საქმე N 330802225011548126
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№92I-25 7 ივლისი, 2025 წელი
ზ–ე/ზ–ე ბ., №92I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ– (B.) ზ–ე/ზ–ე (Z.) ინტერესების დამცველი ადვოკატების თ. ს–ის, ქ. ე–სა და გ. ლ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ. ზ–ე/ზ–ეს მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2024 წლის 29 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემულია ბ. ზ–ე/ზ–ეს დაკავების ორდერი, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) ქვეპუნქტებით, 25-ე მუხლის (2) ქვეპუნქტით და 53-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ბანდის წევრის მიერ კომერციულად ჩადენილი თაღლითობა, ჯგუფურად, დანაშაულის სიმრავლე, სულ მცირე 22 ეპიზოდი) ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 28.11.2019 წლიდან 24.08.2023 წლამდე პერიოდში, ბ. ზ–ე/ზ–ემ თანამზრახველებთან ერთად შეიძინა თაღლითური პროგრამული უზრუნველყოფა და მართავდა სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ქოლ ცენტრებს. ბ– ზ–ე/ზ–ე და მისი თანამზრახველები ვაჭრობდნენ სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით, კერძოდ, CDF-ებით, ფორექსით და კრიპტოვალუტებით და თაღლითური სავაჭრო პლატფორმებით (...ibank, C..., S..., S...., M...., E...., ....Capital, D...., P...., G...., W...., M..., W...., R...., F....a, F...., ...., G...., M...., P.....და Co....). თაღლითური ჯგუფის წევრები პირდაპირ მიმართავდნენ გ–ი დაინტერესებულ პირებს, ისინი დარეგისტრირებულნი იყვნენ ვებგვერდზე, ხოლო აგენტების მეშვეობით, ტელეფონით არწმუნებდნენ დაზარალებულებს და მაღალ მოგებას ჰპირდებოდნენ მათ სხვადასხვა ანგარიშზე თანხის გადარიცხვის განხორციელების შემთხვევაში. ამ გზით მოპოვებულ თანხას თაღლითური ჯგუფის წევრები არ იყენებდნენ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის და თაღლითურად ეუფლებოდნენ მიღებულ თანხას. აღნიშნული ხერხის გამოყენებით თაღლითური ჯგუფის წევრებმა 208 დაზარალებული დაარწმუნეს, რომ მათ კუთვნილ ფულად თანხას ინვესტირებას გაუკეთებდნენ და დაჰპირდნენ სარგებელს. ბ– ზ–ე/ზ–ემ და მისმა თანამზრახველებმა თაღლითურად მიითვისეს დაზარალებულების კუთვნილი 9,4 მილიონი ევრო. უშუალოდ ბ– ზ–ე/ზ–ეს მონაწილეობა აქვს მიღებული სულ მცირე 22 ეპიზოდი თაღლითობის ჩადენაში.
1.3. 2024 წლის 29 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემულია ბ. ზ–ე/ზ–ეს დაკავების ორდერი, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) ქვეპუნქტებით, 25-ე მუხლის (2) ქვეპუნქტით და 53-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ბანდის წევრის მიერ კომერციულად ჩადენილი თაღლითობა, ჯგუფურად, დანაშაულის სიმრავლე, სულ მცირე 22 ეპიზოდი).
1.4. 2024 წლის 19 დეკემბრიდან ბ. ზ–ე/ზ–ე გ........ რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ბ– ზ–ე/ზ–ეს მიმართ ს–ში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2024 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ს–ს ტერიტორიაზე დააკავეს გ–ს ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ– ზ–ე/ზ–ე.
2.2. 2025 წლის 3 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ბ– ზ–ე/ზ–ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
2.3. 2025 წლის 5 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიდა ბ– ზ–ე/ზ–ეს ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალა.
2.4. 2025 წლის 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ბ– ზ–ე/ზ–ეს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 2025 წლის 31 მარტიდან 2025 წლის 30 ივნისამდე.
2.5. 2025 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ბ– ზ–ე/ზ–ეს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 2025 წლის 30 ივნისიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე.
2.6. ამჟამად, ბ– ზ–ე/ზ–ე მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.7. 2025 წლის 27 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ბ– ზ–ე/ზ–ეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემული ბ– ზ–ე/ზ–ეს დაკავების ორდერში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) ქვეპუნქტებით, 25-ე მუხლის (2) ქვეპუნქტით და 53-ე მუხლით.
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის – ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ბ– ზ–ე/ზ–ეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია 2024 წლის 29 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემულ ბ– ზ–ე/ზ–ეს დაკავების ორდერში, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) ქვეპუნქტებით, 25-ე მუხლის (2) ქვეპუნქტით და 53-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ბანდის წევრის მიერ კომერციულად ჩადენილი თაღლითობა, ჯგუფურად, დანაშაულის სიმრავლე).
2.9. 2025 წლის 29 ივნისს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ– (B.) ზ–ე/ზ–ეს (Z.) ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თ. ს–ემ, ქ. ე–მ და გ. ლ–ემ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმება.
3. კასატორების პოზიცია:
3.1. კასატორების პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. ვინაიდან, სასამართლომ, ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას, შეფასების გარეშე დატოვა კანონით დადგენილი სავალდებულო გარემოებები, კერძოდ: ოჯახური და პირადი ცხოვრება, უსაფრთხოების სტანდარტი და ექსტრადიციის დასაბუთება. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ვინაიდან, ბ– ზ–ე/ზ–ეს ჰყავს ქ–ი მეუღლე და იგი 2013 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ს–ში, აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა და ფლობს უძრავ ქონებებს არ უნდა განხორციელდეს მისი ექსტრადირება, რადგან მას ვერ ნახავენ მისი არასრულწლოვანი შვილები და შესაბამისად დარჩებიან მამის მზრუნველობის გარეშე. ამასთან, ბ– ზ–ე/ზ–ეს არ აქვს შესაძლებლობა გ–ში აიყვანოს ადვოკატი, ხოლო მის მეუღლეს - შვილებთან ერთად წავიდეს გ–ში. მას ბრალი ედება თაღლითობაში, დანაშაული არ არის ძალადობრივი, იგი არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის და შესაბამისად, არ არსებობს იმგვარი საზოგადოებრივი ინტერესი ან საჭიროება, რაც გადაწონის არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ არ არის დაცული უსაფრთხოების სტანდარტი, რადგან ბ– ზ–ე/ზ–ე არის სირიელი და მის ექსტრადირებას ითხოვს გერმანია, სადაც იგი ნამყოფიც არ არის. საქმის განმხილველმა სასამართლომ არ შეაფასა ქმნიდა თუ არა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გამოგზავნილი დოკუმენტები მსჯავრდების საფუძველს და დასტურდებოდა თუ არა პირის მიერ დანაშაულის ჩადენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ბ– ზ–ე/ზ–ე არ უნდა იქნეს ექსტრადირებული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ბ– ზ–ე/ზ–ეს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებით ძებნილი ბ– ზ–ე/ზ–ე 2024 წლის 31 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ბ. ზ–ე/ზ–ეს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ბ– ზ–ე/ზ–ეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს.
6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით. ამდენად, ბ– ზ–ე/ზ–ეს მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
7. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.
8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
9. დანაშაულებრივ ქმედებას, რომელის ჩადენისთვისაც მოითხოვება ბ– ზ–ე/ზ–ეს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადები. პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, ბ– ზ–ე/ზ–მა შესაძლო დანაშაული ჩაიდინა 28.11.2019 წლიდან 24.08.2023 წლამდე პერიოდში, ხოლო 2024 წლის 29 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბამბერგის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემულია ბ– ზ–ე/ზ–ეს დაკავების ორდერი. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ასევე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადა. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
11. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
12. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ არ არის დაცული უსაფრთხოების სტანდარტი, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ბ– ზ–ე/ზ–ეს უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის თაობაზე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. გასათვალისწინებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ბრალდების აშკარა დაუსაბუთებლობის ან/და ბრალდების მიღმა არასათანადო მოტივაციის საფუძვლით ექსტრადიციის დაუშვებლობის საკითხი სამართლიანი განხილვის უფლების კონტექსტში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას, კერძოდ: თუ პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და ის აშკარად დაუსაბუთებელია; ბრალდება აშკარად სცილდება სისხლის სამართლის ჩარჩოებსა და მიზნებს ან/და კანონის აშკარად განუჭვრეტად განმარტებას ეყრდნობა და ბრალდების მოტივაცია აშკარად არასათანადოა. მოცემულ საქმეში ასეთი მოცემულობა არ იკვეთება. საგულისხმოა ისიც, რომ ექსტრადიციის პროცესში სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი მიემართება დაუსწრებლად გამოტანილ განაჩენს, რაც არ უნდა იქნეს გაიგივებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან, შესაბამისად დაცვის მხარის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (amayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
15. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“
16. წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
17. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბ– ზ–ე/ზ–ეს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
19. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ბ– ზ–ე/ზ–ეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
20. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის განმარტებით, ბ– ზ–ე/ზ–ეს საქართველოს მოქალაქესთან აქვს ოჯახური კავშირი. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გ......... რესპუბლიკასთან მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, ს–ში მყოფ ბ– ზ–ე/ზ–ეს ოჯახის წევრებს ექნება შესაძლებლობა დაბრკოლებების გარეშე გადალახონ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვარი და მოინახულოს ბ– ზ–ე/ზ–ე, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ მის მეუღლეს და შვილებს რეალურად და ობიექტურად არ შეუძლიათ გ...... რესპუბლიკაში შესვლა. შესაბამისად, ბ– ზ–ე/ზ–ეს ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ექსტრადაციის შემდეგ შეინარჩუნონ კავშირი მასთან. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ მისი ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.
22. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ზ–ე/ზ–ეს ინტერესების დამცველი ადვოკატების ქ. ე–ს, თ. ს–ისა და გ. ლ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. (B.) ზ–ე/ზ–ეს (Z.) ინტერესების დამცველი ადვოკატების ქ. ე–ს, თ. ს–ისა და გ. ლ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე