საქმე N 330100123007655733
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №307აპ-25 25 ივლისი, 2025 წელი
ს–ი მ., №307აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ს–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 14 იანვარს, დღის საათებში, ქ.თ–ში, წ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ს–მა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჯ. გ–ზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ფეხი დაარტყა სხეულის არეში, ხელი ჩაავლო თმაში და ხელის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები სახის, თავისა და ტანის არეში.
1.3. 2022 წლის თებერვლამდე პერიოდში, ქალაქ თ–ში, ი–ი, მ–ს აღმართზე, მე-..შესახვევის №..-სა და თ–ი, წ–ს ქუჩის №..-ში, მ. ს–ი მეუღლეს, ჯ. გ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, ლანძღავდა, აგინებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გამოხატავდა სისტემატურ აგრესიას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
1.4. 2023 წლის 8 ივნისს ჯ. გ–ის მოთხოვნის საფუძველზე წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ. ს–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით. აღნიშნულის საფუძველზე მ. ს–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან – ჯ. გ–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა; ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მ. ს–ი გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები - კერძოდ, 2023 წლის 18 ივნისს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქალაქ თ–ში, ........ ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და 2023 წლის 19 ივნისს, 20 ივნისსა და 22 ივნისს, ქალაქ თ–ში, ხ–ს ქუჩის №..-ისა და ხ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკითხა ჯ. გ–ს სამუშაო ადგილზე და დაამყარა მასთან კომუნიკაცია. აღნიშნულით მ. ს–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც ჯ. გ–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა. ასევე მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა მ. ს–ის მხრიდან შემაკავებელი ორდერის 2023 წლის 18, 19 და 20 ივნისს დარღვევის ფაქტები.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
2023 წლის 14 იანვარს, დღის საათებში, ქ. თ–ში, წ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ს–მა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ჯ. გ–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ფეხი დაარტყა სხეულის არეში, თმაში ჩაავლო ხელი და ხელის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები სახის, თავისა და ტანის არეში.
2023 წლის 8 ივნისს ჯ. გ–ის მოთხოვნის საფუძველზე წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ. ს–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით. აღნიშნულის საფუძველზე მ. ს–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან – ჯ. გ–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა; ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მ. ს–ი გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები – კერძოდ, 2023 წლის 22 ივნისს, ქალაქ თ–ში, ხ–ს ქუჩა №..-ისა და ხ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკითხა ჯ. გ–ს სამუშაო ადგილზე და დაამყარა მასთან კომუნიკაცია. აღნიშნულით მ. ს–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც ჯ. გ–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივნისის განაჩენით, მ. ს–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.
მ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ მ. ს–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანა ზედელაშვილმა და მოითხოვა მ. ს–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის თებერვლამდე პერიოდის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.
მ. ს–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ. ს–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
3.2. 2025 წლის 26 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ს–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) მ. ს–ის გამართლების ნაწილში უკანონოა. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულ – ჯ. გ–ის ჩვენებითა და სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა მ. ს–ის მიერ ჯ. გ–ის სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტები, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია. ამასთან, კასატორის პოზიციით ჩადენილი დანაშაულების ხასიათის გათვალისწინებით მ. ს–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რისი გათვალისწინებით უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
5.3. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს და მიუთითებს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
5.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ეპიზოდში წარდგენილი ბრალდების თანახმად, მ. ს–ს ბრალდების მხარე ედავება 2022 წლის თებერვლამდე პერიოდში, ქალაქ თ–ში, ი–ი, მ–ს აღმართი, მე-.. შესახვევი №..-ში და თ–ი, წ–ს ქუჩა №..-ში, ჯ. გ–ის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას, ლანძღვას, შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეგინებასა და სისტემატურ აგრესიას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის აღწერილი 2022 წლის თებერვლამდე, რა პერიოდში, რა ინტენსივობით, კონკრეტულად როდის, რა ფორმით და როგორ გამოიხატა მ. ს–ის მხრიდან აღნიშნული ფაქტები.
5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა და სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
5.7. წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).
5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებას გარკვეული სიხშირით, ანუ ქმედება მეორდება, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, მომდევნო ქმედება დროის მოკლე პერიოდში მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი. ამდენად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის არსებული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ დაზარალებული კვლავ განიცდის პირველი ქმედებით მიყენებულ ზიანს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის N733აპ-18 განაჩენი).
5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ. კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. ს–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. ამ ეპიზოდთან მიმართებით, ასევე საგულისხმოა დაზარალებულის განმარტებაც, იმის თაობაზე, რომ კონფლიქტური ურთიერთობის გამო, იგი ხშირად ბრუნდებოდა ოჯახში და საერთო ჯამში, მხოლოდ 6 თვე ექნებათ ერთად გატარებული.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მ. ს–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მ. ს–ის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და მასა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაცია და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე, 63-ე და 64-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. ს–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, მ. ს–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი და მისი მოხდის ფორმა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ამასთან, მართალია მ. ს–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე