საქმე N 330100124009442605
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №385აპ-25 25 ივლისი, 2025 წელი
ნ–ი ს., №385აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ნ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ნ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ესე იგი პირადად დაზარალებულის და დაზარალებულის ოჯახის წევრის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რაც ხორციელდებოდა სისტემატურად და გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა) და საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის (პროკურორის) შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის აპრილიდან 2024 წლის 5 იანვრამდე დროის პერიოდში ს. ნ–ი სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას – ქ. მ–თან, მის მეუღლესთან – გ. კ–ესთან და ქ. მ–ის მულთან – ე. კ–ესთან. ს. ნ–ი 2022 წლის აპრილის თვიდან 2024 წლის იანვრამდე სხვადასხვა ინტერნეტ საკომუნიკაციო აპლიკაციების გამოყენებით შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს, მათ შორის შეურაცხმყოფელ ფოტოსურათებს უგზავნიდა ქ. მ–ს, გ. კ–ესა და ე. კ–ეს. ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად ს. ნ–ის სისტემატური ქმედებების შედეგად ქ. მ–მა განიცადა ემოციური სტრესი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
1.3. 2024 წლის 22 იანვარს, შუადღის საათებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-..დარბაზში უნდა გამართულიყო სისხლის სამართლის N........ საქმეზე ბრალდებულ ს. ნ–ის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა. ს. ნ–მა საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ თბილისის ........ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა. ა–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიმართა უწმაწური სიტყვებით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ს. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვითა და 18 დღით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ნ–მა და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ალტერნატიულ მოთხოვნას კი, წარმოადგენდა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენით, მსჯავრდებულ ს. ნ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის განაჩენში.
3.2. ს. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეხუთედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვითა და 18 დღით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა –თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
3.3. მსჯავრდებულმა ს. ნ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. მსჯავრდებულის პოზიციით, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულების ჩადენას. ადევნების ნაწილში ბრალდების მხარის მოწმეები არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და შესაბამისად, წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს. დაცვის მხარეს გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ დაზარალებულ ქ. მ–ის მეუღლე არის შინაგან საქმეთა სამინისტოს თანამშრომელი. ამასთან, სასამართლოს არ დაუდგენია, თუ ვინ გაუგზავნა დაზარალებულებსა და მოწმეებს მოკლეტექსტური შეტყობინებები ყალბი ანგარიშებიდან და მის მიმართ განხორციელებული ანგარიშსწორების უკან იდგა თუ არა თავად დაზარალებული. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია შეიცვალა თუ არა დაზარალებულმა ცხოვრების წესი, რაც ადევნების შემადგენლობის აუცილებელი წინაპირობაა. რაც შეეხება მის საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით მსჯავრდებას, ს. ნ–ს მიაჩნია, რომ ვინაიდან იმ დროს როდესაც ინციდენტი მოხდა არ იყო დაწყებული სასამართლო სხდომა პროკურორი არ უნდა იქნეს მიჩნეული პროცესის მონაწილედ. ამასთან, იგი საუბრობდა ტელეფონით და უწმაწური სიტყვები უთხრა მის მეგობარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს საკასაციო საჩივრის დაშვებას, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. ნ–ის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.4. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ქ. მ–ის, ასევე მოწმეების – გ. კ–ის, ე. კ–ის, ე. ჭ–ს ჩვენებები, 2024 წლის 11 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები ქმნიან ლოგიკურ ჯაჭვს დასკვნისათვის, რომ ს. ნ–მა სოციალური ქსელის ყალბი გვერდების გამოყენებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა დაზარალებულ ქ. მ–ს, მის ოჯახის წევრებს და მეგობარს. მან ქ. მ–ს, გ. კ–ეს, ე. კ–ესა და ე. ჭ–ას გაუგზავნა ერთიდაიგივე ფოტოკოლაჟი. მსჯავრდებულმა სოციალური ქსელის პირადი გვერდიდან ე. კ–ის სოციალური ქსელის გვერდზე დატოვა ანალოგიური ფოტოკოლაჟი და კომენტარი, რაც ყალბი გვერდებიდან იყო გაგზავნილი დაზარალებულის სოციალური ქსელების გვერდებზე. ს. ნ–მა გ. კ–ეს გაუგზავნა იგივე ფოტოკოლაჟი და შეურაცხმყოფელი შეტყობინება. ზემოხსენებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. ნ–ი დაზარალებულისა და მის ოჯახის წევრის მიმართ, სისტემატურად, ტელეფონის და ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, ხოლო ის ფაქტი, რომ მისმა ქმედებამ ქ. მ–ში გამოიწვია ემოციური სტრესი და ფსიქოლოგიური ტანჯვა, დადასტურებულია სასამართლო-ფსიქოლოგიუირ ექსპერტიზის N........... დასკვნითა და ექსპერტ მ.ა ბ–ს ჩვენებით. ამასთან, დაზარალებულის განმარტებით, სისტემატურად მუქარისშემცველი და სალანძღავი შეტყობინებების მიღების შემდეგ, იყო სტრესულ მდგომარეობაში და შეიცვალა ცხოვრების წესი, ეშინოდა სახლიდან გასვლა, მეგობრებსაც აღარ ნახულობდა და სახლში მარტო ვეღარ რჩებოდა; წამოვიდა სამსახურიდან, შეიცვალა საცხოვრებელი და გადავიდა სხვა მისამართზე. ამ პერიოდში ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი და მისი მძიმე ემოციური მდგომარეობა ცუდად აისახებოდა ბავშვზეც.
5.5. შესაბამისად, პალატის შეფასებით, ზემოხსენებული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზით დადასტურებულია როგორც ფაქტები, ასევე მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტი, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.6. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით ს. ნ–ის მსჯავრდებას საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ს. ნ–ის მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ჩადენა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის (პროკურორის) შეურაცხყოფით, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულ ა. ა–ს, მოწმეების – ზ. ჯ–ს, ზ. ო–ს ჩვენებები, ნივთიერი მტკიცებულების (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის მე-19 დარბაზის ჩანაწერი) გახსნისა და დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ქმნიან საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №373აპ-18, №566აპ-17 და №641აპ-17 გადაწყვეტილებები), რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
5.8. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, მნიშვნელოვან გარემოებებს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის დრო და ადგილი. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს. ნ–მა დაზარალებულ ა. ა–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლო სხდომის დარბაზში, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. ა–ი მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მხარს უჭერდა სახელმწიფო ბრალდებას. შესაბამისად, კასატორის არგუმენტი, რომ ვინაიდან არ იყო დაწყებული სასამართლო სხდომა, პროკურორი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართალწარმოების მონაწილედ – საფუძველსმოკლებულია.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ნ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე