Facebook Twitter

საქმე # 330802225011628560

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№90I-25 ქ. თბილისი

ვ–ი გ., 90I-25 4 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გ. ვ–ის (G. V.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კორეის რესპუბლიკაში გ. ვ–ის (G. V.) მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2024 წლის 15 მარტს კორეის რესპუბლიკის სეულის აღმოსავლეთის რაიონის სასამართლოს მიერ გაიცა გ. ვ–ის (G. V.) დაკავების ბრძანება, რომლის თანახმადაც იგი ეჭვმიტანილია კ–ს რესპუბლიკის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ქსელის გამოყენებისა და ინფორმაციის დაცვის ხელშეწყობის შესახებ აქტის 48 (2) მუხლით (მავნე პროგრამების გავრცელება) და კორეის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 347-2 მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი კომპიუტერული სისტემის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

1.2. 2025 წლის 4 მარტიდან გ. ვ–ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. საქართველოში გ. ვ–ის (G. V.) მიმართ განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2025 წლის 13 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს კორეის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ. ვ–ი (G. V.);

2.2. 2025 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გ. ვ–ს (G. V.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით;

2.3. 2025 წლის 22 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა გ. ვ–ის (G. V.) ექსტრადიციის თაობაზე კ–ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;

2.4. გ. ვ–ი (G. V.) ამჟამად მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

გ. ვ–ს (G. V.) ბრალი ედება მასში, რომ 2020 წლის მარტში, გააერთიანა ... Auto-ზე დაფუძნებული პროგრამა „K.... N...“ და მავნე ფაილები, როგორიცაა „p.....“ და „.......“, რითაც შექმნა მავნე პროგრამა „K.......e“. მან ასევე შექმნა კიდევ ერთი მავნე პროგრამა - „k.........“, რომელიც იძლევა საფულის მისამართების არაავტორიზებული შეცვლის საშუალებას.

გ. ვ–ი (G. V.) ბიტკოინით ანგარიშსწორების სანაცვლოდ, შეუთანხმდა პაკისტანის მოქალაქე ი. ა-ს, რომ ამ უკანასკნელს ვებ-გვერდზე - „k........“-, დაემატებინა წითელი ღილაკი „.......“ და ჩაესვა „k.......“-თან დაკავშირებული ბმული, რითაც უბიძგებდა მომხმარებლებს, რომლებსაც წვდომა ქონდათ „........“ ვებგვერდთან, ასევე შესულიყვნენ „........“ ვებგვერდზე. 2020 წლის 8 აპრილიდან 2023 წლის 6 იანვრამდე, „.........“ და „........“ ვებგვერდების მეშვეობით, გ. ვ–ი (G. V.) ავრცელებდა „........“ მავნე პროგრამას, რომელიც შენიღბული იყო K......-ს პროგრამული უზრუნველყოფის სახით და გაავრცელა მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერულ სისტემებში, ჯამში 2,816,584 IP მისამართიდან 5 050 699 სუბიქეტის მიმართ.

აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, გ. ვ–მა (G. V.) ავტორიზაციის გარეშე მოიპოვა მონაცემები ზემოხსენებული მავნე პროგრამებით დავირუსებული კომპიუტერებიდან, როგორიცაა მომხმარებლის სახელები, ოპერაციული სისტემები, აპარატურის დეტალები, პაროლები, ვირტუალური აქტივები, საკრედიტო ბარათის ინფორმაცია და სხვა. როდესაც დავირუსებული კომპიუტერი ან მომხმარებელი, მოპარული მონაცემების საფუძველზე, ვირტუალური აქტივების ვაჭრობაში იყო ჩართული, ვ–მა დამატებითი მავნე პროგრამა „k.....“ გაავრცელა ვირტუალური აქტივების მოვაჭრის კომპიუტერში. ამ გზით, 2020 წლის 8 აპრილიდან 2023 წლის 6 იანვრამდე, გ. ვ–მა (G. V.) გაავრცელა „k.........“ მავნე პროგრამა მრავალ იდენტიფიცირებულ მსხვერპლზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის რვა კორეის მოქალაქეზე.

დაახლოებით 2020 წლის აპრილში, კ–ს მოქალაქე დაზარალებულ ბ. ჯ–ის მიერ გამოყენებული კომპიუტერი ასევე დავირუსდა ზემოხსენებული მავნე პროგრამებით, „K..........“ და „k......“, რომელიც გავრცელებული იყო გ. ვ–ის (G. V.) მიერ. შემდგომში, 2020 წლის 13 აპრილს, როდესაც დაზარალებულმა დააკოპირა და ჩასვა საკუთარი ვირტუალური საფულის მისამართი ვირტუალური აქტივების გადასატანად, მავნე პროგრამამ „k.......“ შეცვალა დაზარალებულის საფულის მისამართი, შენახული ბუფერში, არაავტორიზებულად, გ. ვ–ის (G. V.) ე–ს საფულის მისამართზე, რის შედეგადაც გ. ვ–ი (G. V.) მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 2.0 ETH. აღნიშნული პერიოდიდან, დაახლოებით 2022 წლის 8 თებერვლამდე, 8 ცალკეულ შემთხვევაში, გ. ვ–მა (G. V.) მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ვირტუალური აქტივები (მათ შორის B.., E.., X.., L..) საერთო ჯამში, 15 682 283 სამხრეთ კორეული ვონის ოდენობით.

4. 2025 წლის 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა:

დასაშვებად იქნას ცნობილი გ. ვ–ის (G. V.) კორეის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2024 წლის 15 მარტს კორეის რესპუბლიკის სეულის აღმოსავლეთის რაიონის სასამართლოს მიერ გაცემულ გ. ვ–ის დაკავების ბრძანებაში და დასჯადია კორეის რესპუბლიკის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ქსელის გამოყენებისა და ინფორმაციის დაცვის ხელშეწყობის შესახებ აქტის 48 (2) მუხლით (მავნე პროგრამების გავრცელება) და კორეის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 347-2 მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი კომპიუტერული სისტემის გამოყენებით);

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით:

5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

5.2. დასაშვებად იქნა ცნობილი გ. ვ–ის (G. V.) კორეის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2024 წლის 15 მარტს კორეის რესპუბლიკის სეულის აღმოსავლეთის რაიონის სასამართლოს მიერ გაცემულ გ. ვ–ის (G. V.) დაკავების ბრძანებაში და დასჯადია კ–ს რესპუბლიკის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ქსელის გამოყენებისა და ინფორმაციის დაცვის ხელშეწყობის შესახებ აქტის 48 (2) მუხლით (მავნე პროგრამების გავრცელება) და კორეის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 347-2 მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი კომპიუტერული სისტემის გამოყენებით);

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – გ. ვ–ის (G. V.) ადვოკატი კ. ა–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმებასა და გ. ვ–ის (G. V.) კორეის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. მომთხოვნი სახელმწიფოს განაცხადის შინაარსი გამორიცხავს გადამცემი სახელმწიფოს მიერ აღწერილი თითქოსდა დანაშაულებრივი ქმედებისათვის პირის ექსტრადირებას, რადგან ქმედება არ შეიძლება წარმოადგენდეს დანაშაულს – გ. ვ–ი (G. V.) ნამყოფიც კი არ არის სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, ხოლო კომპიუტერული მოწყობილობის IP მისამართით სარგებლობა შესაბამისი პროგრამული გადამისამართებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი სათანადო პროგრამული უზრუნველყოფით. წარმოდგენილი ფაქტობრივი მონაცემები არ აკმაყოფილებს კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. უკიდურეს შემთხვევაში გ. ვ–ი (G. V.) შესაძლოა გადაეცეს მისი მოქალაქეობის სახელმწიფოს და არა კ–ს რესპუბლიკას;

6.2. დარღვეულია "ექსტრადიციის შესახებ" ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ექსტრადიციის შესახებ წერილობით თხოვნას თან უნდა ერთვოდეს იმ ჩადენილი დანაშაულების მითითება, რომლებისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა.

6.3. თხოვნის გამგზავნ სახელმწიფოს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ პირის ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა მისი დაცვის მინიმალური უფლებები, რომელიც უკვე დაირღვა, ვინაიდან არ მიეცა შესაძლებლობა თავი დაეცვა წარდგენილი ბრალდებისაგან და საერთაშორისო ძებნისაგან.

6.4. დარღვეულია "ექსტრადიციის შესახებ" ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმის ტექსტუალური შინაარსის მოთხოვნები, რადგან მოთხოვნას ხელს არ აწერს იუსტიციის მინისტრი, არ არის მიმართული საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიმართ და დიპლომატიური არხები არ არის გამოყენებული სათანადო წესით;

6.5. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტი იხილავს გ. ვ–ის (G. V.) განცხადებას საერთაშორისო დაცვის შესახებ, რაც გამორიცხავს მის გადაწყვეტამდე ექსტრადიციის დასაშვებობას;

6.6. თუ სარწმუნოდ მივიჩნევთ, რომ გ. ვ–მა (G. V.) მსოფლიოს მასშტაბით დააინფიცირა 2 800 000 კომპიუტერი, სახეზეა ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლის ჩადენაც მიმართულია ან შეიძლება იყოს მიმართული საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 41პუნქტის თანახმად წარმოადგენს ექსტრადიციის გამომრიცხავ აბსოლუტურ საფუძველს;

6.7. სასამართლომ არ გაითვალისწინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გ. ვ–ის (G. V.) საჩივრის მიღება, რომლითაც მოთხოვნილია მისი წითელი ცირკულარით ძებნის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, რადგან მისი ძებნა ხორციელდება ინტერპოლის კონსტიტუციის დარღვევით, რაც მიუთითებს მისი დაკმაყოფილების მაღალ ალბათობაზე და ექსტრადიციის დაუშვებლობაზე;

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა გ. ვ–ის (G. V.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კორეის რესპუბლიკა ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის ხელმომწერია 2011 წლიდან.

4. კორეის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ. ვ–ი (G. V.) 2025 წლის 12 აპრილს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე კორეის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.

5.1. კორეის რესპუბლიკის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ქსელის გამოყენებისა და ინფორმაციის დაცვის ხელშეწყობის შესახებ აქტის 48 (2) მუხლი (მავნე პროგრამების გავრცელება) სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ან ჯარიმას, რომელიც არ აღემატება 70 მილიონ ვონს, ხოლო კორეის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 347-2 მუხლი (თაღლითობა, ჩადენილი კომპიუტერული სისტემის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაული – თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით, ან ჯარიმას, რომელიც არ აღემატება 20 მილიონ ვონს.

5.2. შუამდგომლობაში მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, რამაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 10 წლამდე ვადით.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის სამართალწარმოება გ. ვ–ის (G. V.) მიმართ კორეის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. შესაბამისად, მოცემულ დანაშაულებთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

6.2. კორეის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 249, 252-ე და 253-ე მუხლებით არ არის ამოწურული ხანდაზმულობის ვადა, იმ ქმედებებისათვის, რომლისთვისაც მოითხოვება გ. ვ–ისათვის (G. V.) ექსტრადიცია. კერძოდ, თაღლითობა კომპიუტერის გამოყენებით ბრალდებისათვის ხანდაზმულობის ვადა არის – 10 წელი (ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 8 თებერვალს და ამოიწურება 2032 წლის 7 თებერვალს), ხოლო ინფორმაციისა და კომუნიკაციის ქსელის გამოყენებისა და ინფორმაციის დაცვის ხელშეწყობის შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებისათვის ხანდაზმულობის ვადა – 7 წელი (ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 6 იანვარს და ამოიწურება 2030 წლის 5 იანვარს). შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული კორეის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება გ. ვ–ის (G. V.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. გ. ვ–ის (G. V.) მიმართ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

7.1. შესაბამისად, დაცვის მხარის აბსტრაქტული მითითება, რომ შესაძლოა გ. ვ–ს (G. V.) დანაშაული ჩადენილი ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართაც, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საექსტრადიციო მასალებიდან.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან 2025 წლის 6 ივნისს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ გ. ვ–ი (G. V.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. გ. ვ–ი (G. V.) არის ლიეტუვის რესპუბლიკის მოქალაქე. მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე, არა წარმოშობის სახელმწიფო - კ–ა.

8.2. დაუსაბუთებელია ასევე დაცვის მხარის მითითება, რომ ვინაიდან საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტი იხილავს გ. ვ–ის (G. V.) განცხადებას საერთაშორისო დაცვის შესახებ, აღნიშნული გამორიცხავს მის გადაწყვეტამდე ექსტრადიციის დასაშვებობას და აღნიშნავს, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი ს–ში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ ამასთან, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების, ასევე ჟენევის კონვენციის პირველი მუხლის A პუნქტის (2) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აღნიშნული დოკუმენტების მიზანსა და საგანს წარმოადგენს პირის დაცვა წარმოშობის სახელმწიფოდან მომდინარე დევნის საფრთხისაგან inter alia წარმოშობის სახელმწიფოში ექსტრადიციისაგან თავის შეკავების გზით. მოცემული სამართლებრივი დოკუმენტები არ არეგულირებენ პირის ექსტრადიციას მესამე (არა წარმოშობის) სახელმწიფოში.

8.2.1. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნული არგუმენტები ვერ შეაფერხებს პირის ექსტრადიციას, ვინაიდან გ. ვ–ი (G. V.) არ არის კ–ს რესპუბლიკის მოქალაქე, ის არის ლ–ს რესპუბლიკის მოქალაქე. შესაბამისად, მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო - კორეის რესპუბლიკა მოითხოვს და ს–ში მიმდინარე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცესი არ წარმოადგენს გ. ვ–ის (G. V.) კორეის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და გ. ვ–ის (G. V.) კორეის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, მისი უფლებების დარღვევის საფრთხიდან გამომდინარე.

10. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან; სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, nos. 46827/99, 46951/99, paras. 72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par. 58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 352, ECtHR, 12/04/2005).

10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე ზოგადად უთითებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე (პირდაპირ ან ირიბ, გარემოებით მტკიცებულებაზე) ან/და გარემოებებზე, რაც მიუთითებდა ევროპული კონვენციის გარანტირებული უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობასა და ობიექტურობაზე. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.

11. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ გ. ვ–ი (G. V.) რაიმე ნიშნით იდევნება კორეის რესპუბლიკაში ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე. დაცვის მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განცხადებებითა და ზოგადი განმარტებებით, რომლებიც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რაც არ არის საკმარისი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხის სამტკიცებლად და ექსტრადიციის დაუშვებლად მისაჩნევად. დაცვის მხარის დაუსაბუთებელი ვარაუდების/მოსაზრებების გარდა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება ან სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს გ. ვ–ის (G. V.) უფლებების – მათ შორის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.

12. მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15, 49975/15, ECtHR, 29/04/2022).

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განჩინება №21-20), რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, par. 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, par. 56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Janousek v. France and Spain, par. 110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no 8139/09, par. 259, ECtHR, 17/01/2012) და არა მარტივი პროცედურული ხარვეზები.

14. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no8139/09, par. 261, ECtHR, 17/01/2012).

14.1. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს (მის ადვოკატს) საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია (აღნიშნულს გამორიცხავს საექსტრადიციო მასალების ანალიზიც), რაც მის მიმართ კორეის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართალწარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

14.2. კორეის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანომ წარმოადგინა გარანტია გ. ვ–ის (G. V.) უფლებების დაცვისა და საქართველოს თანხმობის გარეშე

მესამე სახელმწიფოსათვის მისი გადაცემის დაუშვებლობის შესახებ. ასევე გარანტიის თანახმად, კორეის რესპუბლიკა დაიცავს ადამიანის უფლებებს, როგორიცაა წამების აკრძალვა, სამართლიანი სასამართლოს გარანტია, nulla poena sine lege (არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე) პრინციპს და ა.შ., კორეის კონსტიტუციის, კორეის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და კონვენციის შესაბამისად, როდესაც მოხდება გ. ვ–ის (G. V.) ექსტრადიცია კორეის რესპუბლიკაში.

14.3. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ World Justice Project-ის 2021 წლის კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში კორეა მე-20 ადგილზეა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომპონენტში – მე-19 ადგილზე. Freedom House-ის 2021 წლის მონაცემებით კორეის რესპუბლიკა თავისუფალ ქვეყნად ითვლება. იგივე ორგანიზაცია სამოქალაქო უფლებების მდგომარეობას კორეაში აფასებს 60-დან 50 ქულით, ხოლო კანონის უზენაესობას 4 დან -3 ქულით. გარდა აღნიშნულისა, კორეის რესპუბლიკის მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებების სისტემურ ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, კორეის რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია ზოგადად არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, საქართველო არ წარმოადგენს გ. ვ–ი (G. V.) მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მისი ოჯახის წევრები არ ცხოვრობენ საქართველოში. შესაბამისად, მისი კორეის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

16. უსაფუძვლობის გამო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გ. ვ–ის (G. V.) საჩივრის მიღება, რომლითაც მოთხოვნილია მისი წითელი ცირკულარით ძებნის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია – 2025 წლის 18 ივნისს ინტერპოლიდან მიღებული მეილი). ამასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული არ წარმოადგენს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თვითკმარ საფუძველს.

17. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის მითითებას ექსტრადიციის შუამდგომლობის სათანადო წესის დაუცველად მიღების შესახებ და ითვალისწინებს ექსტრადიციის შესახებ კონვენციის მე-2 დამატებით ოქმზე საქართველოს მიერ გაკეთებულ დათქმას, რომლის თანახმად, საქართველო არ ეთანხმება ოქმის მე-5 თავს (რომელიც ექსტრადიციის შუამდგომლობის ადრესატად განსაზღვრავს იუსტიციის სამინისტროს) და აცხადებს რომ ამ კუთხით კომპეტენტური ორგანოა საქართველოს პროკურატურა. ამასთან, დიპლომატიური არხების გამოყენება ექსტრადიციის საქმეებისათვის არ არის გამორიცხული.

18. ამასთან, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მითითება ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე. გ. ვ–ის (G. V.) ექსტრადიციის მასალებში წარმოდგენილია მე-12 მუხლით განსაზღვრული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, მათ შორის დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, ასევე მითითებულია კორეის რესპუბლიკის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ქსელის გამოყენებისა და ინფორმაციის დაცვის ხელშეწყობის შესახებ აქტის 48 (2) მუხლსა (მავნე პროგრამების გავრცელება) და კორეის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 347-2 მუხლზე (თაღლითობა, ჩადენილი კომპიუტერული სისტემის გამოყენებით).

19. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსტრადიციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება ევროპული კონვენციით და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის საფუძველი; შესაბამისად, არ არსებობს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი;

20. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს.

21. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, par. 86 ECtHR, 07/07/1989).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით, ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გ. ვ–ის (G. V.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე