საქმე N 030100124008886786
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №329აპ-25 ქ. თბილისი
ქ. რ, 329აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ. საკასაციო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენით:
რ. ქ., – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და რ. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის 11 (თერთმეტი) თვისა და 28 (ოცდარვა) დღის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ რ. ქ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2024 წლის 5 თებერვლიდან.
გაუქმდა მსჯავრდებულ რ. ქ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ნივთმტკიცებები:
ü ლომბარდ „BIG ტექნიკიდან" ამოღებული მობილური ტელეფონის აპარატი „Redmi Note 11", ფულადი თანხა 200 ლარი (2 ცალი 100 ლარიანი კუპიურა), რომლებიც ინახება, შსს ხობის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
ü ლომბარდ „SAMU-დან” ამოღებული მობილური ტელეფონის აპარატი ,,SAMSUNG A52“, რომელიც ინახება, შსს ხობის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ü რ. ქ-სგან ამოღებული ქურთუკი, შარვალი და ქუდი, რომლებიც ინახება, შსს ხობის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ü ზ. შ. მობილური ტელეფონის აპარატი და ტელეფონის ყუთი, რომლებიც ინახება, შსს ხობის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ü ბ. უ. მობილური ტელეფონის აპარატი და ტელეფონის ყუთი, რომლებიც ინახება, შსს ხობის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ü ვიდეოჩანაწერები, ჩაწერილი კომპიუტერულ დისკებზე და შესყიდვის აქტები, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ქ-მ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
რ. ქ-ს მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2024 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 13:10 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში, ქურდობისათვის ნასამართლევი რ. ქ. არაერთგზის, .... მდებარე სავაჭრო ცენტრში, ზ. შ. სავაჭრო დახლიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზ. შ. კუთვნილ ,,SAMSUNG A52’’ მოდელის მობილურ ტელეფონს, რამაც 600 ლარის ზიანი გამოიწვია.
ü 2024 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქურდობისათვის ნასამართლევი რ. ქ. არაერთგზის, მდებარე ბ. უ. მაღაზიაში ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ,,Redmi Note 11’’ მოდელის მობილურ ტელეფონს, რამაც 180 ლარის ზიანი გამოიწვია.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემცირების კუთხით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით: მსჯავრდებულ რ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. გ. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
რ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) – 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა, შთანთქა მეორე და რ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 28 (ოცდარვა) დღის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ქ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ რ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის აეთვალა – 2024 წლის 5 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ რ. ქ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემცირების კუთხით, კერძოდ, რ. ქ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილის, ერთი მესამედის, პირობით მსჯავრად ჩათვლა, ხოლო დარჩენილი ნაწილის – რეალურად მოხდა, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ. საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას, მსჯავრდებულ რ. ქ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რ. ქ-ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, კერძოდ:
3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზნებია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად, ასევე გაითვალისწინეს რ. ქ-ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება (ჩადენილია მეტად გავრცელებული, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულების ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ბრალდებულმა დღის საათებში, საზოგადოებისგან მალულად შეძლო ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულთა კუთვნილ ტელეფონებს), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მისი სურვილი ჩაედინა დანაშაული), დამდგარი შედეგი (დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი), დანაშაულის მოტივი და მიზანი (ქონების დაუფლების სურვილი, ანგარების მოტივით), აგრეთვე, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში (აღსანიშნავია, რომ წინა განაჩენით იგი ასევე ნასამართლევია ქურდობისათვის), რაც მიუთითებს მის მიდრეკილებაზე დანაშაულის ჩადენისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
6. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ რ. ქ-ს მიმართ სწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, რის შედეგადაც, მსჯავრდებულს ერთი მეექვსედით შეუმცირდა განსახილველი ბრალდებით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელები, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, ასევე უნდა გაევრცელებინა რ. ქ-ს მიმართ წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელებზეც, კერძოდ:
7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით რ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 150 საათით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2024 წლის 25 იანვრიდან – იმავე წლის 26 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
9. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
11. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით მსჯავრდების საქმეზე, დაცვის მხარეს არ აქვს წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა, რომ რ. ქ-ს მიმართ გავრცელდეს ამნისტია, მსჯავრდებულის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შეღავათი (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება). ამავდროულად, რადგან რ. ქ-ს მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამასთან, ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, მას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირება, გავლენას ვერ მოახდენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით შეფარდებულ საბოლოო სასჯელზე, რადგან ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს, სრულად აქვს შთანთქმული წინა – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ. საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეიცვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენი:
3. რ. ქ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. რ. ქ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 4 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა, შთანთქას მეორე თანაბარი სასჯელი და რ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. რ. ქ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 2 (ორი) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთა; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით შეფარდებული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით და განესაზღვროს – 125 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ამნისტიით შემცირებული სასჯელი – 2 (ორი) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 საათით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ქ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. მსჯავრდებულ რ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2024 წლის 5 თებერვლიდან.
9. მსჯავრდებულ რ. ქ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი