Facebook Twitter

საქმე N 330100124009581139

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №314აპ-25 ქ. თბილისი

ი–ი ნ., 314აპ-25 2 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ი–ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 23 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონის, კორპუსი №..-ის მიმდებარედ, ასევე – ამავე კორპუსში, ბინა №..-ში, ნ. ი–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – მ. მ–ზე. თავდაპირველად, ზემოაღნიშნულ ბინაში, ნ. ი–მა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტისგან თავის არიდების მიზნით, დაზარალებული ბინიდან გავიდა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნ. ი–ი მასთან მივიდა, უსაყვედურა ბინის დატოვების გამო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ: მარჯვენა ხელი მოჰკიდა ტანსაცმელზე და მეორე ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში, ხელი დაარტყა მარცხენა მხარზე ლავიწის მიდამოში; თმაში ძლიერად მოჰქაჩა და ქაჩვით წაიყვანა საცხოვრებელ ბინაში, სადაც განაგრძო ძალადობა; ყურისა და კისრის არეში ხელი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა. აღნიშნულს შეესწრნენ ბინაში მყოფი მათი არასრულწლოვანი შვილები: ... წელს დაბადებული თ.. ი–ი და .... წელს დაბადებული ა. ი–ი. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, მ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ნ. ი–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ნ. ი–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

გაუქმდა ნ. ი–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა, უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში, დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ი–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. ი–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ნ. ი–ის მიერ ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენას არასრულწლოვნების თანდასწრებით. მართალია, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მაგრამ მის მიერ ,,112-ში“ დატოვებული შეტყობინებითა და პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებით, დგინდება, რომ არასრულწლოვნები ნამდვილად შეესწრნენ დანაშაულს.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის შეფასებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილით. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა ნ. ი–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის სადავო საკითხს წარმოადგენს, ჩაიდინა თუ არა ნ. ი–მა ძალადობა მაკვალიფიცირებელი ნიშნით, არასრულწლოვნების − თ. და ა. ი–ების თანდასწრებით.

10. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა მ. მ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, ნ. ი–ის წინააღმდეგ. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც, სასამართლო დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ. ი–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:

11. ნ. ი–ის მიმართ გამოცემული №.......... შემაკავებელი ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმში, მ. მ–ის სამედიცინო ბარათსა და ექსპერტიზის დასკვნაში, აღნიშნულია მხოლოდ ნ. ი–ის მიერ მ. მ–ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და მის შედეგად, მიღებული დაზიანების თაობაზე, დანაშაულის შემსწრე პირების დაკონკრეტებისა და მითითების გარეშე. ამდენად, ეს მტკიცებულებები ადასტურებს მხოლოდ ძალადობის ეპიზოდს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილს).

12. არც გამოძიებასა და არც სასამართლოში არ დაკითხულან არასრუწლოვანი მოწმეები − თ. და ა. ი–ები, რომელთა თანდასწრებით ძალადობის ჩადენას ნ. ი–ს ბრალდების მხარე ედავება.

13. პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მოწმეების, პატრულ-ინსპექტროების − დ. ა–სა და შ. ა–ს ჩვენებები და დაზარალებულის მიერ ,,112-ში“ დატოვებული შეტყობინება და ჩანაწერი არასაკმარისია არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად, კერძოდ: ,,112-ის“ ოპერატორთან გასაუბრებისას, მ. მ–მა განმარტა, რომ ძალადობას უნდა შესწრებოდნენ არამხოლოდ მისი შვილები, არამედ სხვა არასრულწლოვნებიც (შეტყობინებისა და ჩანაწერის მიხედვით, მ. მ–ი უთითებს შემდეგს: „მეუღლემ 4 შვილის თვალწინ, დისშვილის თვალწინ და თავისი ძმისშვილის თვალწინ, ჯერ ქუჩიდან ცემით შემომიყვანა, მერე სახლში აგრძელებს ძალადობას“). პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხა მხოლოდ არასრულწლოვანი ე. ი–ი (ნ. ი–ის დის შვილი), რომელმაც არ დაადასტურა ძალადობის არც დანახვისა და არც ჩხუბის ხმის გაგონების ფაქტი, ხოლო სხვა არასრულწლოვნები, მათ შორის − თ. და ა. ი–ები არ გამოკითხულან/დაკითხულან. პატრულ-ინსპექტორები არ არიან შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები, ისინი გადმოსცემენ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, რის გამოც, მათი ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, მხოლოდ ,,112-ის“ ჩანაწერი და პატრულ ინსპექტორებისათვის დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რაც ირიბი მტკიცებულებაა, არ არის საკმარისი, ძალადობის მაკვალიფიცირებელი ნიშნით − არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენის უტყუარად დასადგენად.

14. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი