Facebook Twitter

საქმე N 010100124009263066

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №333აპ-25 25 ივლისი, 2025 წელი

ვ– გ., №333აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ვ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 18:45 საათზე, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, გ. ვ–ისა და შ. ვ–ის საცხოვრებელ სახლში, გ. ვ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – დას შ. ვ–ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ვ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენით, გ. ვ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა ლოლუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ვ–ის წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 4 დეკემბერს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ლოლუამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და გ. ვ–ისთვის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. მართალია, დაზარალებულმა და მოწმე თ. ვ–ემ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, თუმცა საქმეში მოიპოვება, მხარეთა შეთანხმებით, უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებები, კერძოდ: მ. ქ–ის გამოკითხვის ოქმი, სადაც მითითებულია გ. ვ–ის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები – კერძოდ, ის, რომ გ. ვ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, დას – შ. ვ–ეს, რის გამოც, იგი გაიქცა ოთახიდან და ჩაიკეტა საძინებელში. აღნიშნული კი, პირდაპირ მიუთითებს, რომ დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, დამოუკიდებელ მტკიცებულებას წარმოადგენს გამომძიებლის მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერი და თანდართული ოქმი, სადაც მითითებულია მუქარის შესახებ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა გ. ვ–ის მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ გ. ვ–ეს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, დის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა და მოწმე – თ. ვ–ემ ჩვენებების მიცემაზე განაცხადეს უარი. სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა კი, რომელიც დაადასტურებდა გ. ვ–ის მხრიდან შ. ვ–ის მიმართ სიცოცხლის მუქარის ფაქტს, რაც რეალურად აღიქვა დაზარალებულმა და რომლის განხორციელების საფუძვლიანი შიშიც გაუჩნდა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და მოწმე თ. ვ–ემ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. ვ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.5. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა და მოწმე თ. ვ–ემ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმე მ. ქ–ის გამოკითხვის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და თანდართული ოქმი წარმოადგენენ დამოუკიდებელ მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.8. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ შ. ვ–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, მოწმე – მ. ქ–ის გამოკითხვის ოქმი, თუმცა იმისათვის, რათა პირს მსჯავრად შეერაცხოს აღნიშნული დანაშაული, გარდა მუქარის სიტყვიერად გამოხატვისა, სავალდებულოა, რომ დაზარალებულმა აღნიშნული მუქარა აღიქვას რეალურად და გაუჩნდეს მისი განხორცილებების რეალური შიში, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. საგულისხმოა, დანაშაულის შესახებ შეტყობინებაც, სადაც დაზარალებული განმარტავს მხოლოდ ოჯახურ კონფლიქტს და არ უთითებს სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე და მისი განხორციელების საფუძვლიან შიშზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც გ. ვ–ის მიმართ არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებათა ერთობლიობა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.9. მტკიცებულებები, რომლებზეც აპელირებს კასატორი, მტკიცების საგანთან მიმართებით ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად არასაკმარისია. საკასაციო სასამართლო გ. ვ–ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად, ასევე ვერ დაუდებს შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმს, მასში ასახული მწირი ინფორმაციის გათვალისწინებით.

5.10. კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.

5.11. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისგან გადახვევა.

5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე