებითაც. მან დაადასტურა, რომ ვ. ქ-ის საქციელის გამო მიმართა „აღსაკალებს“, რომლებსაც ყველა იცნობდა და პატივს სცემდა, ისინი რასაც იტყოდნენ, აკეთებდნენ.

12. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით კრიმინალიზებულია ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე. ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში – ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. შესაბამისად, სახეზეა შედეგგარეშე, ანუ ფორმალური შემადგენლობა. ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით ადამიანს აიძულებენ, შეასრულოს გარკვეული მოქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისგან, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფიზიკური და ფსიქიკური იძულების მიზანია, სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისივე ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

13. ქმედების იძულებით დასაკვალიფიცირებლად მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის გათვალისწინება, რომელშიც მოხდა დანაშაული. კონკრეტულ შემთხვევაში, ი. მ-ი, რ. ა-ი და რ. ა-ი სოფელში მიიჩნეოდნენ გარკვეულ ავტორიტეტულ პიროვნებებად, რაზეც მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ორივე დაპირისპირებულმა მხარემ სწორედ მათ მიმართა კონფლიქტის გადასაწყვეტად და არა – პოლიციას. შესაბამისად, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულთან მივიდნენ სწორედ რ. ა-ი, ი. მ-ი და რ. ა-ი („აღსაკალები") და სწორედ მათ გადასცეს თ. მ-ას ოჯახის მუქარა, ყოველივემ დაზარალებულს შეუქმნა იძულების რეალური გარემო და მასში აღძრა აღნიშნული მუქარის განხორციელების რეალური შიში, რაზეც მეტყველებს დაზარალებულის ჩვენება და მისი მოქმედებები – ბრალდებულთა სტატუსის გათვალისწინებით, იგი იძულებული გახდა, ქალის ტანსაცმელში გამოწყობილს, გაევლო სოფელში, მაცხოვრებელების თანდასწრებით. ამდენად, დაზარალებული ბრალდებულების მხრიდან მასზე ფსიქიკური ძალადობის შედეგად იძულებული გახდა, ემოქმედა საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ და ჩაედინა მოქმედება, რომლის შესრულებაც ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლება იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ი. მ-ის, რ. ა-ისა და რ. ა-ის მოქმედებები სწორად შეაფასა იძულებად.

14. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი. მ-ის, რ. ა-ისა და რ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რადგან მუქარაც და დაზარალებულის მიერ შესრულებული ქმედებაც მოფიქრებული არ ყოფილა მსჯავრდებულთა მხრიდან და მომდინარეობდა თ. მ-ას ოჯახის წევრებისაგან. მსჯავრდებულებმა, თავიანთი ავტორიტეტიდან გამომდინარე, მხოლოდ აიძულეს დაზარალებული, შეესრულებინა ზემოაღნიშნული ქმედება. ამასთან, ქმედება, ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის (დამცირება, იძულება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენება), დაზარალებულში უნდა იწვევდეს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას, რაც ამ შემთხვევაში არ გამოკვეთილა. შესაბამისად, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

15. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულთა გამართლების თაობაზე, ვინაიდან რ. ა-ის, რ. ა-ისა და ი. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულ ვ. ქ-ის, მოწმეების: გ. ნ-ას, ქ. ქ-ის, ბ. ქ-ის, ბ. ი-ის, რ. მ-ის, თ. გ-ის, ნ. გა-ის, ა. გ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულთა ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად და ობიექტურად შეფასების შემდეგ, დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება როგორც კვალიფიკაციის კუთხით, ასევე სასჯელთან დაკავშირებით, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

17. სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და თითოეული მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ი. მ-ს, რ. ა-სა და რ. ა-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

18. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. საკასაციო საჩივრების არგუმენტაცია კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

20. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი შიოშვილის, ასევე მსჯავრდებულების – რ. ა-ის, რ. ა-სა და ი. მ-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე