საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №602აპ-25 9 ივლისი, 2025 წელი
ჩ-ი ს., №602აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ჩ-ს - ბრალად ედებოდა:
ა) გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ბ) გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
1.2. ჰ. ე-ს - ბრალად ედებოდა გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
1.3. ს. ჩ-ისა და ჰ. ე-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.3.1. 2024 წლის 11 აპრილს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ბ-ში, ა-ის გ-ის N--ში მდებარე კაფე-ბარში, ს. ჩ-ი ჯ. ქ-ს, ბ. ა-ს და მ. ჰ. ფ-ს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდა 4600 ლარის გადაცემას. მათი უარის შემდეგ კი, სიცოცხლის მოსპობის მუქრით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წაართვა და გადაახდევინა 114 000 თურქული ლირა. ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ჯ. ქ-ს მიადგა 9 450,6 ლარის ოდენობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.3.2. 2024 წლის 13 აპრილს, საღამოს საათებში, ბ-ში, ა-ის გ-ის N--ში მდებარე კაფე-ბარში ს. ჩ-ი და ჰ. ე- ჯგუფურად, ბ. ჩ-ს და თ. ჯ. ე-ს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდნენ 14 000 ლარის გადაცემას, მათი უარის შემდეგ კი, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წაართვეს და გადაახდევინეს 153 000 თურქული ლირა და 5700 ლარი. ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ბ. ჩ-ს მიადგა 18 135 ლარის ოდენობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო თ. ჯ. ე-ს – 248,7 ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:
2.1.1. ს. ჩ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება – საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.
2.1.2. ს. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
2.1.3. ს. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
2.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ჩ-ს, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც აეთვალა 2024 წლის 17 აპრილიდან.
2.1.5. ჰ. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
2.1.6. ჰ. ე- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რაც აეთვალა 2024 წლის 17 აპრილიდან.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ს. ჩ-ის და ჰ. ე-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2.2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ს. ჩ-მა, 2024 წლის 11 აპრილს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ბ-ში, ა-ის გ-ის N--ში მდებარე კაფე-ბარში, ჯ. ქ-ი, ბ. ა-ი და მ. ჰ. ფ-ი სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური – 114 000 თურქული ლირა.
2.2.2. 2024 წლის 13 აპრილს, საღამოს საათებში, ბ-ში, ა-ის გ-ის N--ში მდებარე კაფე-ბარში, ჰ. ე-მ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ს. ჩ-მა ბ. ჩ-ი და თ. ჯ. ე-ი სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჯგუფურად, აიძულეს, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, გადაეხადათ არარსებული მენიუს საზღაური – 153 000 თურქული ლირა და 5700 ლარი.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა ლოლუამ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შეცვლა კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ, ს. ჩ-ისა და ჰ. ე-ს დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი მუხლებით და მათთვის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.4. მსჯავრდებულების – ს. ჩ-ისა და ჰ. ე-ს – ადვოკატებმა სააპელაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენი:
3.1.1. ს. ჩ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება – საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.
3.1.2. ს. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;
3.1.3. ს. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;
3.1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ჩ-ს, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით, რაც აეთვალა 2024 წლის 17 აპრილიდან და სასჯელის მოხდის გათვალისწინებით, გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3.1.5. ჰ. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
3.1.6. ჰ. ე- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რაც აეთვალა 2024 წლის 17 აპრილიდან.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ლაშა ლოლუა – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას კვალიფიკაციის ნაწილში. კერძოდ, ს. ჩ-ისა და ჰ. ე-ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი მუხლებით და მათთვის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნას. პროკურორის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მსჯავრდებულთათვის გამოძალვის ბრალდებით წარდგენილი კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
3.3. მსჯავრდებულების – ს. ჩ-ისა და ჰ. ე-ს – ადვოკატი, დ. ჯ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, კვალიფიკაციის ნაწილში. ამასთან, მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციად მიიჩნიეს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რომლებითაც დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით გადაახდევინეს შეკვეთილი მენიუს საზღაურზე მეტი ღირებულების თანხა. შესაბამისად, რამდენადაც აღნიშნული ფაქტი სადავო არ არის, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის კუთხით.
4.3. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენის ცვლილების მოთხოვნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებით, რომლებიც განსახილველ საკასაციო საჩივარშია მითითებული. თავის მხრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენში მკაფიოდ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა ს. ჩ-ისა და ჰ. ე-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
4.4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.5. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს გამოძალვისთვის, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნას, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. აღნიშნული დანაშაული, ობიექტური მხრივ, მოიცავს ორ მოქმედებას – არაკანონიერ მოთხოვნას და მუქარას. ქმედების გამოძალვად კვალიფიკაციისათვის ძალადობის მუქარა მიმართული უნდა იყოს მომავლისაკენ და არ უნდა ატარებდეს იმწუთიერ ხასიათს.
4.6. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით კრიმილიზებულია იძულება – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამდენად, ამ დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში. ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ა.შ. ფსიქიკური იძულება კი იგივე მუქარაა, რომელიც შეიძლება იყოს მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების და სხვა.
4.7. უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, დაზარალებულისთვის კლუბში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ძალადობის გამოყენების იმწუთიერი მუქარით, თანხის გადახდის მოთხოვნა წარმოადგენს იძულებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის №1009აპ-19 განჩინება).
4.8. მოცემულ შემთხვევაში, მუქარის იმწუთიერი ხასიათის გათვალისწინებით (მსჯავრდებულები დაზარალებულებისგან კლუბში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ძალადობითა და იმწუთიერი მუქარით, მოითხოვდნენ შეკვეთილი მენიუსა და მიღებული მომსახურების რეალურ ღირებულებაზე ბევრად მეტი თანხის გადახდას), მსჯავრდებულთა ქმედებაში გამორიცხება გამოძალვის შემადგენლობა, რადგან მათ დაზარალებულები აიძულეს, შეესრულებინათ ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მათ უფლებას წარმოადგენდა (დაზარალებულებს უფლება ჰქონდათ მოთხოვნის კანონიერების გარკვევამდე თავი შეეკავებინათ მოთხოვნილი თანხის გადახდისგან).
4.9. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულთა ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი კი – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების, ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის დანაწესის შესაბამისი.
4.10. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ლოლუას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე