საქმე # 080100124009015870
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №331აპ-25 ქ. თბილისი
ბ. ა. 331აპ-25 1 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ბ–ეს, – პ/ნ …….., – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ ....ს–ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე, ურთიერთშელაპარაკებისას, საქართველოს შ. ს. ს-ს გ. დ. დ-ს ი–ს ს-ს .. გ-ს .. ქ-ს ი-მა- – ა. ბ–ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხელი ერთხელ დაარტყა სახეში მეუღლეს - თ. ს–ს, რომელსაც ასევე სახეში ესროლა ფეხსაცმელი, რის შედეგადაც თ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2023 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ .... ს–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლის დაგვიანების გამო განაწყენებულმა შ. ს. ს-ს გ. დ. დ-ს ი–ს ს-ს .. გ-ს .. ქ-ს ი-მა ა. ბ–ემ არასრულწლოვანი შვილის – ი. ბ–ის თანდასწრებით კედელზე მიანარცხა, თმებში მოქაჩა და ხელი ერთხელ დაარტყა სახეში მეუღლეს – თ. ს–ს, რის შედეგადაც თ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2023 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 23:25 საათზე, ს–ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანით მოძრაობისას, მეუღლის დაგვიანებისა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო კამათისას საქართველოს შ. ს. ს-ს გ. დ. დ-ს ი–ს ს-ს .. გ-ს .. ქ-ს ი-მა ა. ბ–ემ არასრულწლოვანი შვილებისა და მინდობით აღსაზრდელის თანდასწრებით მეუღლეს - თ. ს–ს ორჯერ დაარტყა ხელი თავში და წააქცია, რის შედეგადაც თ. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 1 თებერვალს, საქართველოს შ. ს. ს-ს გ. დ. დ-ს ი–ს ს-ს .. გ-ს .. ქ-ს ი. ა. ბ–ე სოციალური ქსელ ,,ფ–ს’’ აპლიკაცია ,,მ–ში’’ კომუნიკაციისას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით ყელის გამოჭრით დაემუქრა მეუღლეს - თ. ს–ს, ხოლო იმავე საღამოს თ–ს რაიონის სოფელ ....ს–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას პირადად დაემუქრა რომ დაწვავდა და ნივთებს დაუმტვრევდა, რა დროსაც თ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2024 წლის 5 თებერვალს, საქართველოს შ. ს. ს-ს გ. დ. დ-ს ი–ს ს-ს .. გ-ს .. ქ-ს ი. ა. ბ–ე სოციალური ქსელ ,,ფ–ს’’ აპლიკაცია ,,მ–ში’’ კომუნიკაციისას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამოვლენით სახლში გამოწვით დაემუქრა მეუღლეს - თ. ს–ს, რა დროსაც თ. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განაჩენით:
2.1. ა. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 დეკემბრის დაახლოებით 17:30 საათის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 16 დეკემბრის დაახლოებით 23:25 საათის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გამართლებულ ა. ბ–ეს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ მოითხოვა ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი ა. ბ–ის მიმართ დარჩა უცვლელი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელიც ითხოვს ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის მკაცრი სასჯელის, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.
7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე.
8. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (კერძოდ: მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეთა: ც. ჯ–სა და მ. ს–ს გამოკითხვის ოქმები; თ. ს–ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სსიპ 112-იდან გამოთხოვილი თ. ს–ის 2024 წლის 7 თებერვლის შეტყობინების აუდიოჩანაწერი, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი) საკმარისია ა. ბ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან:
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა თ. ს–მა და მოწმეებმა ი. ბ–ემ და მ. ბ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის – ა. ბ–ის წინააღმდეგ.
11. საკასაციო სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით (იხ.: მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის 86აპ-24 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის N1317აპ-23 განჩინება), ხოლო მეორე მხრივ, ასევე ითვალისწინებს, რომ N..... შეტყობინებაში ზოგადადაა მითითებულია 17 რიცხვის ფიზიკური ძალადობის ფაქტზე (ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალდების მხარე ა. ბ–ეს არ ედავება 17 რიცხვში ძალადობის ჩადენას), არაფერია ნათქვამი ა. ბ–ისთვის ბრალადშერაცხილ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის სხვა ფაქტებზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 2). ანალოგიურად, - არაინფორმატიულია ასევე N..... შეტყობინება ა. ბ–ისთვის ბრალად შერაცხილ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტების სამტკიცებლად (იხ.: ტ.1, ს.ფ. 3).
12. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად - სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემებით, ა. ბ–ს მხრიდან თ. ს–ის მიმართ განხორციელებული ქმედებები არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
13. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა: ც. ჯ–სა და მ. ს–ის გამოკითხვის ოქმები არის ირიბი, რადგან ისინი ძალადობის არცერთ ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
14. N...... შემაკავებელ ორდერისა და მისი ოქმის თანახმად, თ. ს–ის განმარტებით, 2023 წლის 22 ოქტომბერს და 2023 წლის 17 დეკემბერს მეუღლემ ა. ბ–ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი მხარეთა მიერ არ არის ცნობილი უდავოდ. ამასთან, ბრალდების მხარე ა. ბ–ეს არ ედავება 2023 წლის 17 დეკემბერს ფიზიკური ძალადობის ჩადენას (იხ.: დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ტ.1, ს.ფ. 304-308).
15. სასამართლო ითვალისწინებს თ. ს–ის ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციას, რომელიც მათ შორის შეიცავს ა. ბ–ის მიერ თ. ს–ისათვის გაგზავნილ მუქარის შემცველ შეტყობინებებსაც. თუმცა, იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება.
16. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა და თვითმხილველმა მოწმეებმა (ი. ბ–ემ და მ. ბ–მ) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის – ა. ბ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; ა. ბ–ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში; სხვა მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის ან/და მუქარის რომელიმე ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, - სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება ა. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
17. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) . „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009).
20. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე ა. ბ–ის მიმართ ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე