საქმე N 330100124009276561
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №324აპ-25 ქ. თბილისი
კ–ო ა., 324აპ-25 2 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. კ–მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთელობისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 31 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ში, .........ის გამზირის N..-ის მიმდებარედ, ა. კ– სახეში ხელის დარტყმით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ა. კ–ოს კუთვნილ ფულად თანხას – 300 ლარს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა 300 ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ა. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
ა. კ–, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, ა. კ– გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელისაგან.
გაუქმდა ა. კ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. კ–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ა. კ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება ძალადობის ნაწილში, რაც უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან; სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვით, თითქოსდა, მსჯავრდებულის ქმედებაში არ ჩანს ძალადობის ფაქტი; ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოება − ა. კ–ოს სხეულზე მკვრივ-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებების არარსებობა, არ გამორიცხავს ა. კ–ს მხრიდან ძალადობას, რადგან დაზარალებულმა განმარტა, რომ მან ფულის წართმევის დროს დაარტყა, რამაც ტკივილი გამოიწვია; ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ძარცვის ძალადობის გამოყენებით ჩადენის ფაქტი.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და კვალიფიკაციის ნაწილში გამოიტანა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა ა. კ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება, კერძოდ:
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას: დაზარალებულ ა. კ–ოს განმარტება, რომ ა. კ–მ ფულის წართმევის დროს მას სახეში რამდენჯერმე დაარტყა, რამაც ტკივილი გამოიწვია, არ შეესაბამება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებს, რომლებშიც ასახულია დანაშაულის შემთხვევა. ვიდეოჩანაწერის გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიაჩნია, რომ ა. კ–ს მხრიდან ა. კ–ოსთვის ფულის წართმევის მომენტში, ხელის დარტყმის ან სხვა რაიმე ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება. ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, ცხადყოფს, რომ ა. კ– ფიზიკურად არ ძალადობს დაზარალებულზე. შესაბამისად, დაზარალებულ ა. კ–ოს ჩვენება, ისევე როგორც – მოწმე დ. კ–ს გამოკითხვის ოქმი (უდავო მტკიცებულება), არ შეესაბამება აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს.
10. გარდა ამისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა. კ–ოს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, თუმცა თავად დაზარალებულის განმარტებით, ისინი მაშინ მიიღო, როდესაც შუშის ბოთლი გატეხა და ა. კ–ს დაედევნა. ამდენად, აღნიშნული ნაჭდევები ვერ იქნება ა. კ–ს ძალადობრივი ქმედების შედეგი. რაც შეეხება დაზარალებულის სხეულზე არსებულ სხვა ნაკაწრებს, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ისინი ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ დროს.
11. საქმეზე დაკითხული მოწმეები − პ. კ–ი და რ. დ–ო თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ 2024 წლის 31 მარტს ა. კ–სთან ერთად მივიდნენ ა. კ–ოსთან, ხოლო სხვა გარემოებებს ვერ ადასტურებენ. მოწმე კ. კ–მაც დაადასტურა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა. კ– და პ. კ–ი წავიდნენ ა. კ–სთან სასაუბროდ, სხვა გარემოებები მისთვის უცნობია.
12. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება ა. კ–ს მიერ ძარცვის მაკვალიფიცირებელი ნიშნით − ძალადობით ჩადენის ფაქტი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი