Facebook Twitter

საქმე N 330100123007740115

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №356აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი

გ–ა ი., №356აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ–ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ძ–ისა და რ. ლ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. გ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ი) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა (მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და საქართველოს სსკ-ს 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა, ჩადენილი ანგარებით და სხვა პირადი მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. შპს „.......... სახელობის ........ი ....... კლინიკის“ (100% წილის მფლობელი – ...... “) ფინანსურმა დირექტორმა ი. გ–ამ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, შეარჩია ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის შტატგარეშე ინჟინერ მექანიკოსის – ლ. გ–ის დეიდაშვილი – გ. ყ–ი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილოების გამოცდილება არ გააჩნდა. ვინაიდან ი/მ გ. ყ–ი უკვე ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს, ი. გ–ას დავალებით, კლინიკის შესყიდვების სამსახურის თანამშრომელმა ლ. კ–მ ძველი თარიღებით შეადგინა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები.

1.3. შპს „.......... სახელობის ........ი ....... კლინიკასა“ და ი/მ გ. ყ–ს (პ/ნ ............) შორის გაფორმდა 2020 წლის 14 დეკემბრის N.........ყალბი ხელშეკრულება, 2020 წლის 28 დეკემბრის N........ ყალბი ხელშეკრულება და 2021 წლის 16 მარტის N....... ხელშეკრულება, რომელთა მიხედვით, უნდა განხორციელებულიყო ქ. თ–ში, ..........ას გამზირი N...-ში მდებარე კლინიკის მე-.., მე-.., მე-.. და მე-.. სართულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჯამური ღირებულებით – 3 060 496 ლარი.

1.4. შპს „.......... სახელობის ........ი ....... კლინიკის“ ფინანსურმა დირექტორმა – ი. გ–ამ, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის შტატგარეშე ინჟინერ მექანიკოსმა – ლ. გ–მა და ი/მ გ. ყ–მა შპს „.......... სახელობის ........ი ....... კლინიკას“ წარუდგინეს შემდეგი ყალბი დოკუმენტები:

1.5. 2020 წლის 16 დეკემბრის, 18 დეკემბრის, 28 დეკემბრის, 2021 წლის 10 თებერვლის, 22 თებერვლის, 28 თებერვლის, 23 მარტისა და 13 მაისის მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებსაც ხელი მოაწერეს გ. ყ–მა და ი. გ–ას დავალებით, ამავე კლინიკის სამეურნეო სამსახურის უფროსმა – ზ. ა–მა;

1.6. 2020 წლის 10 დეკემბრის, 28 დეკემბრის, 2021 წლის 5 თებერვლის, 22 თებერვლის, 28 თებერვლის, 23 მარტისა და 13 მაისის შესრულებული სამუშაოების აქტები – ფორმა N..-ები, რომლებსაც ხელი მოაწერეს გ. ყ–მა და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის შტატგარეშე ინჟინერ მექანიკოსმა – ლ. გ–მა;

1.7. 2021 წლის 10 თებერვლის, 22 თებერვლის, 28 თებერვლის, 23 მარტის და 13 მაისის ინსპექტირების აქტები, რომლებსაც ხელი მოაწერეს, ი. გ–ას დავალებით – ზ. ა–მა, ი. გ–ასა და ლ. გ–ის დავალებით – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის შტატგარეშე ინჟინერ-მშენებელმა – ა. ბ–მა და ი. გ–ას დავალებით – შესყიდვების სამსახურის სპეციალისტმა – ლ. კ–მ.

1.8. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, ი/მ გ. ყ–მა დააფიქსირა, თითქოს, შეასრულა 3 055 770,67 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც, ჩაერიცხა 2 618 849,07 ლარი. სინამდვილეში, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 2 475 003,03 ლარს. შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ შეადგინა 580 767,64 ლარი, საიდანაც ი. გ–ა, ლ. გ–ი და გ. ყ–ი დაეუფლნენ 143 846 ლარს, რითაც შპს „.......... სახელობის ........ი ....... კლინიკას“ მიადგა 143 846 ლარის დიდი ოდენობით ზიანი. იმის გამო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 20%-ის ჩარიცხვა დამოკიდებული იყო „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარდგენაზე, ი. გ–ა, ლ. გ–ი და გ. ყ–ი ვერ დაეუფლნენ 436 921,60 ლარს, რითაც შპს „.......... სახელობის ........ ....... კლინიკას“, შესაძლოა, მისდგომოდა 436 921,60 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის განაჩენით:

2.1.1. ი. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. მასვე, 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება;

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. გ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

2.1.2. ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ინდ. მეწარმე გ. ყ–თან დაკავშირებული ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ნ–თან“ დაკავშირებული ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ინდ. მეწარმე გ. ყ–თან დაკავშირებული ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ნ–თან“ დაკავშირებული ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (ინდ. მეწარმე გ. ყ–თან დაკავშირებული ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (შპს „ნ–თან“ დაკავშირებული ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ინდ. მეწარმე გ. ყ–თან დაკავშირებული ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

2.1.3. გ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ყ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

2.1.4. ამავე განაჩენით მსჯავრდებული იქნა თ. ა–ე.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ყ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – რ. გ–მა, მსჯავრდებულ ლ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ.ნ ზ–მ, ასევე, მსჯავრდებულ ი. გ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ძ–მა და რ. ლ–ამ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

3.1.1. დაკმაყოფილდა პროკურორის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმებები დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულებს – ლ. გ–სა და გ. ყ–ს შორის.

3.1.2. ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ლ. გ–ს 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი დ 9 თვე. ლ. გ–ს, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი.

ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ლ. გ–ს 1/6-ით შემცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 9 თვე.

ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (ინდ. მეწარმე გ. ყ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ლ. გ–ს 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 9 თვე.

ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ლ. გ–ს 1/6-ით შემცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 9 თვე.

ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (შპს „ნ–ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ლ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, რაც , საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 9 თვე. ლ. გ–ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი.

3.1.3. გ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, გ. ყ–ს 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 9 თვე. გ. ყ–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

გ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, გ. ყ–ს 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი 9 თვე.

გ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, გ. ყ–ს 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი 6 თვე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ყ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 9 თვე. გ. ყ–ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

3.1.4. ი. გ–ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ძ–ისა და რ. ლ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ი. გ–ას მსჯავრდებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად. ცნობად იქნა მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 23 დეკემბრის N...... განკარგულებით ი. გ–ა შეწყალებული იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

3.2. მსჯავრდებულმა ი. გ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. ძ–მა და რ. ლ–ამ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმება ი. გ–ას დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის შეფასებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. გ–ას მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. ამასთან, გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და არაობიექტურად, რაც გამოიხატა რიგი საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების შეუსრულებლობით. კასატორთა განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ქვეყანაში კოვიდ პანდემიის გამო შექმნილი ვითარება, რაც ი. გ–ას აიძულებდა ემოქმედა უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში და რაც გამორიცხავდა მსჯავრდებულის შესაძლებლობას, დოკუმენტების შედგენისას ემოქმედა სათანადო წესების სრული დაცვით. დაცვის მხარის განმარტებით, ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია პირისთვის თანხის/საგნის გადაცემას საფუძვლად დაედოს მოტყუება, როგორც ქონების დაუფლების ხერხი. თაღლითობას არ წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც დაზარალებულმა საკუთარი ნებით, ყოველგვარი მოტყუების გარეშე გადასცა სხვა პირს ქონებრივი სიკეთე, თუნდაც, ამ პირმა შემდგომში შექმნას ყალბი დოკუმენტი. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის მიერ პრეტენზიის არქონის ფაქტი. კასატორთა განმარტებით, ასევე, საფუძველს მოკლებულია პირის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლით, რადგან ი. გ–ას მიერ გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმად, შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და ღირებულების დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელს დაუკავდებოდა მისაღები თანხის 20 პროცენტი, რაც, დაცვის მხარის შეფასებით, გამორიცხავს თაღლითობის განზრახვასა და მიზანს. ამასთან, მსჯავრდებული არ მოქმედებდა ინდივიდუალურად და ყოველ მის ქმედებას ათანხმებდა კლინიკის დირექტორთან, რის გამოც, შეუძლებელია, ადგილი ჰქონოდა მისი მხრიდან მოტყუებას. დაცვის მხარის მტკიცებით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის შემთხვევაში, დოკუმენტის გაყალბება წარმოადგენს დანაშაულის (თაღლითობის) ჩადენის ხერხს, რის გამოც, არასწორია დამატებითი კვალიფიკაცია.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს დანაშაულთა ერთობლიობით მსჯავრდებული პირის გამართლებას მისთვის მსჯავრადშერაცხილი ყველა დანაშაულისათვის, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა თითოეულ დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით და დაასაბუთოს თითოეული მუხლით/მუხლის ნაწილით პირის მსჯავრდების უკანონობა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სწორედ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილი არგუმენტების კვალდაკვალ შეამოწმებს მათი მოთხოვნის საფუძვლიანობას.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი. გ–ას მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ი. გ–ას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

5.4. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ხელშეკრულებების გაფორმებისას ი. გ–ა იყო შპს „........ სახელობის ........ი ...... კლინიკის“ ფინანსური დირექტორი და წარმოადგენდა მოხელესთან გათანაბრებულ პირს. ასევე, სადავო არ არის ი. გ–ასა და ლ. გ–ს შორის მეზობლური, ხოლო გ. ყ–სა და ლ. გ–ს შორის ნათესაური კავშირის არსებობა.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შპს „........ ის სახელობის ........ი ......... კლინიკის“ შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტის 2022 წლის ანგარიშსა და სასამართლოს წინაშე დაკითხული აუდიტორების – გ. გ–სა და ა. კ–ს ჩვენებებს, რომლებმაც, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დეტალურად და თანმიმდევრულად განმარტეს, თუ როგორ ჩაერთნენ ..... საავადმყოფოს აუდიტის პროცესში და რა სახის დარღვევები გამოვლინდა. მათი განმარტებით, შესწავლილ იქნა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული პროცედურები, რა დროსაც, გამოვლინდა დარღვევები, რომლებიც შეეხებოდა ბაზრის კვლევას, დოკუმენტებში დაფიქსირებულ თარიღებს, მშენებლობის ნაწილს, დოკუმენტაციის არასწორად შედგენას, რაც ასევე დეტალურადაა აღწერილი ხსენებულ აუდიტის ანგარიშში.

5.6. მოწმეთა ჩვენებებითა და აუდიტის ანგარიშით დასტურდება, რომ ბაზრის კვლევის დროს გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. კერძოდ, გამარჯვებულად ცნეს კომპანია, რომელსაც არ ჰქონდა მსგავსი მოცულობისა და მასშტაბის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ახსნა-განმარტებებისას მიიღეს ინფრომაცია ლ. გ–ისა და გ. ყ–ის ნათესაური კავშირის შესახებ. ანგარიშიდან ირკვევა, რომ კლინიკამ ი/მ გ. ყ–თან პირველი ხელშეკრულება გააფორმა, როგორც არაუფლებამოსილ პირთან, რადგან იგი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ იყო რეგისტრირებული მიმწოდებლად. ბაზრის კვლევის მიზნით, კლინიკამ პოტენციურ მიმწოდებლებთან წინადადებები ფორმალრად გაგზავნა. კერძოდ, ი/მ გ. ყ–თან ხელშეკრულება გააფორმა 2020 წლის 14 დეკემბერს, ხოლო წინადადებები გაიგზავნა 2020 წლის 22 დეკემბერს. ამასთან, მომწოდებლებს მოსთხოვეს განფასების იმ დღესვე წარდგენა, რაც დიდი ტერიტორიის გამო, ვერ მოესწრებოდა დროის ასეთ მცირე პერიოდში. ანგარიშის მიხედვით, კლინიკასა და ი/მ გ. ყ–ს შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე შედგენილი იყო ფარული სამუშაოების აქტები, რომლებიც თარიღდება 2020 წლის 8 და 9 დეკემბრით.

5.7. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2020 წლის 14 დეკემბრის N........ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებაზე მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა 2020 წლის 16 დეკემბერსა და 2020 წლის 18 დეკემბერს, თანხებიც იმავე დღეს ჩაირიცხა ი/მ გ. ყ–ის ანგარიშზე. მოწმეთა განმარტებით, სამუშაო, მისი მოცულობიდან გამომდინარე, ასეთ მცირე დროში ვერ შესრულდებოდა. ანალოგიური ფიქტიური მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2020 წლის 28 დეკემბრის N..... ხელშეკრულების საფუძველზე, თანხით - 706 683,25 ლარი. აღნიშნული თანხა გადაირიცხა იმავე დღეს – 2020 წლის 28 დეკემბერს. გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობდა შესრულებული ფარული სამუშაოების აქტების წარმოება. არცერთ მიღება-ჩაბარების აქტს არ ახლდა შუალედურ და დასრულებულ სამუშაოებზე შედგენილი ინსპექტირების დასკვნა, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, არცერთ შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები. მიღება-ჩაბარების აქტები სისტემატურად ფორმდებოდა ფაქტობრივად დაუსრულებელ სამუშაოებზე.

5.8. მოწმეთა განმარტებით, ფარული სამუშაოებისა და ინსპექტირების აქტები იყო ზოგადი ხასიათის, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ინსპექტირების აქტიდან ვერ ირკვეოდა, თუ რაზე გაკეთდა ინსპექტირება, ფარული სამუშაო იყო, თუ – ღია. ამ აქტის საფუძველზე კლინიკის მიერ გადაირიცხა თანხები. ფარული სამუშაოების აქტებში ასევე არ იყო დეტალურად ასახული კონკრეტულად, რა სამუშაო შესრულდა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას, ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე, შეეძლო სახელშეკრულებო თანხის მხოლოდ 80 პროცენტის გადარიცხვა, მან 80 პროცენტზე მეტი ჩარიცხა, რაც დარღვევას წარმოადგენდა. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, სახელშეკრულებო თანხები ჯამურად შეადგენდა – 3 055 770,67 ლარს, ხოლო გადარიცხული თანხები – 2 618 849,07 ლარს, რაც სახელშეკრულებო თანხის 86%-ია, ხოლო 6% – 183 346,24 ლარი გადარიცხულია ზედმეტად.

5.9. ანგარიშიდან ირკვევა, რომ კლინიკის წარმომადგენლმა, ლ. გ–მა შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ფაქტობრივ დანახარჯებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ და მოითხოვა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა, იმის გამო, რომ კლინიკამ საექსპერტო დაწესებულებას არ წარუდგინა აუცილებელი დოკუმენტები, საექსპერტო დასკვნის გაცემა ვერ მოხერხდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია საქმეში არსებული შესაბამისი კორესპონდენციით და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების – ბ. ბ–სა და დ. ფ–ს ჩვენებებით.

5.10. ამასთან, როგორც ანგარიშში აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკასა და ი/მ გ. ყ–ის შორის გაფორმებული სამივე ხელშეკრულების ღირებულება აღემატებოდა 200 000,00 ლარს, კლინიკას, კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, არცერთი ხელშეკრულების ფარგლებში არ მოუთხოვია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები. გარდა ამისა, ზოგიერთი სასაქონლო ზედნადების დასრულების ადგილად კლინიკის მისამართის ნაცვლად, მითითებულია სხვა მისამართები. ზედნადებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 107 974,00 ლარი.

5.11. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ......... საავადმყოფოს შესყიდვების სამსახურის უფროსის – თ. გ–ს ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, ხელშეკრულებაზე ხელს არ აწერდა, ი. გ–ა კი სთხოვდა ხელის მოწერას და ეუბნებოდა, რომ დოკუმენტების არქონა პრობლემა არ იქნებოდა. ერთ შემთხვევაში, იძულებული გახდა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, თუმცა შენიშვნის სახით მიაწერა, რომ არ ეთანხმებოდა მას.

5.12. ასევე, აღსანიშნავია მოწმე ლ. კ–ს ჩვენება, რომლის თანახმად, ი. გ–ას დავალებით დაიწყო ბაზრის კვლევა, თუმცა, პროცედურების დამთავრებამდე, სრულიად შემთხვევით, აღმოაჩინა, რომ სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, რაზეც ი. გ–ამ უპასუხა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები. კანონის მიხედვით, თანხის ჩარიცხვა მიღება-ჩაბარების აქტებით უნდა მომხდარიყო, მაგრამ გარკვეული თანხები უკვე გადახდილი ჰქონდათ ინდ. მეწარმისთვის. ძველი თარიღები მიღება-ჩაბარების აქტებზე საჭირო იყო, რათა წესრიგში ყოფილიყო ყველაფერი. პირველ ხელშეკრულებაზე თარიღი არ წერია, რადგან სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. ფარული სამუშაოს აქტები მოგვიანებით გაკეთდა, რათა ექსპერტიზის ბიუროში წარედგინათ. ლ. კ–მ დაადასტურა, რომ დავალებებს ი. გ–ასგან და ლ. გ–ისგან იღებდა.

5.13. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს შპს „.........ს სახელობის ........ი .......... კლინიკის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის – ლ. გ–ს ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ კლინიკაში ფინანსებს განაგებდა და სარემონტო სამუშაოებს ზედამხედველობდა ი. გ–ა. ინსპექტირების ჯგუფის წევრები ანგარიშვალდებული იყვნენ ი. გ–ასთან. საგულისხმოა ასევე ნ. ჩ–სა და დ. ხ–ს ჩვენებები, რომლებმაც ასევე დაადასტურეს, რომ კლინიკის ფინანსურ საკითხებს კურირებდა ი. გ–ა და ტრანზაქციები მისი მითითებით ხორციელდებოდა.

5.14. მოწმეებმა – ა. ბ–მა, ა. ნ–მ და ზ. ა–მა დაადასტურეს, რომ მიღება-ჩაბარებისა და ინსპექტირების აქტებს ი. გ–ასა და ლ. გ–ის დავალებით აწერდნენ ხელს.

5.15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 9 თებერვლის N........ ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგინდა შემდეგი:

– შპს „.......... სახელობის ........ი ........ კლინიკის“ დაკვეთით, ი/მ გ. ყ–ის მიერ, 2020 წლის წლის 28 დეკემბერს გაფორმებული N......... ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული, ქ. თ–ში ........ს გამზირზე, N..-ში (ნაკვეთი ........) განთავსებული შენობა-ნაგებობა N..-ის (ს/კ ..........) მიწის ზედა მე-.., მე-.., მე-.. და მე-.. სართულებზე შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, დანარიცხების გათვალისწინებით, შეადგენს (მათ შორის, ფარული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინების შემთხვევაში) 1 158 449,95 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოების აქტებში (ფორმა N.-ებში, წარმოდგენილი ოთხ ეტაპად) მითითებული 1 459 420,45 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 300 970,50 ლარს.

– შპს „.......... ........ი ....... კლინიკის“ დაკვეთით, ი/მ გ. ყ–ის მიერ, 2021 წლის 16 მარტს გაფორმებული N........ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული, ქ. თ–ში ......ას გამზირი, N..-ში განთავსებული შენობა-ნაგებობა N..-ის მიწისზედა მე-.., მე-.., მე-.. და მე-.. სართულებზე შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, დანარიცხების გათვალისწინებით (მათ შორის, ფარული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინების შემთხვევაში) შეადგენს 1 104 308,66 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N..-ებში, წარმოდგენილი ორ ეტაპად) მითითებული 1 384 105,80 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 279 797,14 ლარს.

– შპს „.......... სახელობის ........ი ........ კლინიკის“ დაკვეთით ი/მ გ. ყ–ის მიერ, 2020 წლის წლის 14 დეკემბერს გაფორმებული N...ხელშეკრულების ფარგლებში ქ. თ–ში ......ას გამზირი, N..-ში შესრულებული სამუშაოები წარმოადგენს ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო და სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება, გაზიარებული იქნა წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N..-ებში, წარმოდგენილი ორ ეტაპად) მითითებული მოცულობების და ღირებულების შესაბამისად და შეადგენს 212 244,42 ლარს.

5.16. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ. ფ–მა. ექსპერტმა განმარტა, რომ იგი უშუალოდ იყო მისული კლინიკაში, თავად აზომა შესრულებული სამუშაოები და შეადარა ი/მ გ. ყ–ის მიერ კლინიკაში წარდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებს, რომლებშიც სრულად გაითვალისწინა შემსრულებლის მიერ მითითებული ფარული სამუშაოები. ასევე, ლ. გ–ის თანდასწრებით ნახა ზედმეტად შესრულებული სამუშაოები და შეიყვანა ექსპერტიზის დასკვნაში.

5.17. საქმეში არსებული მტკიცებულებებით (შპს „........ სახელობის ........ი .... კლინიკის“ 2023 წლის 10 მარტის წერილის დანართის დათვალიერების ოქმით, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახდო შემოწმების მე-.. სამმართველოს მთავარი აუდიტორების – ბ. მ–სა და ი. კ–ს დასკვნით, აუდიტორების ჩვენებებით) დასტურდება, რომ კლინიკასა და ი/მ გ. ყ–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 3 055 770,67 ლარს. გ. ყ–ის (პ/ნ ...........) ს.ს „......... ბანკში“ გახსნილ N...................... .. საბანკო ანგარიშზე 16.12.2020 წლიდან 14.05.2021 წლამდე პერიოდში შპს „............. სახელობის ........ი .......... კლინიკიდან“ (ს/ნ ............) ჩარიცხულია 2 618 849,07 ლარი, დარჩენილია 436 921,6 ლარი. ჩარიცხული თანხიდან საქონლის/მომსახურების შესაძენად გადარიცხულია 1 658 336,61 ლარი.

5.18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამოძიების არასრულყოფილად წარმართვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. გ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილ დანაშაულთა ჩადენა.

5.19. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის საფუძველზე, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სწორედაც რომ მხარეთა კომპეტენციაა მტკიცებულებათა მოპოვება და წარმოდგენა. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს, მოიპოვოს და წარადგინოს ესა თუ ის მტკიცებულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის №1146აპ-24 განაჩენი).

5.20. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი) ვერაფრით შეფასდება დაცვის სასარგებლო მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. მხარეებს აქვთ თანასწორი შესაძლებლობა, მოეპოვონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები, გამოეთვან საკუთარი და გააქარწყლონ საპირისპირო მხარის მოსაზრებები, ჰქონდეთ პოზიციები როგორც თავისი, ისე – მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სამხილებთან მიმართებით. დაცვის მხარეს აქვს ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად იზრუნოს სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, ჩაატაროს სასურველი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები და არ იყოს საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2022 წლის 17 იანვრის №920აპ-21 განჩინება; 2025 წლის 28 იანვრის №995აპ-24 განაჩენი; 2025 წლის 23 იანვრის №967აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 24 დეკემბრის №872აპ-24 განაჩენი).

5.21. უზენაესი სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს, ი. გ–ა ქვეყანაში არსებული კოვიდ პანდემიის გამო, მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმეტს ამომწურავი პასუხი გასცა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს და აღნიშნავს, რომ ი. გ–ასათვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები ვერაფრით გამართლდება უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ადვოკატთა მიერ მითითებულ საკითხზე აპელირება უკიდურესი აუცილებლობის არსის არასწორ აღქმას ეფუძნება.

5.22. საკასაციო პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივარში ასახულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია პირისთვის თანხის/საგნის გადაცემას საფუძვლად დაედოს მოტყუება, როგორც ქონების დაუფლების ხერხი, თუმცა, იმავდროულად, სასამართლოსათვის გაუგებარია, როგორ გამორიცხავს დაცვის მხარე მსჯავრდებულის ქმედებაში მოტყუების არსებობას, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება სათანადო დოკუმენტებში ყალბი მონაცემების, მათ შორის – ხელშეკრულებებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების არასწორად ასახვა, რაშიც გამოიხატა მოტყუება და რაც საფუძვლად დაედო თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას.

5.23. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით დამატებითი კვალიფიკაციის არამართებულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ყალბი დოკუმენტის გამოყენება, როგორც მოტყუების ერთ-ერთი ფორმა, ნამდვილად წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – თაღლითობის შემადგენელ, კონსტრუქციულ ელემენტს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე ი. გ–ას ედავება ყალბი დოკუმენტის არა გამოყენებას, არამედ – შედგენას, რაც დოკუმენტის გამოყენებისგან განსხვავებით, ვერ იქნება მოცული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციით და საჭიროების დამატებით კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის შესაბამისი – ამ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით.

5.24. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში თაღლითობის განზრახვისა და მიზნის არარსებობის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტს. კასატორთა პოზიციის საწინააღმდეგოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 20%-ის ჩარიცხვა დამოკიდებული იყო შესრულებული სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და ღირებულების დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაზე, თუმცა, ამგვარი რეგულაციის არსებობა თავითავად არ გამორიცხავს ი. გ–ას მხრიდან თაღლითობის განზრახვას, რადგან, როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, სახელშეკრულებო თანხები ჯამურად შეადგენდა 3 055 770,67 ლარს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე გადარიცხული თანხები – 2 618 849,07 ლარს, რაც სახელშეკრულებო თანხის 86%-ია, ხოლო 6% – 183 346,24 ლარი – გადაირიცხა ზედმეტად. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მითითებული რეგულაცია მსჯავრდებულისათვის არ აღმოჩნდა შემზღუდავი და არ გამხდარა იმაზე უფრო მეტი ოდენობის თანხის გადარიცხვის დამაბრკოლებელი გარემოება, ვიდრე ეს თავად ამ რეგულაციით იყო დადგენილი. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არათუ გამორიცხავს, არამედ კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოსაყვანად პირის ნების მიზანმიმართულობასა და განზრახვას. დაცვის მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ თითქოს, ექსპერტები პანდემიის გამო თავად არ მივიდნენ ექსპერტიზის ჩასატარებლად, საფუძველს მოკლებულია, რადგან საწინააღმდეგო დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით (ექსპერტთა ჩვენებები და წერილები), რომელთაგანაც ირკვევა, რომ ექსპერტიზის ჩაუტარებლობა განპირობებული იყო კლინიკის მიერ სათანადო დოკუმენტაციის/მასალების წარუდგენლობით.

5.25. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება კასატორთა მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მსჯავრდებული არ მოქმედებდა ინდივიდუალურად და ყოველ მის ქმედებას ათანხმებდა კლინიკის დირექტორთან, შეუძლებელია, ადგილი ჰქონოდა მისი მხრიდან მოტყუებას. სასამართლო ითვალისწინებს შპს „............ სახელობის ........ი ......... კლინიკის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის – ლ. გ–ს ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ თავად ლ. გ–ე ნაკლებად იყო ჩართული სამშენებლო-სარემონტო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან არ გააჩნდა სათანადო კომპეტენცია და ამ მხრივ, სრულად ენდობოდა ი. გ–ას, რომელიც განაგებდა ფინანსებს და ხელმძღვანელობდა სარემონტო სამუშაოებს. მისი განმარტებით, დოკუმენტებს ისე მოაწერა ხელი, რომ თარიღები არ შეუმოწმებია.

5.26. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს კასატორთა მითითებას ზიანის ანაზღაურებისა და დაზარალებულის მიერ პრეტენზიის არქონის შესახებ და განმარტავს, რომ მითითებული გარემოებები გავლენას ვერ იქონიებს პირის დამნაშავედ/უდანაშაულოდ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას. დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების ფაქტი და დაზარალებულის პოზიცია შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას.

5.27. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. გ–ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ძ–ისა და რ. ლ–ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე