Facebook Twitter

საქმე N 330100124008745821

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №398აპ-25 ქ. თბილისი

ც–ე გ., 398აპ-25 16 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 სექტემბრის განაჩენით გ. ც–ე, − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. ც–ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საბოლოოდ, გ. ც–ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

გაუქმდა გ. ც–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

გ. ც–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 4 იანვრიდან.

2. აღნიშნული განაჩენის თანახმად, გ. ც–ეს მსჯავრად ედება:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით;

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, კერძოდ, ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გ. ც–ის მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ც–ემ, 2024 წლის 4 იანვარს, დილის საათებში, თ–ში, ........ ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლში, დეიდას − ნ. ც–ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი, ფეხი ჩაარტყა ფეხში და დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ც–ემ, 2024 წლის 4 იანვარს, დილის საათებში, თ–ში, .......... ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლში, დეიდას − ნ. ც–ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით, ფეხის არეში ურტყამდა ფეხს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის საპროექციოდ, ლატერალურ ზედაპირზე მიიღო ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ü თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ც–ემ, 2024 წლის 4 იანვარს, დილის საათებში, თ–ში, ........ ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ სახლში, გაბრაზებულმა იმ ფაქტით, რომ დეიდამ − ნ. ც–ემ, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვერ შეძლო ელექტრო გამათბობლის შეკეთება, ნ. ც–ის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით, მარჯვენა ხელში მოჰკიდა ხელი და გადაუტრიალა, რის შედეგადაც, მან მიიღო მარჯვენა იდაყვის ძვლის დიაფაზის მოტეხილობა, შუა და დისტალური მესამედის საზღვარზე, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ც–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გ. ც–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განაჩენით: მსჯავრდებულ გ. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 სექტემბრის განაჩენში გ. ც–ის მიმართ შევიდა ცვლილება:

გ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ც–ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველო სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და საბოლოოდ, გ. ც–ეს, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 4 იანვრიდან;

ცნობად იქნა მიღებული, რომ გ. ც–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ც–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ–მ. ადვოკატი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გ. ც–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა გ. ც–ის ბრალეულობას; გ. ც–ის ბრალეულობა დაზარალებულის ჩვენების გარდა, არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, ვინაიდან ისინი ირიბია; უტყუარად არ დასტურდება არც ის ფაქტი, რომ გ. ც–ე დეიდასთან − ნ. ც–ესთან ერთად ცხოვრობდა და მასთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას; სამედიცინო ექსპერტმა ქ. ბ–მა სასამართლოში განმარტა, რომ მას დაზარალებული არ შეუმოწმებია და დასკვნა გასცა დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ გ. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ–ს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და სასამართლომ უკანონოდ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ც–ის მიერ მის მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, დანაშაულების, რაც, გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, კერძოდ:

9. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ. ც–ემ სასამართლოს დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად განუმარტა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განვითარებული მოვლენები. მან აღნიშნა, რომ დისშვილთან − გ. ც–ესთან ერთად ცხოვრობდა მისი დაბადებიდან და სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ, ქ. თ–ში, ......... ჩიხის მიმდებარედ. გ–ს ზრდიდა საკუთარი შვილისავით. თ–ს რაიონში ჰქონდათ სოფელიც და ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას. გ–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, შემდეგ ხდებოდა აგრესიული. გ– ნასამართლევი იყო დაზარალებულის მიმართ ძალადობისთვის. ისინი, გ–ს ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ისევ ერთად ცხოვრობდნენ. გ–ს ჰქონდა ფეთქებადი ხასიათი, იყო დეპრესიული, ძალიან განიცდიდა ყველაფერს და გააჩნდა გარკვეული შიშები. გ– მკურნალობდა ფსიქიატრთან. 2024 წლის 4 იანვარს, დილიდანვე, მსჯავრდებულმა მიიღო ნახევარი ბოთლი კონიაკი და, დაახლოებით, 12:00 საათზე, ფეხზე წამოდგომის დროს ფეხი წამოჰკრა ელექტროქურას, რომელსაც სპირალი გადაეწვა და გაითიშა. გ– შეეცადა შეკეთებას, მაგრამ ვერ შეაკეთა და როდესაც თავადაც მივიდა მასთან, გაღიზიანებულმა, თავში მუშტი ჩაარტყა, ასევე მარცხენა ხელის თითებზე მოჰკიდა ხელი და გადაუწია, შემდეგ მარჯვენა ხელში მოჰკიდა ხელი და გადაუგრიხა. დაზარალებულმა გაიგონა ძვლის ტკაცანის ხმა და იგრძნო ძლიერი ტკივილი. შემდეგ კი გ. ც–ე დაზარალებულისგან დაჟინებით ითხოვდა ელექტროქურის ჩართვას. როდესაც ვერ შეეძლო ჩართვა, გ–მ ისევ ჩაარტყა მხარში, თმაში მოჰქაჩა და ბღუჯად შერჩა ხელში. შემდეგ ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ფეხში, რაც ძალიან ეტკინა. ხელი მოტეხილი ჰქონდა. მხრებსა და თავში მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა. დაზარალებული განიცდიდა ტკივილს, ხოლო გ– სახლიდან არ უშვებდა. ნ–მ ბოლოს ეზოში სარეცხის გაფენა მოიმიზეზა. გარეთ გასულს ბეჭებში ჩაარტყა ხელი, რა დროსაც კვლავ ძლიერი ტკივილი იგრძნო. ეზოში გასვლის შემდეგ, გ–მ რაღაცაზე გადაიტანა ყურადღება და ამ დროს შეძლო გაქცევა, ჩავიდა ს–ს ქუჩაზე, ტელეფონით დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. გ– ხშირად სთხოვდა ფულს მას და თ. ც–ეს (გ. ც–ის დედა), რის გამოც, თამარი წასული იყო სახლიდან, გ–ს დაემალა და როდესაც დაბრუნდა, მას ყველაფერი მოუყვა მომხდარის შესახებ.

10. დაზარალებულ ნ. ც–ის ჩვენებას სრულად შეესაბამება და ამყარებს საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები:

ü მოწმე თ. ც–ის გამოკითხვის ოქმი, რომლითაც სრულად დასტურდება დაზარალებულის მიერ გადმოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და თანხვდენილია მის ჩვენებას. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების გამო, გ– ვერ აკონტროლებდა თავის საქციელს და ოჯახის წევრებს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, ცდილობდნენ გარიდებოდნენ მას. მოწმე ხშირად მიდიოდა სახლიდან და ხან მეგობრებთან იმყოფებოდა, ხან ქუჩაში ათევდა ღამეს. თ. ც–ე 2024 წლის 3 იანვარსაც აღნიშნული მიზეზის გამო წავიდა სახლიდან. როდესაც მოწმეს უკვე მოჰბეზრდა ქუჩაში ღამის თენება, გადაწყვიტა სახლში მისვლა. 2024 წლის 8 იანვარს დაბრუნდა სახლში, სადაც ნახა, რომ ნ. ც–ეს მარჯვენა ხელი ჰქონდა თაბაშირში, ხოლო სხეულის სხვადასხვა ადგილებში სილურჯეები. შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, მან უპასუხა, რომ 2024 წლის 4 იანვარს, დღის საათებში, როდესაც ის და გ– მარტონი იყვნენ სახლში, გ– იყო ძლიერ ნასვამი და ელექტროგამათბობლის დაზიანებასთან დაკავშირებით, ნ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მოსტეხა მარჯვენა ხელი. შემდეგ ნ– გაპარულა სახლიდან და დაურეკავს 112-ში. იგი გადაუყვანიათ საავადმყოფოში, რომელშიც ჩაუტარეს მკურნალობა. ნ–სგან გაიგო, რომ გ– დაუკავებიათ იმავე დღეს და შეუსახლებიათ ციხეში. ამ ამბის გაგების შემდგომ ხასიათზე მოვიდა, რადგან იცოდა, რომ ღამეს ისევ სახლში გაათენებდა და რომ არ ექნება არაფრის შიში, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში, სანამ გ– დაკავებული იქნებოდა. მოწმემ მოითხოვა, გ–სათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად.

ü დაზარალებულის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მისი გამცემი ექსპერტის, ქ. ბ–ს ჩვენება, რომელთა მიხედვით, დგინდება, რომ ნ. ც–ემ გ. ც–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა იდაყვის ძვლის (დიაფიზი) მოტეხილობა შუა და დისტალური მესამედის საზღვარზე, წვივის სხვა და დაუზუსტებელი ნაწილის დაჟეჟილობა, წვივის სხვა ნაწილის ღია ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, საფეთქლის მიდამოში აღენიშნებოდა მცირე კანქვეშა ჰემატომა და ექსკორიაციები, მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის საპროექციოდ, ლატერალურ ზედაპირზე-ჭრილობა, მრავლობითი სისხლჩაქცევები: ცხვირის, თვალბუდის, მარცხენა მტევნის, მარჯვენა მტევნისა და წინამხრის, მარცხენა წვივის არეში. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. მარჯვენა იდაყვის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა შუა და დისტალური მესამედის საზღვარზე მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის საპროექციოდ, ლატერალურ ზედაპირზე-ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სისხლჩაქცევები, ჰემატომა და ექსკორიაციები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ჭრილობის, სისხლჩაქცევების, ჰემატომის და ექსკორიაციების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანებათა მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო, თუმცა მარჯვენა იდაყვის ძვლის დიაფიზის მოტეხილობის შემთხვევაში რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს (04.01.24 წ.)

ü დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რა დროსაც დაზარალებულმა გამომძიებელს დეტალურად მიუთითა მომხდარი ფაქტის გარემოებებზე.

ü ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და 112-ის ოპერატორთან დაზარალებულის საუბრის ჩანაწერი, რომელთა მიხედვით, დადგენილია შემდეგი: ნ. ც–ე 112-ის ოპერატორს უცხადებს, რომ იმყოფება ნაძალადევის რაიონში, სააკაძის 79-ში მე-10 საშუალო სკოლის უკან. ტრავმირებულია, არის ნაცემი, გამოქცეულია სახლიდან და სურს სასწრაფოს გამოძახება. დაზიანებები აქვს სახის, თავის და ფეხების არეში. ნ. ც–ე აცხადებს, რომ ცხოვრობს ფსიქოლოგიურად დაავადებულ დისშვილთან – გ. ც–ესთან ერთად, რომელთან ყოფნაც შეუძლებელია, ვინაიდან იგი აგრესიულია, დაავადებულია ფსიქოზით და ასევე არის პრობაციონერი.

ü გ. ც–ის მიმართ ჩატარებულ სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნასა, რომლის მიხედვით დგინდება შემდეგი: გ. ც–ეს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი ....; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, იგი დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იგი იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც არ გამორიცხავს შერაცხადობას.

11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გ. ც–ის მიმართ წარსულში გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულს, დეიდის − ნ. ც–ის მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამო, მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულიად საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გ. ც–ის ბრალეულობის დასადასტურებლად. ამასთან, სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზეც, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 სექტემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ც–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი