საქმე N 190100124009231611
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №451აპ-25 22 ივლისი, 2025 წელი
ო–ი გ., №451აპ-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძისა და მსჯავრდებულების – გ. ო–ისა და გ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. წ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ო–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ი) 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებითა (ოთხი პირის განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2024 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით, 10 საათსა 30 წუთზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონში მდებარე ე.წ. „ს–ს ბაზრობის“ ტერიტორიაზე გ. ო–მა, პირადი მოტივით და შურისძიების მიზნით, ძმის – გ. ო–ის სახელზე რეგისტრირებული „STOEGER – M 3500“ მოდელის, 12-კალიბრიანი, N.......... ცეცხლსასროლი სანადირო გლუვლულიანი თოფიდან ნ. ო–ს, ნ. ო–ს, მიმართულებით რამდენჯერმე დამიზნებით გაისროლა. აღნიშულის შედეგად, ნ. ო–ი, მ. ა–ი, დ. ა–ი და პ. მ–ე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ, ნ. ო-მ კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, თუმცა, სამედიცინო დახმარების შედეგად, გადაურჩა სიკვდილს.
1.2. გ. ო–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით (სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2023 წლის 17 აგვისტოს გაცემული N ....... „B“ კატეგორიის ნებართვის საფუძველზე, გ. ო–ს მიეცა უფლება, შეენახა და ეტარებინა „STOEGER – M 3500“ მოდელის, 12-კალიბრიანი, N............ ცეცხლსასროლი იარაღი – სანადირო, გლუვლულიანი თოფი, რომელიც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „დ4“ ქვეპუნქტების თანახმად, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას გენეკუთვნება. ამავე, კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მათი დაცვა და უსაფრთხოება, არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება, დაცული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი იარაღისა და საბრძოლო მასალის უსაფრთხო შენახვის პირობები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის N164 ბრძანებით დამტკიცებული „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება და გამოირიცხება იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა შეინახოს დაკეტილ სათავსოში ან/და იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამოირიცხოს, მისი მოხსნის გარეშე, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.
2023 წლის 17 აგვისტოდან, გ. ო–ი, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, „STOEGER – M 3500“ მოდელის 12-კალიბრიან, N.. – ...... ცეცხლსასროლ იარაღსა და ვაზნებს ინახავდა სამართლებრივი ნორმებით სავალდებულოდ დადგენილი მოთხოვნების დაუცველად. კერძოდ, აღნიშნული იარაღი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი ხუთი ვაზნა არ ჰქონდა შენახული დაკეტილ სათავსოში და მასზე არ იყო დამაგრებული უსაფრთოების საკეტი. შედეგად, გ. ო–მა ვერ უზრუნველყო „STOEGER – M 3500“ მოდელის 12-კალიბრიანი, N............. ცეცხლსასროლი იარაღის – სანადირო გლუვლულიანი თოფისა და ამ იარაღისთვის განკუთვნილი ხუთი ვაზნის სათანადოდ დაცვა და უსაფრთხოება, რითაც შესაძლებელი გახადა, რომ თოფსა და ვაზნებს გამოყენების მიზნით დაუფლებოდა მისი ძმა, გ. ო–ი.
2024 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით, 10 საათსა 30 წუთზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონში მდებარე ე.წ. „.... ბაზრობის“ ტერიტორიაზე გ. ო–მა, პირადი მოტივით და შურისძიების მიზნით, ძმის – გ. ო–ის სახელზე რეგისტრირებული „STOEGER – M 3500“ მოდელის, 12-კალიბრიანი, N.......... ცეცხლსასროლი სანადირო გლუვლულიანი თოფიდან ნ. ო–ს, ნ. ო–ს, მ. ა–ს, დ. ა–სა და პ. მ–ს მიმართულებით რამდენჯერმე დამიზნებით გაისროლა. აღნიშულის შედეგად, ნ. ო–ი, მ. ა–ი, დ. ა–ი და პ. მ–ე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ, ნ. ო-მ კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, თუმცა, სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.
2023 წლის 17 აგვისტოდან 2024 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, გ. ო–ის მიერ „STOEGER – M 3500“ მოდელის, 12-კალიბრიანი, N..... ცეცხლსასროლი იარაღის – სანადირო გლუვლულიანი თოფის დაუდევრად შენახვას შედეგად მოჰყვა ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ერთი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:
2.1.1. გ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;
2.1.2. გ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
2.1.4. გ. ო–ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს .........) არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდგომაც, სასჯელის მოხდა უნდა განაგრძოს საერთო წესით.
2.1.5. გ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ზვიად ფხაკაძემ და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორმა კახა წულაძემ მოითხოვეს გ. ო–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. მსჯავრდებულების – გ. ო–ისა და გ. ო–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. წ–მა მოითხოვა: გ. ო–ის გამართლება ან მისთვის დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით; ასევე მოითხოვა გ. ო–ის გამართლება ან მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება ან შეცვლა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ო–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. მსჯავრდებულების – გ. ო–ისა და გ. ო–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. წ–მა მოითხოვა: გ. ო–ის გამართლება ან მისთვის დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით; ასევე მოითხოვა გ. ო–ის გამართლება ან მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება ან შეცვლა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელით.
3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორმა კახა წულაძემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის შეფასებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, რადგან საპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულთა რაოდენობა, არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის დროს გ. ო–ის შეზღუდული შერაცხადობა და შეუფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც, ადვოკატის მტკიცებით, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
4.2. ადვოკატის განმარტებით, გ. ო–ის მიმართ დანიშნული სასჯელი, შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, სწრაფი მართლმსაჯულების მიზნით, საქმის გამოყოფის მოთხოვნა) გათვალისწინებით, უსამართლოა. მართალია, გ. ო–ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია გ. ო–ის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, თუმცა, იგი სრულად მოცულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის დისპოზიციით. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის დანაწესი და მსჯავრდებულს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური ვადით.
4.3. ბრალდების მხარის განმარტებით, გ. ო–ისათვის ცნობილი იყო, რომ მის ძმას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, შესაბამისად, მას გააჩნდა ვალდებულება, იმგვარად შეენახა ცეცხლსასროლი იარაღი, რომ მას გ. ო–ი ვერ დაუფლებოდა, მით უფრო, რომ იარაღის დაუფლების ფაქტს წარსულშიც ჰქონდა ადგილი. საკასაციო საჩივარში პროკურორი ყურადღებას ამახვილებს დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგსა და ათეულობით სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნაზე. მისი განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით მოცული „სხვა მძიმე შედეგი“ არაფერია, თუ არა ოთხი ადამიანის გარდაცვალება და ერთი მათგანის ანალოგიური შედეგისათვის გამეტება. სამართლიანობის აღდგენის მიზნიდან გამომდინარე, სასჯელი უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ი) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაპყრობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო საჩივრის ავტორს უწესებს მოთხოვნის როგორც მკაფიოდ ფორმულირების (კერძოდ, რა მოცულობით ასაჩივრებს განაჩენს და მის რა მოცულობით გაუქმებას ან შეცვლას ითხოვს), ისე – სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას, რაც გულისხმობს იმის მკაფიოდ წარმოჩენას, თუ რომელი სამართლებრივი საკითხი/საკითხები გადაწყდა უკანონოდ გასაჩივრებული განაჩენით და რა ადასტურებს მას. შესაბამისად, იმ პირობებეში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს მსჯავრდებული პირის გამართლებას, იგი იმავდროულად, ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტირებული მსჯელობა და დაასაბუთოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით პირის მსჯავრდების უკანონობა.
5.3. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადვოკატი საკასაციო საჩივარით ითხოვს გ. ო–ისა და გ. ო–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, თუმცა, იგი შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ამ მოთხოვნაზე ზოგადი მითითებით და საკასაციო საჩივარში არ უთითებს აღნიშნული მოთხოვნის დასაბუთებასა და სათანადო არგუმენტებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მოთხოვნებს.
5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულთა გამართლების მოთხოვნის ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია, საკასაციო სასამართლო ადვოკატის მოთხოვნის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ფოტო-ვიდეო მასალით, ამოღებული ნივთმტკიცებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ო–ისა და გ. ო–ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატის მოთხოვნას გ. ო–ისათვის დანიშნული სასჯელის – უვადო თავისუფლების აღკვეთის – ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შესახებ, მსჯავრადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მისი შეზღუდული შერაცხადობის (რაც დადასტურებულია სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 12 სექტემბრის N........ სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) საფუძვლით.
5.6. ზემოაღნიშნული საკითხის განხილვისას, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შეზღუდული შერაცხადი მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის წესთან მიმართებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის არაერთგვაროვნების შესახებ – თითქოს, უზენაესი სასამართლო, ზოგ შემთხვევაში, სავალდებულოდ მიიჩნევს შეზღუდული შერაცხადობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებას, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხს სასამართლოს დისკრეციას მიანდობს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ შეფასებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.7. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლო მიმოიხილავს უზენაესი სასამართლოს მიერ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ ხუთ გადაწყვეტილებას, რომელთაგან სამი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2024 წლის 28 მაისის N42აპ-24, 2023 წლის 27 ივნისის N448აპ-23 და 2024 წლის 19 ნოემბრის N880აპ-24 განჩინებები) მიემართება შეზღუდული შერაცხადი პირისათვის შესაბამისი მუხლის/მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის შეფარდების საკითხს, რა დროსაც, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და N448აპ-23 და N880აპ-24 განჩინებებში, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მხედველობაში მიღებით, განმარტა, რომ შეზღუდული შერაცხადობა არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შემამსუბუქებელი გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს.
5.8. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ პრაქტიკასთან წინააღმდეგობის წარმოსაჩენად სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილ დანარჩენ ორ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2023 წლის 13 სექტემბრის N311აპ-23 და 2023 წლის 20 სექტემბრის N270აპ-23 განაჩენები), საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები შედარებადიც კი არ არის ზემოაღნიშნულ პრაქტიკასთან, რადგან მიემართება სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას, რა დროსაც უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა შეზღუდული შერაცხადი პირისათვის შესაბამისი მუხლის/მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არა მაქსიმალური, არამედ – პირიქით, მინიმალური სასჯელის შეფარდების მართებულობა, თანაც, იმ პირობებში, როდესაც საქმეში იმავდროულად იკვეთებოდა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება, რაც სასამართლოს ავალდებულებდა, გამოეყენებინა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესი. აღნიშნულ გადაწყვეტილებებში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს შეზღუდული შერაცხადობის გათვალისწინების, მაგრამ არა – საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის/მუხლის ნაწილის სანქციით დადგენილი სასჯელის მინიმალური ხანგრძლივობით დანიშვნის ვალდებულებას და მიუთითა, რომ ხსენებული ნორმის საფუძველზე, შეზღუდული შერაცხადი პირისათვის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა მოსამართლის დისკრეციაა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენება – ვალდებულება. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის ერთდროულად გამოყენების საჭიროების არსებობისას, თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემთხვევაში, სასჯელის მინიმალურ ხანგრძლივობას სწორედ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად დანიშნული სასჯელი წარმოადგენს.
5.9. ამდენად, არც სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული და არც მის მიღმა არსებული უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა არ შეიცავს წინააღმდეგობას საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების/განმარტების (შეზღუდული შერაცხადობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინების სავალდებულობის) თვალსაზრისით.
5.10. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას გ. ო–ისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
5.11. საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. ამდენად, ხსენებული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის შეფარდებისას პირის შეზღუდული შერაცხადობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებას, რასაც ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მეირ დამკვიდრებული პრაქტიკაც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის N448აპ-23 განჩინება, 2024 წლის 19 ნოემბრის N880აპ-24 განჩინება, 2023 წლის 8 მაისის N1328აპ-22 განაჩენი, 2023 წლის 30 ივნისის N42აპ-23 განაჩენი).
5.12. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აღნიშნული ნორმის საკანონმდებლო ფორმულირებას. კერძოდ, სიტყვა „სასჯელის“ სამართლებრივ დატვირთვასა და მნიშვნელობას, რა დროსაც, სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ხოლო სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა (ასეთი მკურნალობის არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.13. სავსებით ცხადია, რომ საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის, „სასჯელში“ იგულისხმება ან სასჯელის სახე ან სასჯელის ზომა ან ორივე ერთად. ხსენებული ნორმა თავისთავად და იმთავითვე არ ზღუდავს სასამართლოს უპირობო ვალდებულებით, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოება (შეზღუდული შერაცხადობა) აუცილებლად სასჯელის სახის შერჩევისას გაითვალისწინოს, რადგან საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, შესაძლოა, პროპორციულ/თანაზომიერ სასჯელს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სწორედ სასჯელის უმკაცრესი სახე წარმოადგენდეს. ცხადია, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილს არ გააჩნია იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც სასამართლოს მისცემდა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, დანაშაულის სიმძიმისა და დამამძიმებელ გარემოებათა იგნორირების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, სასამართლოს სასჯელის სახის შერჩევისას შეუძლია, დანაშაულის ხასიათისა და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღების პარალელურად, შემამსუბუქებელი გარემოებების, მათ შორის – შეზღუდული შერაცხადობის გათვალისწინება და დამამძიმებელ გარემოებათა არარსებობის ან მათი ნაკლები მნიშვნელობის გამო, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრა, მაგრამ სასამართლო დანაშაულის განსაკუთრებული სიმძიმისა და დამამძიმებელი გარემოებების არსებობის პირობებში, ამგვარი ვალდებულებით არაა შეზღუდული. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მართალია, სასამართლოს უწესებს შეზღუდული შერაცხადობის, როგორც შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინების ვალდებულებას, მაგრამ იგი არ უგულებელყოფს მოსამართლის მიერ დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინების ვალდებულებას და არ ზღუდავს სასამართლოს, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული პროპორციული სასჯელის სახე და ზომა. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქმის კონტექსტის, ინდივიდუალური მახასიათებლების, მათ შორის, დანაშაულის სიმძიმისა და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს თავისუფალ მიხედულობას მიანდობს შეზღუდული შერაცხადობის გათვალისწინების ფარგლებს – კერძოდ, ასახავს მას სასჯელის სახესა თუ სასჯელის ზომაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო შეიბოჭებოდა უპირობო ვალდებულებით, სასჯელის სახის შერჩევისას სავალდებულოდ გაეთვალისწინებინა პირის შეზღუდული შერაცხადობა და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში, მოკლებული იქნებოდა შეზღუდულ შერაცხად პირთან მიმართებით, თუნდაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის (როდესაც იგი მუხლის/მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახეა) გამოყენების შესაძლებლობას, რაც, ბუნებრივია, ყოველგვარი ზედმეტი დასაბუთების გარეშე, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
5.14. საგულისხმოა, რომ საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს სასჯელის სახეს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილს, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, არ გააჩნია შეზღუდული შერაცხადი პირის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის სახის შეფარდების ამკრძალავი შინაარსი. ამგვარ ამკრძალავ შინაარსს მოქმედი კანონმდებლობის არც სხვა ნორმები ითვალისწინებს.
5.15. შეზღუდული შერაცხადი პირის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის სახის გამოყენებადობას, საერთო სასამართლოს ის პრაქტიკაც (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2024 წლის 28 მაისის N248აპ-24 განჩინება, 2023 წლის 27 ივნისის N448აპ-23 განჩინება, 2022 წლის 11 აპრილის N29აპ-22 განჩინება) ადასტურებს, სადაც სასამართლომ შეზღუდული შერაცხადისთვის პროპორციულ სასჯელად, ნაცვლად მუხლის სანქციით გათვალისწინებული უვადო თავისუფლების აღკვეთისა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა მიიჩნია მისი მაქსიმალური ვადით (20 წლით). შეზღუდული შერაცხადი პირის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთა, ზოგადად, გამოყენებადი სასჯელის სახე რომ არ იყოს, მაშინ სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ზომას ვერ შეუფარდებდა.
5.16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში ასახულ მსჯელობას, თითქოს, შეზღუდული შერაცხადი პირისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას გამორიცხავს შეზღუდულ შერაცხად მსჯავრდებულთან მიმართებით გამოსაყენებელ სასჯელთა სახეებიდან.
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სიცოცხლის უფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას – კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე, მათ შორის, დამნაშავისთვის ადეკვატური, პროპორციული სასჯელის შეფარდებით, ასევე, ითვალისწინებს გ. ო–ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და სიმძიმეს (ჩადენილია ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული), მისი ჩადენის ხერხს (ცეცხლსასროლი იარაღის, კერძოდ, ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), დანაშაულის ჩადენის ადგილს (დანაშაული ჩადენილია საზოგადოებრივი თავშეყრის, ხალხმრავალ ადგილას), დამდგარ შედეგს (ოთხი ადამიანის გარდაცვალება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების მიზანმიმართულობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს კანონიერად, სამართლიანად და თანაზომიერად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ო–ისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო, რჩება რა მის მიერ დადგენილი პრაქტიკის ერთგული, სავალდებულო წესით ითვალისწინებს გ. ო–ის შეზღუდულ შერაცხადობას, თუმცა, აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოება, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სახის – უვადო თავისუფლების აღკვეთის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, გავლენას ვერ იქონიებს სასჯელის ზომაზე.
5.18. რაც შეეხება გ. ო–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენითვის დანიშნულ სასჯელს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების, ხოლო დაცვის მხარის მოთხოვნას – სასჯელის შემსუბუქების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა კონკრეტული საქმის გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, დამდგარი შედეგი, შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ო–ს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციის შესაბამისი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.19. ადვოკატის პოზიციის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით შეეფარდა გ. ო–ს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და არა – უფრო მეტი ვადით. რაც შეეხება კასატორის მითითებას, საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის დანაწესზე (თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს), ვინაიდან მსჯავრდებული ბრალის აღიარებით არ გამოცხადებულა საგამოძიებო ორგანოში, მის მიმართ ხსენებული ნორმის გამოყენება არარელევანტურია. თუმცა, საგულისხმოა, რომ გ. ო–ისათვის დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – ექცევა საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლით დადგენილ მაქსიმალური სასჯელის საზღვრებში.
5.20. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ გ. ო–ის მიმართ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური სახისა და ზომის გამოყენების დასასაბუთებლად მოხმობილ გარემოებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანი სრულად მოცულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის დისპოზიციით, რისთვისაც კანონმდებელი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას პროპორციულად მიიჩნევს. შესაბამისად, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულისათვის დანიშნული 2 წლით თავისუფლების აღკვეთა არ წარმოადგენს აშკარად ლმობიერ სასჯელს და არ აჩენს კითხვებს სასჯელის პროპორციულობის თვალსაზრისით.
5.21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ო–ის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, რადგან ხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წარმოდგენილი არ არის დაზარალებულის/დაზარალებულთა უფლებამონაცვლეების თანხმობები.
5.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძისა და მსჯავრდებულების – გ. ო–ისა და გ. ო–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. წ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე