Facebook Twitter

საქმე # 330100123007723843

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №344აპ-25 ქ. თბილისი

კ. გ. 344აპ-25 2 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. კ–ეს პ/ნ ……….., - ბრალად ედებოდა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 27 ივნისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ს–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების ნიადაგზე გ. კ–ემ ხელისა და თავის არეში ხელის ჩარტყმით დაზიანებები მიაყენა დას – ნ. კ–ეს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. გ. კ–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ. კ–ეს მიადგა ფიზიკური ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

2.1. გ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გ. კ–ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის გ. კ–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, გ. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გ. კ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, გ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. თ–ის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია არ დაკმაყოფილდეს პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენი.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს გ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე.

8. „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გ. კ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2023 წლის 27 ივნისს, დილის საათებში, გ. კ–ესა და ნ. კ–ეს შორის იყო სიტყვიერი შელაპარაკება. მხარეთა შორის დავის საგანია ის გარემოება, მოცემული სიტყვიერი შელაპარაკების დროს გ. კ–ემ მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა დას – ნ. კ–ეს.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასა და გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო ორგანოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას შორის არსებული წინააღმდეგობის შესახებ. დაზარალებულმა ნ. კ–ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2023 წლის 27 ივნისს ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ძმამ – გ. კ–ემ ხელში ერთხელ ჩაარტა მუშტი, რომელიც ეტკინა და ხელიც გაუწითლდა, როდესაც გ–მ ნახა რომ არ მიდიოდა მუშტი ჩაარტყა თავში, რის გამოც ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი (იხ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი 13:30:20-13:32:43). გამოძიების ეტაპზე დაზარალებულმა მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში განსხვავებულად აღწერა გ. კ–ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტობრივი გარემოებები (იხ.: 2023 წლის 27 ივნისის განცხადება (ტ.1, ს.ფ. 2), 2023 წლის 27 ივნისის გამოკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ.4-7), N........ შემაკავებელ ორდერი და მისი ოქმი (ტ.1, ს.ფ. 8-13), 2023 წლის 28 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 76-87), 2023 წლის 28 ივნისის გამოკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ.88-91), N......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 17-20)).

11. სასამართლო ითვალისწინებს ი. კ–ის (გ. კ–ისა და დაზარალებულ ნ. კ–ის დედა) ჩვენებას, რომელიც ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, იმყოფებოდა სახლში და გაიგონა ნ. კ–ის ხმა, „დედა გ– მცემს, მაფურთხებს, ხელი მეტკინაო“. მან ასევე გაიგონა როგორ უთხრა გ. კ–ემ მეუღლეს ლ. კ–ეს გამოეძახებინა პოლიცია. მოწმის განმარტებით, დაზარალებული ყვირილის შემდეგ შევიდა ოთახში, აჩვენა ნატკენი ხელი და უთხრა, რომ ხელი სტკიოდა, რადგან ძმამ თავში ჩაარტყა, რა დროსაც ხელი აიფარა თავზე და ხელშიც მოხვდა მუშტები, მოწმის განმარტებით, რადგან ცუდად ხედავს ხელზე დაზიანება არ დაუნახავს.

11.1. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ ი. კ–ე არ შესწრებია გ. კ–ის მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ვერ ადასტურებს დაზარალებულის ხელზე დაზიანების არსებობის ფაქტს, მეორეს მხრივ, კი ი. კ–ისაგან რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებას აწვდის სასამართლოს შემთხვევის უშუალო თვითმხილველი ლ. კ–ე (გ. კ–ის მეუღლე), რომლის განმარტებით, 2023 წლის 27 ივნისს, სახლის ეზოდან გაიგო დაზარალებულის ყვირილის ხმა, რომელიც გ. კ–ეს მბრძანებლური ტონით და ყვირილით მოუწოდებდა გაეკეთებინა უნიტაზი. გ. კ–ე ეუბნებოდა, რომ უნიტაზი არ ჰქონდა და ვერ შეძლებდა გაკეთებას. როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ ნ. კ–ე იდგა პირველ სართულზე, ხოლო გ. კ–ე ზემოთ საპირფარეშოს თავზე. ნ. კ–ე ყვიროდა ,,დედა, ნახე დამარტყა, დამარტყა- ო“. რადგან ეს უკანასკნელი ყვიროდა და არ ჩერდებოდა, მეუღლის თხოვნით დარეკა ,,112-ის“ სამსახურში, აღნიშნულის გაგებაზე ნ. კ–ე წავიდა სახლიდან და სამართალდამცავებს ადგილზე არ დახვედრია. მოწმის განმარტებით, გ. კ–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ნ. კ–ის მიერ ძმის მიმართ დანაშაულის დაბრალება უკავშირდებოდა ქონებრივ დავას, თუმცა დღეის მდგომარეობით კონფლიქტი ამოწურულია. ფაქტიდან რამდენიმე დღით ადრე ნ. კ–ე გ. კ–ეს ეუბნებოდა, რომ მისთვისაც მოიცლიდა, მიწასთან გაასწორებდა. ხოლო გ. კ–ის პასუხისგებაში მიცემის შემდეგ ნ. კ–ე ეუბნებოდა, რომ თუ სახლს გადაუფორმებდა, დაწერდა, რომ პრეტენზია არ გააჩნდა.

12. მოწმე გ. მ–ს ჩვენებით იგი არის გ. კ–ისა და ნ. კ–ის მეზობელი. 2023 წლის 27 ივნისს, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დილის საათებში გაიგო ნ. კ–ისა და გ. კ–ის ხმამაღალი საუბარი. გ. კ–ე დას მშვიდად ეუბნებოდა ,,შემეშვი თავი დამანებე-ო“. დაზარალებული ყვიროდა და შემდეგ წავიდა სახლიდან. გ. კ–ემ მეუღლეს დაუძახა, რომ დაერეკა საპატრულო პოლიციაში, თუმცა სამართალდამცავების მისვლისას, დაზარალებული ადგილზე აღარ იმყოფებოდა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. კ–ისათვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას (ასეთის არსებობის შემთვევაში) ჰყავდა სამი თვითმხილველი – დაზარალებული ნ. კ–ე, გ. კ–ე და მისი მეუღლე ლ. კ–ე. საკასაციო სასამართლო სიფრთხილით ეკიდება გ. კ–ისა და მისი მეუღლის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას. იმავდროულად ითვალისწინებს მოვლენათა განვითარებას (მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოწმე (მათ შორის ი. კ–ე) ადასტურებს, რომ გ. კ–ემ მეუღლეს სთხოვა საპატრულო პოლიციის გამოძახება, დაზარალებული ნ. კ–ე არ დაელოდა შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ პოლიციის თანამშრომლებს და დატოვა შემთხვევის ადგილი), ასევე იმ გარემოებას, რომ გამოძიების ფარგლებში არ დაკითხულან შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ ინსპექტორები, იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის მიერ შემთხვევის ადგილის დატოვების გამო მისი პირადი შემოწმება განხორციელდა სავარაუდო შემთხვევიდან მხოლოდ მეორე დღეს, არც ერთი მოწმე არ ადასტურებს დაზიანების მიყენებას გ. კ–ის მიერ.

14. სასამართლო ითვალისწინებს, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ბრალდების მხარის მოწმეთა: დ. ა–ს, დ. გ–სა და ვ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებს, რომლითაც დგინდება, რომ ნ. კ–ე არის კონფლიქტური პირი, მუდმივად უმიზეზოდ ემუქრება და უჩივის ყველას და ყველა თავს არიდებს მასთან ურთიერთობას (იხ.: დ. ა–ს 2023 წლის 28 ივნისის გამოკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ.53-56), დ. გ–ს 2023 წლის 28 ივნისის გამოკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 57-60), ვ. ბ–ს 2023 წლის 28 ივნისის გამოკითხვის ოქმი (ტ.1, ს.ფ. 61-64)).

15. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

16. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენზე გ. კ–ის მიმართ ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე