საქმე N 190100124009879777
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №322აპ-25 14 ივლისი, 2025 წელი
ა–ი ჯ., №322აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ეუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჯ. ა–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 6 ივლისს, ღამის საათებში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.10.2022 წლის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.07.2024 წლის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ორჯერ ნასამართლევმა ჯ. ა–მა უკანონოდ შეაღწია დ. ი–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 970 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელსა და 1000 ლარად ღირებულ „LG“-ის მოდელის ტელევიზორს, რითაც დ. ი–ს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, ჯ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ეუაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ჯ. ა–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 27 თებერვალს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ეუაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ჯ. ა–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც მსჯავრდებულ ჯ. ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც. მ–მა მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რაც არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. ბრალდების მხარეს ასევე გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ ჯ. ა–ი ადრე იყო ნასამართლევი მსგავსი დანაშაულებისთვის და მან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ახალი დანაშული, ასევე ის ფაქტი, რომ ზიანი არ არის ანაზღაურებული. ამასთან, მის მიმართ წინა განაჩენებით დანიშნულმა სასჯელებმა ვერ მოახდინა მისი რესოციალიზაცია, რის გამოც, მას უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
5.4. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5.5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ჯ. ა–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.6. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას.
5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები და ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ჯ. ა–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.8. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №1060აპ-23 განჩინება).
5.9. ამასთან, საკასაციო საჩივარში სასჯელის დამძიმების საფუძვლად მითითებულ ზიანთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ეუაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე