საქმე N 330100122006209150
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №444აპ-25 23 ივლისი, 2025 წელი
მ–ი რ., №444აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ს–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. მ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 24 ივნისს, ღამით, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ–ში, ....ს ქუჩის №...-ს მიმდებარედ, რ. მ–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სცადა გ. ვ–ის, თ. ბ–ისა და ე. ჩ–ის განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით, თანნაქონი დანის გამოყენებით გ. ვ–ს მუცლის წინა კედელზე მიაყენა ოთხი ჭრილობა, მათ შორის, ერთი შემავალი ჭრილობა – ეპიგასტრალურ არეში. ასევე, ამავე თანნაქონი დანის გამოყენებით, თ. ბ–ეს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ექვსი ჭრილობა, მათ შორის, ერთი შემავალი ჭრილობა მუცლის არეში. ასევე, თანნაქონი დანის გამოყენებით ე. ჩ–ეს მიაყენა წარბისა და მუხლის არეში ნაკვეთი ჭრილობები, თუმცა, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ადგილზე შეკრებილმა ხალხმა არ მისცა გ. ვ–ის, თ. ბ–ის და ე. ჩ–ის მოკვლის საშუალება. აღნიშნულის შემდეგ რ. მ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გ. ვ–ი, თ. ბ–ე და ე. ჩ–ე გადაყვანილ იქნენ .......ს სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განაჩენით რ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. მ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. ს–ამ და ა. შ–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა რ. მ–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 6 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. მ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ს–ამ. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. მსჯავრდებულ რ. მ–ის შეფასებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, რადგან საპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ობიექტურად არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.
4.2. ადვოკატის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. მ–ის მიერ განხრაზ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, რადგან მას დაზარალებულებთან ნაცნობობა არ აკავშირებდა, მოწმეთა მიერ თითქოს რ. მ–ის ხელთ დანახული დანა ბრალდების მხარეს არ ამოუღია, მსჯავრდებულის ტანსაცმელზე თ. ბ–ის სისხლის კვალის არსებობა განაპირობა რ. მ–ის მიერ თავდამსხმელთა მოგერიებამ. ამასთან, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლო რ. მ–ის განზრახვის დასადგენად დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდებს და არა უტყუარ მტკიცებულებებს. ადვოკატის შეფასებით, საჩივარი დასაშვებია, რადგან საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. მ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი რ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:
5.3. დაზარალებულების – თ. ბ–ის, გ. ვ–ისა და ე. ჩ–ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2022 წლის 24 ივნისს, საღამოს, დაახლოებით, 22:00 საათზე, იმყოფებოდნენ ქ. თ–ში, ........ის ქუჩაზე მდებარე მარკეტ „ვ–ს“ მიმდებარედ, რა დროსაც, გამოიარა მათთვის უცნობმა ოთხმა-ხუთმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლებიც ხმამაღლა ბილწსიტყვაობდნენ, უმისამართოდ იგინებოდნენ, რის გამოც, მისცეს შენიშვნა. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში იგივე ჯგუფი, ოღონდ უფრო მეტნი, კვლავ დაბრუნდა ხმამაღალი ბილწსიტყვაობითა და უმისამართო გინებით, რის გამოც, კვლავ მისცეს შენიშვნა, რაზეც ამჯერად აგრესიულად უპასუხეს და გაიმართა ხელჩართული ჩხუბი. დაზარალებულების განმარტებით, თავად დანა არ ჰქონდათ. ჩხუბის დროს მიიღეს მრავლობითი ჭრილობები, თუმცა, რა დროს და ვის მიერ, არ იციან. ვინმეს ხელში დანა არ შეუნიშნავთ. განმარტეს, რომ ბრალდებულს არ იცნობდნენ და იმის დადასტურება ან უარყოფა, იმყოფებოდა თუ არა იგი შემთხვევის ადგილას, არ შეუძლიათ.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თვითმხილველ ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებს. მოწმეებმა – ნ. პ–მ, მ. გ–მ, გ. ბ–მ, ნ. ფ–მ და თ. ა–მ დაადასტურეს, რომ ჩხუბი მიმდინარეობდა, ერთი მხრივ, დაზარალებულებს, ხოლო, მეორე მხრივ, ძმებს – ბ. და გ. კ–ებსა და მათ სიძეს – რომან მამუდოვს შორის. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ რ. მ–ის ხელში შენიშნეს დანა. სხვა პირის ხელში მათ დანა არ დაუნახავთ. მოწმე გ. ბ–მა ასევე განმარტა, რომ ჩხუბში ჩართული დანარჩენი პირები, მათ შორის, ძმები კალაშნიკოვები, ხელ-ფეხით ჩხუბობდნენ. მოწმე მ. გ-მ განმარტა, რომ სწორედ დანით ხელში შევარდა მსჯავრდებული ჩხუბის ეპიცენტრში. ამ ფაქტიდან მალევე, რამდენიმე წამში დაიჭრა ერთ-ერთი დაზარალებული, ხოლო მოწმეებმა ნ. პ–მ და გ. ბ–მა აღწერეს, თუ როგორ იქნევდა რ. მ–ი ჩხუბის დროს დანიან ხელს და როგორ დაარტყა დაზარალებულებს მრავალჯერ დანა.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებები სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, მტკიცების საგანთან მიმართებით არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს, რის გამოც, მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ იკვეთება.
5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, კერძოდ:
5.7. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 31 აგვისტოს N...... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ჯ–მ) თანახმად, სს „ე–ს ჰოსპიტალების“ – .. სახელობის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №......-ის ჩანაწერების თანახმად, მოქალაქე თ. ბ–ე მოთავსდა აღნიშნულ კლინიკაში 24.06.22 წელს, 22:05 სთ-ზე (გაეწერა 29.06.22 წელს, 12:00 სთ-ზე). თ. ბ–ეს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი (სისხლმდენი) ჭრილობები შემდეგ მიდამოებში: 1) მუცლის მარჯვენა ნახევარში, ლატერალურ ზედაპირთან, მე-8-მე-9 ნეკნების პროექციაზე, შუა აქსილარულ (იღლიის შუა) ხაზზე – შემავალი მუცლის ღრუში; 2) გულმკერდის უკანა ზედაპირზე მე-5-მე-6 მალების პროექციაზე, სპინალური მორჩების მიმდებარედ (რომელიც ყრუდ მთავრდებოდა პარავერტებრულ კუნთებში, კტ. კვლევით-ჭრილობა ზურგის მიდამოში მარჯვნივ, რომელიც არ სცილდება ზურგის კუნთს, ორივე ფილტვის პარენქიმა დაზიანების გარეშე, ორმხრივ პლევრის ღრუ თავისუფალი); 3) კისერზე მარცხნივ, ლავიწზედა არეში (კანქვეშა კუნთის დაზიანებით); 4) მარცხენა მხრის ლატერალურ ზედაპირზე, მხრის თავის პროექციაზე; 5) მარცხენა მხრის ლატერალურ ზედაპირზე, შუა მესამედში; 6) მარცხენა იღლიის ფოსოში; 7) ტორსის უკანა ზედაპირზე, გავა-წელის არეში, წელის I-II მალების პროექციაზე; 8) გავა-წელის მიდამოში, გავის ძვლის თავთან. ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია ექსკორიაციები მუხლის არეში მარჯვნივ, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული ექსკორიაციების მორფოლოგიური აღწერილობის არარსებობის გამო. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2022 წლის 24 ივნისს. აღნიშნულთაგან მუცლის მიდამოში მარჯვნივ მე-8-მე-9 ნეკნების პროექციაზე, იღლიის შუა ხაზზე არსებული (მუცლის ღრუში შემავალი) ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო დანარჩენი ჭრილობები, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5.8. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 17 ოქტომბრის N........ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (რომლის სისწორე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ს. ბ–მ) თანახმად, წარმოდგენილი სს „ე–ს ჰოსპიტალები“ – „.......ის სახელობის რეფერალური ჰოსპიტალის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №........-ის ჩანაწერების თანახმად, გ. ვ–ი აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2022 წლის 24 ივნისიდან 2022 წლის 28 ივნისამდე. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით, გ. ვ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვილისებრი მორჩის ქვევით და მუცლის თეთრი ხაზის მარჯვნივ – შემავალი მუცლის ღრუში, ღვიძლის მარცხენა წილის დაზიანებით; ასევე მუცლის ღრუში არაშემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა თეძოს ფოსოს მიდამოში და მუცლის მიდამოში – ჭიპის მარცხენა ქვედა და მარჯვენა ქვედა მხარეს.
დაზიანება მუცლის ზედა მესამედში (ეპიგასტრიუმში) მახვილისებრი მორჩის ქვევით და მუცლის თეთრი ხაზის მარჯვნივ არსებული, მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2022 წლის 24 ივნისს.
დაზიანება მარცხენა თეძოს ფოსოს მიდამოში არსებული, მუცლის ღრუში არაშემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2022 წლის 24 ივნისს.
მუცლის მიდამოში – ჭიპის მარცხენა ქვედა და მარჯვენა ქვედა მხარეს არსებული ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 2022 წლის 24 ივნისს.
5.9. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 17 ოქტომბრის N007151522 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (რომლის სისწორე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ს. ბ–მ) თანახმად, წარმოდგენილი სს „ე–ს ჰოსპიტალები“ – „..........ს სახელობის რეფერალური ჰოსპიტალის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №.......-ის ჩანაწერების თანახმად, ე. ჩ–ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2022 წლის 24 ივნისს, 22:10 საათზე, საიდანაც გაეწერა 2022 წლის 25 ივნისს, 22:30 საათზე. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით, ე. ჩ–ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლმდენი ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა წარბის მიდამოში და სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში. დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. ვინაიდან სამედიცინო საბუთში მითითებული თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი არ არის დადასტურებული ობიექტური ნევროლოგიური სიმპტომატიკით დინამიკაში, აღნიშნული დიაგნოზის გაზიარებისათვის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას საფუძველი არ გააჩნია.
დაზიანება მარჯვენა წარბის მიდამოში არსებული ნახეთქი ჭრილობის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს – 2022 წლის 24 ივნისს.
დაზიანება მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობის სახით, განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს – 2022 წლის 24 ივნისს.
5.10. ამასთან, საგულისხმოა, რომ სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 28 თებერვლის N........ ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით (რომელიც დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ს. ყ–მა) დასტურდება, რომ რ. მ–ის ტანსაცმელზე აღმოჩენილია თ. ბ–ის სისხლი. ადვოკატი ამ გარემოებას რ. მ–ის მიერ თავდამსხმელთა მოგერიებით ხსნის, თუმცა, აღნიშული არგუმენტი ვერ გამოდგება პირის უდანაშაულობის სამტკიცებლად, რადგან საქმეში არსებული სხვა ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სრულიად საპირისპიროს მეტყველებს.
5.11. ზემოაღნიშნული ურთიერთთანხვდენილი და დამაჯერებელი მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია რ. მ–ის მიერ გ. ვ–ის, თ. ბ–ისა და ე. ჩ–ის მიმართ, დანის გამოყენებით, სხეულის სხავდასხვა არეში ჭრილობების მიყენების ფაქტი.
5.12. რაც შეეხება რ. მ–ის განზრახვას, უზენაესი სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის №142აპ-13 განაჩენი).
5.13. ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენი; 2024 წლის 4 ივლისის №152აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 ივლისის №152აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ოქტომბრის №1118აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 29 ნოემბრის №820აპ-24 განაჩენი).
5.14. უზენაესი სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით ქმედების კვალიფიკაციისას, სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენი).
5.15. მკვლელობის განზრახვის დასადგენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ზემოთგანხილული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ, დაზარალებულთათვის მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობას (დაზარალებულებს მიყენებული აქვთ მრავლობითი ჭრილობები), მათ ლოკალიზაციასა (ჭრილობები მიყენებულია, მათ შორის, სიცოცხლისათვის საშიშ ადგილებში) და სიმძიმეს (ზოგიერთი მათგანი განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს).
5.16. გარდა ამისა, რ. მ–ის ქმედების მიზანმიმართულობისა და განზრახვის დასადგენად, განსაკუთრებით საყურადღებოა მოწმეთა ჩვენებები. კერძოდ, მოწმე მ. გ–მ განმარტა, რომ ჩხუბის ინიციატორი მხარის მიერ, უწმაწური გინების ფონზე, ისმოდა შეძახილები - „დაგჩეხავ“, „ვერ გადამირჩები“, „ხომ მიიღეთ რაც გინდოდათ“. მისი განმარტებით, ბრალდებული კვლავ ცდილობდა დაზარალებულებისთვის დაზიანებების მიყენებას, თუმცა, ადგილზე შეკრებილმა ხალხმა შეაკავა. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა – გ. ბ–მა და თ. ა–მა. მათი განმარტებით, რ. მ–ს ხელში ეჭირა სისხლიანი დანა და ცდილობდა თ. ბ–ის, გ. ვ–ისა და ე. ჩ–ის მიმართულებით წასვლას, რომლებიც უკვე დაჭრილი იყვნენ. რ. მ–ი ხელიდან დაუსხლტა მეუღლეს, რომელიც ცდილობდა მის შეჩერებას და წავიდა დაზარალებულთა მიმართულებით, თუმცა, ადგილზე შეკრებილმა ხალხმა არ მისცა მათთან მიახლოების საშუალება. შემდეგ, ასევე იყო შეძახილები – პატრული, სასწრაფო და აღნიშნული შეძახილების ფონზე, რ. მ–ი და მისი ცოლისძმები გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან.
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები (დაზარალებულთათვის მიყენებულ დაზიანებათა რაოდენობა, დაზიანებათა ლოკალიზაცია, სიმძიმე, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს მსჯავრდებულის ქცევა) ნათლად წარმოაჩენს რ. მ–ის ქმედების მიზანმიმართულობას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებასა და განზრახვას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მისი მხრიდან დაზარალებულთა მკვლელობის განზრახვის არსებობა.
5.18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის არგუმენტს იმის შესახებ, რომ თითქოს, განზრახ მკვლელობის მცდელობას მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულებთან ნაცნობობის არქონა გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობით/მკვლელობის მცდელობით კვალიფიკაციის მიზნებისათვის, როგორც წესი, არარელევანტურია მსჯავრდებულსა და დაზარალებულ(ებ)ს შორის პირადი ნაცნობობის ან ახლო სოციალური კავშირის მტკიცება. მკვლელობის სურვილი და განზრახვა შესაძლებელია, წარმოიშვას იმწუთიერად, იმ მომენტისათვის წარმოქმნილი საბაბის/მოტივის საფუძველზე, სპონტანურად შერჩეულ მსხვერპლთან მიმართებით.
5.19. ამასთან, ადვოკატის მტკიცება იმის შესახებ, რომ დანაშაულის იარაღი – დანა არ ამოუღიათ, მოცემულ შემთხვევაში, გავლენას ვერ იქონიებს პირის ქმედების კავლიფიკაციაზე, რადგან საქმეში არსებული დამაჯარებელი, უტყუარი და ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით) დადასტურებულია დაზიანებათა სწორედ დანის (მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის) მეშვეობით მიყენების ფაქტი.
5.20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ასევე, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
5.21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებას იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია დანის გამოყენებით. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოსაყენებლად, აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი იყოს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გამოყენებული დანის ცივ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილების ფაქტის დასადგენად (მაგ., იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლის საქმეთა პალატის: 2022 წლის 21 თებერვლის N761აპ-21 განჩინება; 2023 წლის 20 მარტის N1283აპ-22 განჩინება; 2024 წლის 12 იანვრის 796აპ-23 განჩინება; 2024 წლის 27 თებერვლის N1171აპ-23 განჩინება; 2024 წლის 25 აპრილის №122აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 ივლისის №152აპ-24 განაჩენი). ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება ხსენებული ექსპერტიზის დასკვნა, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება საფუძველს მოკლებულია, თუმცა, აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ იქონიებს რ. მ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე, რადგან, იმავდროულად, გამოკვეთილია რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მათ შორის, სწორედ აღნიშნული წესის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, წარმოადგენს ჩადენილი ქმედების ხასიათის, მისი სიმძიმის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულის ჩამდენი პირის პიროვნების, სასჯელის მიზნების მიღწევის ადეკვატურ, პროპორციულ სასჯელის სახეს და ზომას, რომელიც არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. მ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ს–ას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე