Facebook Twitter

საქმე # 330802225011628545

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№91I-25 ქ. თბილისი

ქ. ჰ.51I-25 4 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. (H.) ქ–ის (K.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჰ. (H.) ქ–ის (K.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2022 წლის 11 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქ. აიდინის მძიმე დანაშაულთა პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. (H.) ქ–ი (K.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის “d” ქვეპუნქტით (ძარცვა, ჩადენილი საცხოვრებელ სახლში). აღნიშნული განაჩენით ჰ. (H.) ქ–ის (K.) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

1.2. აღნიშნული განაჩენი 2023 წლის 18 აპრილს შევიდა კანონიერ ძალაში;

2. ჰ. (H.) ქ–ის (K.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2025 წლის 16 თებერვალს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. (H.) ქ–ი (K.);

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვალს განჩინებით ჰ. (H.) ქ–ს (K.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 4 000 ლარი და 2025 წლის 19 თებერვალს გათავისუფლდა საექსტრადიციო პატიმრობიდან;

2.3. 2025 წლის 29 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ჰ. (H.) ქ–ის (K.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული 2022 წლის 11 აპრილის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 17 ივნისს ჰ. (H.) ქ–ი (K.) მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში და ეცადა დაუფლებოდა მაგიდაზე მოთავსებულ ფულად თანხას – 14 000 თურქულ ლირას. ჰ. (H.) ქ–ს (K.) დაზარალებულმა გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც ჰ. (H.) ქ–მა (K.) მას მიაყენა დაზიანება. აღნიშნულის შემდეგ ჰ. (H.) ქ–მა (K.) აიღო დანა, რომლის გამოყენებითაც ცდილობდა დაზარალებულის დაზიანებას, მაგრამ ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო თანხის დაუფლება.

4. 2025 წლის 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ჩადენილი საცხოვრებელ სახლში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. აიდინის მძიმე დანაშაულთა პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2022 წლის 11 აპრილს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, ჰ. (H.) ქ–ის (K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. (H.) ქ–ის (K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ჩადენილი საცხოვრებელ სახლში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. აიდინის მძიმე დანაშაულთა პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2022 წლის 11 აპრილს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. (H.) ქ–ის (K.) – ინტერესების დამცველი ადვოკატი – რ. ჩ–ე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ჰ. (H.) ქ–ის (K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებას. ადვოკატი უთითებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-2 მუხლზე, ასევე - „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ჰ. (H.) ქ–ის (K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლოა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე. კასატორის მტკიცებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განმარტებით, მას ემუქრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწინააღმდეგე მხარე. დაცვის მხარის მტკიცებით, ჰ. (H.) ქ–ი (K.) არ გაურბის პასუხისმგებლობას და მისი წინააღმდეგობა ექსტრადირებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს შიშიდან, რომ მის მიმართ შესაძლოა განხორციელდეს ძალადობრივი ქმედებები.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და არც საექსტრადიციო მასალებში მოიპოვება მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ ჰ. (H.) ქ–ის (K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან/და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს შემდეგს:

3. 2025 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ჩადენილი საცხოვრებელ სახლში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, აღნიშნული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. აიდინის მძიმე დანაშაულთა პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2022 წლის 11 აპრილს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში ჰ. (H.) ქ–ის (K.) ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

4. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედება დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და, ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. კერძოდ:

5.1. ზემოაღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომლითაც პირი მსჯავრდებულია. ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.

5.2. ზემოაღწერილი ქმედების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე.

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით;

6.2. 2022 წლის 11 აპრილის განაჩენით დადგენილი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამდენად, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.

7. ჰ. (H.) ქ–ის (K.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ჰ. (H.) ქ–ი (K.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე (ტ. N2; ს.ფ.176).

8.2. იმავდროულად, საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჰ. (H.) ქ–ს (K.) მიგრაციის დეპარტამენტისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს. შესაბამისად, იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად და არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში (ტ.N2; ს.ფ. 175).

8.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს (სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს) და 34-ე მუხლის მე-14 პუნქტს (სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს).

9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ჰ. (H.) ქ–ის (K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხიდან გამომდინარე.

9.1. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

9.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს საკუთარი პოზიციის – საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის – დამადასტურებელ არც კონკრეტულ არგუმენტაციას და არც რაიმე სახის რელევანტურ მტკიცებულებას/ებს; საექსტრადიციო მასალებში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ჰ. (H.) ქ–ის (K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, inter alia მისი სიცოცხლის მოსპობის, საფრთხე. შესაბამისად, დაუსაბუთებლობის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ჰ. (H.) ქ–ის (K.) მიმართ ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას შესაძლოა დაემუქროს საფრთხე.

9.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005). ამასთან, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განცხადება არ არის საკმარისი მტკიცების შესაბამისი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, თუ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები (Chentiev and Ibragimov v. Slovenia, no21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010).

9.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ჰ. (H.) ქ–ი (K.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი.

10. გარდა ამისა, კასატორი არ უთითებს, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილ საექსტრადიციო მასალებზე დაყრდნობით, რომ ჰ. (H.) ქ–ის (K.) საქმეში არის რაიმე აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

10.1. არ არის წარმოდგენილი არც რაიმე ინფორმაცია/მტკიცებულება, რაც თურქეთის რესპუბლიკაში განსახილველი სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

10.2. ჰ. (H.) ქ–ი (K.) ესწრებოდა/მონაწილეობდა საქმის არსებით განხილვას.

11. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, არ არსებობს თურქეთის რესპუბლიკაში ჰ. (H.) ქ–ის (K.) ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არც „ადამიანის უფლებათა და ძირთად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჭრილში.

12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არ უთითებს და წარმოდგენილი მასალებითაც არ იკვეთება, რომ ჰ. (H.) ქ–ის (K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეუსაბამოა „ადამიანის უფლებათა და ძირთად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

13. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. (H.) ქ–ის (K.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. (H.) ქ–ის (K.) – ინტერესების დამცველი ადვოკატის – რ. ჩ–ის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე