Facebook Twitter

საქმე # 330100123007848718

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №312აპ-25 ქ. თბილისი

გ–ე ა., 312აპ-25 2 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ა. გ–ე, – დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ა. გ–ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენითა და 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. გ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

გაუქმდა ა. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

ა. გ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2024 წლის 4 ოქტომბრიდან.

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, ა. გ–ის მიმართ 3 (სამი) თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: ა) მსჯავრდებულ ა. გ–ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც დაზარალებული მ. ო–ა ცხოვრობს და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დაზარალებული იმყოფება; ბ) მსჯავრდებულ ა. გ–ეს აეკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე აეკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მესამე პირების მეშვეობით.

დამცავი ორდერის მოქმედების ვადა უნდა დაიწყოს ა. გ–ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე.

ა. გ–ეს განემარტა, რომ მის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. გ–ემ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2021 წლიდან მ. ო–ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა. გ–ესთან. 2022 წლის აგვისტოს შემდეგ, ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, მათ შორის უთანხმოება გამწვავდა, ხოლო 2022 წლის დეკემბრიდან, თ–ში, .......ის ქუჩის N..-ში მდებარე პენიტენციური სამსახურის N.. პატიმრობისა და დახურული ტიპის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული ა. გ–ე, ამავე დაწესებულებიდან მ. ო–ას უგზავნიდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველ წერილებს, ასევე უკავშირდებოდა ტელეფონის საშუალებით, რა დროსაც ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2023 წლის 11 აპრილს, 11:45 საათიდან 16:50 საათამდე დროის მონაკვეთში, მითითებულ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ ა. გ–ესთან, ხანგრძლივ პაემანზე იმყოფებოდა მისი მეუღლე – მ. ო–ა. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ა. გ–ე კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კერძოდ, უთხრა, რომ არ აცოცხლებდა და მოკლავდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, მ. ო–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ა. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ–ემ. ადვოკატი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ ძირითად გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ არის სანდო და უტყუარი, რადგან ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგოა; სხვა მტკიცებულებები ირიბია და ვერ ადასტურებს ა. გ–ის ბრალეულობას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. გ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ა. გ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.

10. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ოჯახური დანაშაულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ისინი მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, რადგან ოჯახურ გარემოში მიმდინარეობს. შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას და მის თანხვედრას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.

11. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს, ხოლო მტკიცებულებათა შორის შეუსაბამობანი არ უნდა ეხებოდეს მტკიცების მთავარ საგანს.

12. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თავდაპირველად შეაფასებს დაზარალებულ მ. ო–ას ჩვენებას სანდოობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. დაზარალებულმა მ. ო–ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები და განმარტა შემდეგი: 2022 წლის დეკემბრიდან, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ა. გ–ე მას უგზავნიდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველ წერილებს, რომლებშიც ეწერა, რომ მოკლავდა, დაწვავდა, ხეზე მიაბამდა, მამამისს მისი საფლავი არ ექნებოდა და ა.შ.. დაზარალებულის განმარტებით, მუქარის მიზეზი იყო მისი მხრიდან ღალატი, რაც ცნობილი გახდა ა. გ–ისთვის. ამის გამო დაზარალებულმა ტელეფონის ნომრები შეიცვალა, თუმცა ა–მ მოიძია და მათ აღადგინეს კომუნიკაცია. დაზარალებულის ჩვენებით, მუქარის წერილები მიიღო დეკემბერში, მსჯავრდებული ასევე ემუქრებოდა სატელეფონო საუბრებშიც. რამდენიმე წერილის შემდეგ, თითქოს ააწყვეს ურთიერთობა. 2023 წლის 11 აპრილს, ა. გ–ემ პენიტენციურ დაწესებულებაში მასთან ხანგრძლივი პაემანი ჩანიშნა. პაემანზე ყოფნისას კი უთხრა, რომ თუ ისინი კვლავ ერთად იქნებოდნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ არადა საქმე ცუდად წავიდოდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ა. გ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც, გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან იცოდა, რომ იგი მუქარის შემსრულებელი იყო, რამდენადაც მსჯავრდებული შვილსაც კი იფიცებდა, რომ მუქარას შეასრულებდა. პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლისას, მან ჩვეულებრივ გადაკოცნა ა. გ–ე და დაემშვიდობა, კატასაც გაეთამაშა, რადგან ა–ს თვალში სურდა ბუნებრივად გამოჩენა, რათა რამე არ დაეშავებინა მისთვის. მ. ო–ამ ასევე მიუთითა, რომ აპრილში სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის საფუძველი გახდა კიდევ ერთი წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დალოდებოდა, მისთვის უნდა გამოსულიყო ციხიდან. დაზარალებულმა გულწრფელად უპასუხა კითხვას და არ დამალა არც ის ფაქტი, რომ მან მეუღლეს უღალატა.

13. დაზარალებულის ჩვენებას სრულად შეესაბამება მ. ო–ას შვილის, არასრულწლოვანი მოწმის − ს. ხ–ს ჩვენება, რომელიც, მართალია, უშუალოდ არ შესწრებია მუქარის ფაქტებს, მაგრამ მიუთითა, რომ პირადად წაიკითხა ა. გ–ის მიერ ციხიდან გამოგზავნილი მუქარის შემცველი ერთ-ერთი წერილი. წერილში ეწერა, რომ მსჯავრდებული დაზარალებულს ხიდის ქვეშ ჩაიყვანდა, დააბამდა და დაწვავდა. მოწმემ ასევე მიუთითა მ. ო–ას ემოციურ მდგომარეობაზეც და განმარტა, რომ მსგავსი წერილების მიღების შემდეგ, მ. ო–ა ნერვიულობდა, ეშინოდა და საღამოობით ტიროდა. ამდენად, მოწმის ჩვენება წერილის წაკითხვისა და დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ნაწილში, არ წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას.

14. მ. ო–ას ჩვენება აგრეთვე სრულად თანხვდენილია მოწმეების − თ. ო–სა და ქ. გ–ს ჩვენებებს. მოწმეები გადმოსცემენ მ. ო–ას ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, კერძოდ, თეა ოდიშარიას ჩვენების თანახმად, მ. ო–ა მას მოუყვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემანზე მისვლისას, ა. გ–ე დაემუქრა მოკვლით, უთხრა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მას ოჯახის წევრებს აღარ ანახებდა, რის გამოც, დაზარალებული ძალიან ნერვიულობდა, ტიროდა და გული მისდიოდა. მოწმე ქ. გ–მ კი აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მ. ო–ა მასთან იმყოფებოდა და ტელეფონზე მეუღლე ურეკავდა, მ–ს სახე ეცვლებოდა, ნერვიულობას იწყებდა, ცუდად ხდებოდა და დასამშვიდებლად წამლებს ასმევდა.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას დაზარალებულ მ. ო–ას ჩვენების არასარწმუნოობის შესახებ და მიუთითებს, რომ ის თანმიმდევრული, დეტალური და დამაჯერებელია, ამასთან, სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც, პალატას არ გააჩნია მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. გარდა ამისა, საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება და სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის დაკითხვისასაც მსჯავრდებულის მიმართ არ გამოვლენილა არანაირი პირადი ინტერესი, რომელიც ნეიტრალურ პირს გაუჩენდა ეჭვს მის სანდოობასთან დაკავშირებით.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი