საქმე N 010100123007495419
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №328აპ-25 ქ. თბილისი
კ–ა ა., 328აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა.კ–ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ–ს, ასევე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა.კ–ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
უ–ს მოქალაქეებმა – ვ. მ–მ და ვ. ბ–მა, რომლებიც კრიპტოვალუტით სავაჭრო ინტერნეტ საიტზე „.......-ზე” ვაჭრობდნენ „ბიტკოინით” სოციალურ ქსელ „......ს” საშუალებით, სხვადასხვა ჯგუფებში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სურდათ „ბიტკოინის” შეძენა ს–ში.
2023 წლის 9 მარტს ა. კ–ამ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა ზემოხსენებულის თაობაზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად, განიზრახა, დაუფლებოდა ვ. მ–ს და ვ. ბის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. ამ მიზნით, ა.კ–ა სოციალური ქსელ „........ის” საშუალებით, დაუკავშირდა ვ. მ–ს, გაეცნო მას მომხმარებლის სახელწოდებით „...” და განუცხადა, რომ ის ვაჭრობდა „ბიტკოინით” და დაინტერესების შემთხვევაში, მისთვის შეეძლო მიეყიდა. თავის მხრივ, ვ. მ–მ უთხრა, რომ მას და თავის მეგობარ ვ. ბ–ს ჰქონდათ, ჯამში, 65150 აშშ დოლარი და სურდათ ამ თანხის ეკვივალენტური ღირებულების „ბიტკოინის” შეძენა, რაზეც ა.კ–ამ განუმარტა, რომ ჰქონდა დასახელებული რაოდენობის „ბიტკოინი“ და შეძენის მიზნით, შეთანხმდნენ ქალაქ ბ–ში, „......... ბანკის” ფილიალში შეხვედრაზე.
2023 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, ვ. ბი და ვ. მ– შეთანხმებისამებრ მივიდნენ ბ–ში, ..... ქუჩის ..-ში მდებარე „......... ბანკის” ფილიალში, სადაც მათ შეხვდათ ა.კ–ა, რომელიც გაეცნო მათ „გ–ს“ სახელით. ა.კ–ამ ,,....... ბანკის” ოპერატორს უკარნახა ანგარიშის ნომერი, რომელზედაც სურდა თანხის დარიცხვა. ამის შემდეგ ოპერატორმა გამოწერა ქვითარი, რომელსაც ვ. მ–მ მოაწერა ხელი და გ. შ–ას ანგარიშზე გადარიცხა 65150 აშშ დოლარი, რომლიდანაც 32650 აშშ დოლარი ეკუთვნოდა ვ. მ–ს, ხოლო 32500 აშშ დოლარი ეკუთვნოდა ვ. ბ–ს. აღნიშნულის შემდეგ, ვ. ბმა და ვ. მ–მ მოსთხოვეს ა.კ–ას, რომ შესაბამისი ოდენობის „ბიტკოინი“, შეთანხმებისამებრ, დაერიცხა ვ. ბ–ის ელექტრონულ საფულეზე, ა.კ–ამ კი მოატყუა, რომ საჭირო ტრანზაქცია უკვე განხორციელდა და რამდენიმე წუთში „ბიტკოინი“ აისახებოდა ვ. ბ–ის ანგარიშზე, რის შემდეგაც, ა.კ–ამ მოიმიზეზა, თითქოს სურდა გარეთ სიგარეტის მოწევა, „....... ბანკის” ფილიალიდან გარეთ გავიდა და მიიმალა. ზემოთ მითითებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ვ. მ–ს მიადგა – 32650 აშშ დოლარის ეკვივალენტის, 84671.24 ლარის დიდი ოდენობის ზიანი, ხოლო ვ. ბ–ს მიადგა – 32500 აშშ დოლარის ეკვივალენტის, 84282.25 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენით ა.კ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ა.კ–ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, ა.კ–ას ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საბოლოოდ, ა.კ–ას ძირითად სასჯელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა ა.კ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ა.კ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 9 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ü გ. შ–ასგან ამოღებული მობილური ტელეფონი, დალუქული შსს სპეციალურ პაკეტში ........., საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü ვ. მ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ხმოვანი შეტყობინებები − ერთ ცალ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü შპს ,,ედელვაისიდან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები − ერთ ცალ დისკზე, შპს ,,მ–დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია − ერთ ცალ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü სს ,,....... ბანკიდან“ გამოთხოვილი ქ. ბ–ში, ......ის ქუჩა N..-ში არსებული ვიდეო-ჩანაწერები − ერთ ცალ მეხსიერების ბარათზე დალუქული ცალკე და სამ ცალ დისკზე − დალუქული ცალკე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü სს ,,....... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, თ–ში, ....ს ქ N..-ში მდებარე, სს ,,....... ბანკში“ არსებული ვიდეო-ჩანაწერები ერთ ცალ მეხსიერების ბარათსა და ერთ ცალ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü სს ,,...... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია − გ. შ–ას საბანკო ანგარიშის შესახებ, ერთ ცალ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü სს ,,....... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია − გ. შ–ას საბანკო ანგარიშის შესახებ, ერთ ცალ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü ბ. გ–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü რ. ქ–გან ამოღებული მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü ნ. კ–ს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული პროცესორი, რომელიც ინახება შსს ......... პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü ნ. ბ–ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü ა.კ–ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე, ბანკის პლასტიკური ბარათები, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და ომის ვეტერანის მოწმობა, რომლებიც ინახება შსს ა–ს ....... პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ü ი. ბ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ცალი ,,აიფონ 11’’ და ,,აიფონ 12’’ მოდელის მობილური ტელეფონები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü შპს ,,..........დან“ გამოთხოვილი ერთი ცალი დისკი − გ. შ–ას მობილური ტელეფონის ნომერზე სატელეფონო ზარების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü შპს ,,.... ს–დან“ გამოთხოვილი ერთი ცალი დისკი − ა.კ–ას მობილური ტელეფონის ნომერზე სატელეფონო ზარების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü შპს ,,ს.... მ–დან“ გამოთხოვილი დისკი მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü შპს ,,...–დან“ გამოთხოვილი დისკი მობილური ტელეფონის ნომერზე სატელეფონო ზარების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü სს ,,.........დან“ გამოთხოვილი დისკი მობილური ტელეფონის ნომერზე სატელეფონო ზარების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü სს ,,....... ბანკიდან“ გამოთხოვილი დისკი საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü სს ,,....... ბანკიდან“ გამოთხოვილი დისკი საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü სს ,,.... ბანკის“ ქვებრენდ ,,.. ბანკიდან“ გამოთხოვილი დისკი საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü სს ,,....... ბანკიდან“ გამოთხოვილი დისკი საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü დაზარალებულ ვ. ბ–ის სასამართლოში დაკითხვის ოქმი − ერთ ცალ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
ü დაზარალებულ ვ. მ–ს სასამართლოში დაკითხვის ოქმი − ორ ცალ დისკზე დალუქული ცალ-ცალკე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა.კ–ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენით: აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი დონდოლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ა.კ–ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
ა.კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ა.კ–ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, ა.კ–ას ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საბოლოოდ, ა.კ–ას ძირითად სასჯელად განესაზღვრა – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა.კ–ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქმებულია.
ა.კ–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 9 მაისიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით, აღმოიფხვრა ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა, კერძოდ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-6 და მე-7 აბზაცები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
ა.კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, ა.კ–ას ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მიემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და, საბოლოოდ, ა.კ–ას ძირითად სასჯელად განესაზღვრა – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გამოტანილია, ერთის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით, ხოლო, მეორე მხრივ, დაუსაბუთებელია; მსჯავრდებულის ქმედებაში არ იკვეთება თაღლითობის ნიშნები; განაჩენი ეფუძნება დაზარალებულთა შეცვლილ ჩვენებებს, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოძიებაში მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, მათი ჩვენებები არ არის დეტალური, კონკრეტული და თანმიმდევრული. ამდენად, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია; განაჩენის მიხედვით, ა.კ–ას მსჯავრი ედება ჯგუფურ დანაშაულში, თუმცა არ არის დადგენილი, თუ კონკრეტულად რა როლი ეკისრებოდა მას, ასევე პასუხისგებაში არ არიან მიცემულნი ჯგუფის სხვა წევრები.
ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ა.კ–ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უკანონოდ მიაჩნია, რადგან ზედმეტად ლმობიერია, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
7. მსჯავრდებულ ა.კ–ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ნ– საკასაციო საჩივრის შესაგებელში აღნიშნავს, რომ პროკურორის საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. დაცვის მხარე შესაგებლით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოში 2025 წლის 24 მარტს შემოსული, N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის ზურაბ ნინიაშვილის მიმართვითა და მასზე თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 თებერვლის განჩინების ასლით ირკვევა, რომ ა.კ–ას მიმართ, წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე, გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ა.კ–ას ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. ა.კ–ას ასევე ერთი მეექვსედით შეუმცირდა 3 (სამი) წლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და განესაზღვრა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა.კ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ხოლო ბრალდების მხარის მოთხოვნას – მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
13. ა.კ–ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაზარალებულების − ვ. ბისა და ვ. მ–ს ჩვენებები თანმიმდევრული, დეტალური, სარწმუნო და ურთიერთშესაბამისია. დაზარალებულთა ჩვენებებსა და სასამართლოში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს შორის არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, ვინაიდან მათი ჩვენებები ერთმანეთს სრულად თანხვდენილია.
15. დაზარალებულთა ჩვენებებით დგინდება, რომ ვ. მ– შეუთანხმდა ა.კ–ას, რომ 65000 აშშ დოლარად მისგან უნდა შეეძინათ კრიპტოვალუტა. ა.კ–ა მათ გაეცნოთ არა თავისი ნამდვილი სახელით, არამედ ისინი მოატყუა და დაარწმუნა, რომ, ვითომდა გ– ერქვა. დაზარალებულები და ა.კ–ა, შეთანხმებისამებრ მივიდნენ „....... ბანკის“ შესაბამის ფილიალში, სადაც თანხა უნდა გადაერიცხათ „გ–ს“ ანგარიშზე და იმავდროულად, ა.კ–ას დაზარალებულებისათვის კრიპტოვალუტა უნდა გადაერიცხა. ა.კ–ამ იმ მოტივით, რომ მას, ვითომდა, უნაღდო გადარიცხვით სურდა უძრავი ქონების შეძენა, დროის მოგების მიზნით, მოითხოვა, ჯერ კრიპტოვალუტის შესასყიდი თანხის გადარიცხვა, თითქოსდა, მის საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც, იგი გადარიცხავდა კრიპტოვალუტას ვ. ბ–ის ანგარიშზე.
16. დაზარალებულებს ეგონათ, რომ თანხა გადაირიცხებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ხელს მოაწერდნენ სალაროს ქვითარს, მაგრამ შემდეგ გაარკვიეს, რომ თანხა გადარიცხა ოპერატორმა, რომელთანაც მანამდე იმყოფებოდნენ და რომელმაც შეავსო მონაცემები. დაზარალებულებს ეგონათ, რომ როდესაც მათ ბანკის მოლარემ მისცა ქვითარი, თანხა ჯერ კიდევ არ იყო გადარიცხული. „გ–მა“ ტელეფონში რაღაც მოიმოქმედა, რის შემდეგაც, მან ვიტალის „სქრინი“ აჩვენა, რომ, ვითომდა, კრიპტოვალუტა გადარიცხული იყო ვ. ბ–ის კრიპტოვალუტის საფულეში. ვ. ბ–ი ამოწმებდა თავის კრიპტოვალუტის საფულეს, რომელშიც „გ–ს“(იგივე ა.კ–ას) უნდა ჩაერიცხა კრიპტოვალუტა, რასაც, ზოგადად, სჭირდება 1-2 წუთი; დაზარალებულები ელოდნენ, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში, მაგრამ კრიპტოვალუტა მაინც არ დაირიცხა. ისინი ეკითხებოდნენ გ–ს (იგივე ა.კ–ას), თუ რა მოხდა, რამე ხომ არ შეეშალა, ,,გ–” კი არწმუნებდათ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, დაურეკავდა თავის მეგობარს და გადაამოწმებდა სწორად იმოქმედა თუ არა. ,,გ–მა“ დაურეკა ვიღაცას, დადიოდა წინ და უკან, და, პარალელურად, დაზარალებულებს ეუბნებოდა, რომ შეემოწმებინათ ჩაერიცხათ თუ არა კრიპტოვალუტა. ამასობაში გავიდა, დაახლოებით, 10-15 წუთი, შემდეგ ,,გ–მა“ მათ უთხრა, რომ გავიდოდა სიგარეტის მოსაწევად. იგი გავიდა გარეთ, ხოლო ვ. მ– და ვ. ბი დარჩნენ შიგნით, ბანკის შენობაში. დაახლოებით, 5 წუთი გავიდა, „გ–“ არ დაბრუნდა შენობაში, რის გამოც, დაზარალებულებმა დაიწყეს მისი ძებნა, მაგრამ ვერსად ნახეს. ვ. ბი და ვ. მ– დაბრუნდნენ სალაროსთან და მოითხოვეს „გ–სათვის“ გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება. მოლარემ უთხრათ, რომ მისულიყვნენ ოპერატორთან. ისინი მივიდნენ ოპერატორთან და მოითხოვეს გადარიცხვის გაუქმება, რადგან კრიპტოვალუტა მათ ანგარიშზე არ ჩარიცხულა. ოპერატორმა კი განუმარტათ, რომ თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო, რადგანაც უკვე გადარიცხული იყო.
17. დაზარალებულებმა განაცხადეს პრეტენზია, რომ არანაირ დოკუმენტზე არ ჰქონდათ ხელი მოწერილი და, ამ ვითარებაში, რატომ გადაირიცხა თანხა, რაზეც ოპერატორმა განმარტა, რომ თანხის გადარიცხვაზე შეთანხმება მოხდა მაშინ, როდესაც პროცედურების განსახორციელებლად ოპერატორთან მივიდნენ. დაზარალებულებმა ოპერატორს მოსთხოვეს იმ ანგარიშის დაბლოკვა, სადაც თანხა იქნა გადარიცხული. ოპერატორმა ისინი გადაამისამართა მენეჯერთან, დაზარალებულებმა მენეჯერს აუხსნეს ვითარება, მენეჯერმა მათ განუმარტა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა ანგარიშის დაბლოკვას, თუ ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა სათავო ოფისი, რასაც დრო სჭირდებოდა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულები დაუკავშირდნენ პოლიციას და ითხოვეს დახმარება.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულების ჩვენებები სრულად თანხვდენილია მოწმეების: სს ,,....... ბანკის“ ბ–ს ....-ე ფილიალის მოლარე-ოპერატორის − ს. ხ–სა და ამავე ფილიალის მოლარის − ნ. ა–ს ჩვენებებთან, კერძოდ:
19. ს– ხალვაშის ჩვენებით დასტურდება, რომ 2023 წლის 10 მარტს, მასთან მივიდა სამი ადამიანი, რომელთაგან 2 იყო ...ოვანი, ხოლო ერთი – ....ლი. ერთ-ერთი უცხოელი დაჯდა ს–ს წინ, ....ლი მამაკაცი დაჯდა ამ უცხოელის გვერდით, მესამე მამაკაცი კი, იდგა მათთან ახლოს. უ–ს მოქალაქემ სთხოვა ანგარიშზე თანხის შეტანა, ს–მ გადაამოწმა, იყო თუ არა აღნიშნული მამაკაცი ბაზაში რეგისტრირებული და დადგინდა, რომ ის იყო უკვე ბაზაში. შემდეგ მას ს–მ სთხოვა, მიეწოდებინა იმ პირის ანგარიშის მონაცემები, ან პირადი ნომერი ვისთანაც სურდა თანხის გადარიცხვა. თანხის მიმღების პირადი ნომერი ს–ს ქართველმა მამაკაცმა უკარნახა. ს–მ ჰკითხა ქართველ მამაკაცს თანხის მიმღები თვითონ იყო თუ არა, რაზეც მამაკაცმა პასუხი არ გასცა. ს–ე მონაცემთა ბაზაში არსებული ფოტოს შედარებით მიხვდა, რომ თანხის მიმღები იყო არა ადგილზე მყოფი ქართველი მამაკაცი, არამედ − სხვა პირი, რის შემდეგაც, ს–მ ჰკითხა და დაადგინა, თუ რა რაოდენობის თანხის შეტანა სურდათ და შეადგინა შემოსავლის ორდერი. მოწმის ჩვენებით, როგორც მას ახსოვს, თანხა გადარიცხა უ–ს მოქალაქე ვ. მ–მ, რომელსაც შემდგომ პრეტენზია ჰქონდა თანხის მიმღებთან, იმის გამო, რომ ბანკი ვერ აუქმებდა ტრანზაქციას.
20. მოწმე ნ. ა–ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2023 წლის 10 მარტს, მასთან სალაროში მივიდა მომხმარებელი, რომელმაც ნ–ს მიაწოდა მანამდე მოლარე-ოპერატორის მიერ გამოწერილი შემოსავლის ორდერი და თანხა. ისინი იყვნენ სამნი, რომელთაგან ორი იყო .....ენოვანი, ხოლო ერთი – .... მამაკაცი. ნ–მ გადაამოწმა შემომტანის პირადი მონაცემები, მან ასევე გადათვალა თანხა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ თანხას აკლდა 1000 აშშ დოლარი. მომხმარებლებმა დაუმატეს 1000 აშშ დოლარი, ნ–მ ხელახლა გადათვალა თანხა, რამაც შეადგინა 65000 აშშ დოლარი. რამდენიმე ხანში უცხოელმა მამაკაცმა ნ–ს ტრანზაქციის გაუქმება სთხოვა. მოწმის ჩვენებით თანხა გადაირიცხა ვიღაც „გ–ს“ ანგარიშზე.
21. მოწმე გ. შ–ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი ურთიერთობდა კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვის განმახორციელებელ პირებთან. ეს პირები გ. შ–ას ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, რომლებსაც იგი ანაღდებდა და სხვადასხვა პირების მეშვეობით გადასცემდა მესაკუთრეებს, რაშიც იღებდა გარკვეულ ფულად სარგებელს. გ. შ–ას ჩვენებით, იგი იცნობს ი. ბ–ს, რომელსაც მასთან ერთად შეხება ჰქონდა კრიპტოვალუტასთან. გ. შ–ასთან ნაცნობობის ფაქტი, დადგენილია ი. ბ–ს ჩვენებითაც.
22. დადგენილია, რომ ა.კ–ამ მოლარეს უშუალოდ მიაწოდა მის მიერ წინასწარ მოპოვებული მონაცემები გ. შ–ას პირადი ნომრისა და საბანკო ანგარიშის შესახებ და მოლარეს თანხის სწორედ გ. შ–ას ანგარიშზე ჩარიცხვა სთხოვა.
23. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ა. კ–მ, მას შემდეგ, რაც მის მიერ მითითებულ გ. შ–ას ანგარიშზე დაზარალებულებს მოტყუებით ჩაარიცხვინა თანხა, დატოვა ბანკის ტერიტორია და მიიმალა თანმხლებ პირებთან ერთად, ასევე გამორთო მობილური ტელეფონი.
24. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. შ–ამ მიღებული თანხიდან 500 აშშ დოლარი გადარიცხა ლ. ბ–ს ანგარიშზე (ი. ბ–ის დედა) და გარკვეული თანხა ჩაურიცხა ლ. გ–ეს (ი. ბ–ის ცოლს), ხოლო თანხის ნაწილი გადარიცხვიდან მალევე გაანაღდა. დადასტურებულია ი. ბ–ესა და ა.კ–ას შორის კონტაქტის ფაქტიც, მათ შორის − 2023 წლის 10 მარტს, 13:39 საათზე, რა დროსაც ა. კ–მ დაზარალებულებს მოტყუებით გადაარიცხვინა თანხა. ი. ბ–ს მობილური ტელეფონის მენიუში გამოძიებამ აღმოაჩინა ე.წ. „შენიშვნების“ აპლიკაცია, რომელშიც 03.16.2023 წელს შექმნილ ჩანაწერში მითითებული თანხა − 64500 აშშ დოლარი, ემთხვევა იმ თანხას, რომელიც გ. შ–ამ გაანაღდა ....... ბანკში. ჩანაწერში აგრეთვე მითითებულია ამ თანხის განაწილებაზე სხვადასხვა პირებისათვის („64500-ჩ–ნ 50000-1000 მანქანა-მა–ა, 1500 რ–ი 500, თქვენი ბ–ი 500 ს–ი 6000 მე და გ–ო თქვენ 1700“).
25. შპს ,,ე–დან“, შპს ,,მ–დან“, სს ,,....... ბანკიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის პროცესში ა. კ–სთან ერთად გადაადგილდებიან მისი თანმხლები სხვა პირები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ გარეშე პირებისა და დაზარალებულებისათვის არ იყოს შესამჩნევი მათი ურთიერთობა დანაშაულის უშუალო ამსრულებელთან, ა.კ–ასთან.
26. მობილურ ტელეფონებზე შემავალ-გამავალი ზარების ამონაწერით აგრეთვე დგინდება შემდეგი: ა.კ–ას მიერ დანაშაულის ჩადენის წინა დღეს, 2023 წლის 9 მარტს, ი. ბ–ის ტელეფონის .......... ნომერზე ფიქსირდება შემომავალი ზარი ნომრიდან ........, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, ეკუთვნის ა.კ–ას; ანალოგიურად, 2023 წლის 10 მარტს 13:19 საათზე, ი. ბ–ის ზემოხსენებულ ნომერზე ფიქსირდება შემომავალი ზარი ა.კ–ას ნომრიდან − .........; ი. ბ–ის ნომერზე ასევე ფიქსირდება შემავალი და გამავალი ზარები გ. შ–ას ტელეფონის ნომერზე − .........., ი. ბ–ის ნომერზე ფიქსირდება შემავალი და გამავალი ზარები ტელეფონის ნომრიდან − .........., ასევე 2023 წლის 1 და 2 მარტს ფიქსირდება ერთმანეთთან სატელეფონო ზარები; ასევე 2023 წლის 11 მარტს, 00:18 საათზე, ფიქსირდება ი. ბ–ის ტელეფონის ნომერზე ნ. კ–ს შემომავალი ზარი, რა დროსაც ი. ბ–ის ნომრის ........... ანძის ადგილმდებარეობა locationname-B–i ... ........-4.........L.e-. ......, ასევე მათ შორის ფიქსირდება სატელეფონო ზარები 2023 წლის 11 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით პერიოდში.
27. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ა.კ–ამ დაზარალებულები მოატყუა მაშინ, როდესაც მათ არ უთხრა თავისი ნამდვილი სახელი და განუცხადა, თითქოსდა იყო ,,გ–“, რითაც შენიღბა ფაქტი, რომ დაზარალებულებს თანხას არიცხვინებდა არა თავის, არამედ − სხვა პირის ანგარიშზე. ა.კ–ამ დაზარალებულები მოატყუა, როდესაც თანხა ჩაარიცხვინა გ. შ–ას ანგარიშზე, სანაცვლოდ კი, მათ არწმუნებდა, რომ კრიპტოვალუტა გადარიცხა, რაც წუთი-წუთზე აისახებოდა მათ ანგარიშზე. მომდევნო ტყუილი გამოიხატა ა.კ–ას მიერ, ბანკის ფილიალიდან, ვითომდა სიგარეტის მოსაწევად გასვლითა და თანმხლებ პირებთან ერთად მიმალვით. დადგენილია ისიც, რომ ა.კ–ა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარ იყო მომზადებული, რომ დაზარალებულებისაგან მოტყუებით მოპოვებული თანხა უნდა ჩარიცხულიყო გ. შ–ას ანგარიშზე, რომელიც მას გახსნილი ჰქონდა სს ,,....... ბანკში“. ა.კ–ას ასევე გააჩნდა ინფორმაცია გ. შ–ას პირადი ნომრისა და ....... ბანკში მისი ანგარიშების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ განსახილველი საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე სხვა პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ხოლო პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ბრალდების მხარის პრეროგატივაა და სცდება სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის მსგავსად, დადგენილად მიაჩნია, რომ ა.კ–ა დანაშაულის ჩადენამდე, ჩადენისას და მას შემდეგაც, მოქმედებდა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად, დაზარალებულების მოტყუებით, რაც გამოიხატა, ვ. მ–სა და ვ. ბთან ერთად, ცრუ დაპირებით, „....... ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მისვლით, მათი კუთვნილი ფულადი თანხების გ. შ–ას ანგარიშზე მოტყუებით ჩარიცხვით, შემდეგ ბანკის ტერიტორიის მალულად დატოვებითა და თანმხლებ პირებთან ერთად მიმალვით. აღნიშნული კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, მის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების − საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
29. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ და სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რის შედეგადაც, მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მსჯავრდებულ ა.კ–ას მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
30. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მხარეთა მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
32. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა.კ–ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ–ს, ასევე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი