Facebook Twitter

საქმე N 340100124008659091

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №380აპ-25 14 ივლისი, 2025 წელი

ი–ი ფ., №380აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ფ. ი–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას – ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის მაისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ფ. ი–ი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის – ხ. ვ–ას მიმართ, კერძოდ, მას მიიჩნევდა საკუთრებად, ჩამოართვა მობილური ტელეფონი, უკრძალავდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობასა და სახლიდან გასვლას, რის გამოც, აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც იწვევდა ხ. ვ–ას ტანჯვას.

1.3. 2023 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ფ. ი–მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ხ. ვ–აზე, რა დროსაც, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ კი სანთებელით დაუწვა მარჯვენა ხელი, ვინაიდან ხ. ვ–ას სურდა მასთან განქორწინება, ხოლო ფ. ი–ი იყო განქორწინების წინააღმდეგი, მეუღლეს მიიჩნევდა საკუთრებად, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. აღნიშნული ძალადობის შედეგად, ხ. ვ–ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

1.4. 2023 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ლ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ფ. ი–მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – ხ. ვ–აზე, რა დროსაც, თმაში ძლიერად მოქაჩა, რის შემდეგაც, თავისა და სახის არეში, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ვინაიდან ხ. ვ–ას სურდა მასთან განქორწინება, ხოლო ფ. ი–ი იყო განქორწინების წინააღმდეგი, მეუღლეს მიიჩნევდა საკუთრებად, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. აღნიშნული ძალადობის შედეგად, ხ. ვ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ფ. ი–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამასთან, ვერ დადგინდა ფ. ი–ის მიერ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების (რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას – ოჯახის წევრის მიმართ) ჩადენა.

2.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, ფ. ი–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

ფ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

ფ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. ი–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

2.3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ფ. ი–ის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სანქციით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება.

ფ. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

ფ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.

ფ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 31 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და ფ. ი–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.

ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ფ. ი–ს მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი 3 თვით: მსჯავრდებულ ფ. ი–ს აეკრძალა დაზარალებულ ხ. ვ–ასთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ხ. ვ–ა იმყოფებოდეს და მასთან რაიმე ფორმით ურთიერთობა; ასევე დაზარალებულ ხ. ვ–ასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

3.2. 2025 წლის 7 აპრილს, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, ფ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სანქციის ფარგლებში გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ფ. ი–ის გამართლების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს მის მიერ ბრალადწარდგენილი ყველა ეპიზოდის ჩადენას. დაზარალებულისა და მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №.......... და №........... დასკვნებით უტყუარად დგინდება ფ. ი–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მეორე ნაწილით ფ. ი–ის გამართლების ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი გარემოებები, სისტემატიური შეურაცხყოფისა და ძალადობის მსჯავრდებასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ფ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდების ნაწილში.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ფ. ი–ის მიერ ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდების ნაწილში, წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

5.4. საკასაციო პალატის ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, დაზარალებულის ჩვენების გარდა სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ფ. ი–ის მიერ ხ. ვ–ას მიმართ ზემოხსენებულ სადავო ეპიზოდში დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენას - სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია სხვა ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც ქმედების ჩადენას დაადასტურებს.

5.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.7. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ფ. ი–ის მიერ ხ. ვ–ას მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფისა და ძალადობის განხორციელება (აღნიშნულ დანაშაულებში მას მსჯავრი დაედო), ხოლო სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს მის მიერ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების (რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას – ოჯახის წევრის მიმართ) ჩადენას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.8. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დაზარალებულ ხ. ვ–ას, აგრეთვე მოწმეების ს. ს–ს, ქ. ვ–ს ჩვენებებით, რ. ვ–ს გამოკითხვის ოქმით, დგინდება რომ ფ. ი–ი სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის – ხ. ვ–ას მიმართ, კერძოდ, აყენებდა მას სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაზარალებულს ჩამოართვა მობილური ტელეფონი, უკრძალავდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობასა და სახლიდან გასვლას, ამცირებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც იწვევდა ხ. ვ–ას ტანჯვას, რაც აგრეთვე დადასტურებულია დაზარალებულთან ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 14 მარტის №......... დასკვნით, ხოლო რაც შეეხება მის მიმართ 2023 წლის 31 დეკემბერს განხორციელებულ ძალადობას ზემოხსენებული მოწმეების გარდა ასევე ადასტურებს მ. ბ–ც. მათ საკუთარი თვალით იხილეს, ფაქტის შემდეგ განვითარებული მოვლენები და დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობა. სადავო ეპიზოდთან მიმართებით კი ზემოხსნებული მოწმეების ჩვენებები არაინფორამციულია.

5.9. საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ფ. ი–ის მიერ დაზარალებულის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება, დაზიანების ხარისხის და ხანაზმულობის საკითხის განხილვა არალერევანტურია. რის გამოც ყურადღებას აღარ შეაჩერებს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №......... დასკვნაზე.

5.10. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.11. რაც შეეხება ფ. ი–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. სასამართლო მიუთითებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე