საქმე N 330802225011645337
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩ–ნება
საქართველოს სახელით
№93I-25 7 ივლისი, 2025 წელი
ჩ. ე., №93I-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. (E.) ჩ–ის (C.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე– (E.) ჩ–ის (C.) (დაბადებული: 19..) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. 2013 წლის 31 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა მე-5 სასამართლოს N 2010/100-2013/570 განაჩენით ე. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 204-ე მუხლით (ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლითა და 90 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 30000 თურქული ლირის ოდენობით (რაც ბურსას მე-4 აღმასრულებელი სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის შეკრების გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა თავისუფლების აღკვეთით - 1500 დღის ვადით). აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 5 მარტს.
1.2. 2016 წლის 1 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის სისხლის სამართლის საქმეთა 1-ელი ინსტანციის მე-10 სასამართლოს N2015/476-2016/292 განაჩენით ე. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე, 53-ე და 58-ე მუხლებთან ერთობლიობაში 179-ე მუხლით (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა) გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 თვისა და 15 დღის ვადით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 7 მარტს.
1.3. 2019 წლის 14 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის სისხლის სამართლის საქმეთა 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს N 2018/319-2019/285 განაჩენით ე. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე და 53-ე მუხლებთან ერთობლიობაში 106-ე (მუქარა) და 125-ე მუხლებით (შეურაცხყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 თვის და 3 თვის ვადით აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 17 ივლისს.
1.4. 2019 წლის 12 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის მე-2 სასმართლოს N 2018/332-2019/503 განაჩენით ე. ჩ– ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 58-ე და 61-ე მუხლებთან ერთობლიობაში 179-ე მუხლით (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა) გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 2 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 3 ივლისს.
1.5. 2024 წლის 2 მაისს, თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მე-4 აღმასრულებელი სასამართლოს N2024/3353-2024/3305 გადაწყვეტილებით შეიკრიბა ზემოთ აღნიშნული განაჩენებით დადგენილი სასჯელები და ე. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 31 წლის, 98 თვისა და 1515 დღის ვადით.
1.6. 2024 წლის 17 მაისს, თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მთავარმა პროკურატურამ გასცა ე– ჩ–ს დაპატიმრების ბრძანება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
1.7. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2013 წლის 31 დეკემბრის განაჩენის თანახმად: 2008 წელს თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ბ–ს პროვინციაში, ე. ჩ. დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში, საბროკერო ფირმებისგან ყიდულობდა მძიმედ დაზიანებულ ავტომობილებს, აჭრიდა ძრავასა და სანომრე ნიშნებს, რის შემდეგადაც, მოპარულ ავტომობილებზე ცვლიდა აღნიშნულ ნაწილებს და ყიდდა ბაზარზე.
1.8. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2016 წლის 1 მარტის განაჩენის თანახმად: 2015 წლის 24 მარტს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ე. ჩ–მა ჰაერში გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.
1.9. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2019 წლის 14 მარტის განაჩენის თანახმად: 2017 წლის 21 თებერვალს, ე. ჩ. ტელეფონზე დაუკავშირდა, შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა დაზარალებულს შემდეგი სიტყვებით: „იმ კაცის დედას ...., ვინც ჩემს სახლში უფასოდ დარჩება. მაფიის წევრი ხარ? მე იმ კაცის, რომელიც სახლიდან არ გავა... საღამოს 7:30-ზე დაგირეკავ, თუ ქვევით არ ჩამოხვალ...“.
1.10. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები 2019 წლის 12 ივნისის განაჩენის თანახმად: 2018 წლის 9 აპრილს ე. ჩ., ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს.
2. ე– (E.) ჩ–ს (C.) მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2024 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ჩ. იმავე დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ე. ჩ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 100000 ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველყოფით.
2.2. 2024 წლის 31 ოქტომბერს, ე. ჩ–მა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის წინაშე უარი განაცხადა გამარტივებული წესით თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე.
2.3. 2024 წლის 4 ნოემბერს, ზემოაღნიშნული თანხა სრულად იქნა გადახდილი იუსუფ სეზერ ჩ–ს (პ/ნ ....) მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და იმავე დღეს ე. ჩ. გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2.4. 2024 წლის 5 დეკემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობა ე. ჩ–ს ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული დოკუმენტები.
2.5. 2024 წლის 10 დეკემბერს და 2025 წლის 20 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ე. ჩ–ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა 2025 წლის 27 იანვარსა და 2025 წლის 4 ივნისს.
2.6. 2025 წლის 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2024 წლის 2 მაისის ბურსას მე-4 აღმასრულებელი სასამართლოს N2024/3353-2024/3305 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით, გარდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის სისხლის სამართლის საქმეთა 1-ელი ინსტანციის მე-10 სასამართლოს 2016 წლის 1-ელი მარტის N2015/476-2016/292 განაჩენით, სამსუნის სისხლის სამართლის საქმეთა 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის N2018/319-2019/285 განაჩენითა და გირესუნის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის მე-2 სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის N2018/332-2019/503 განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის (მუქარა, შეურაცხყოფა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა) განსაზღვრული სასჯელებისა.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორ მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2024 წლის 2 მაისის ბურსას მე-4 აღმასრულებელი სასამართლოს N2024/3353-2024/3305 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით გარდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის სისხლის სამართლის საქმეთა 1-ელი ინსტანციის მე-10 სასამართლოს 2016 წლის 1-ელი მარტის N2015/476-2016/292 განაჩენით, სამსუნის სისხლის სამართლის საქმეთა 1-ელი ინსტანციის მე-11 სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის N2018/319-2019/285 განაჩენითა და გირესუნის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის მე-2 სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის N2018/332-2019/503 განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის (მუქარა, შეურაცხყოფა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა) განსაზღვრული სასჯელებისა.
2.8. 2025 წლის 27 ივნისს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია. პროკურორს საქმის განხილვის დროს არ წარმოუდგენია რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება რითაც დასტურდება, რომ ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ბრალი აქვს წარდგენილი და სწორედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების გამო დატოვა მან თავისი ქვეყანა. ამასთან, ე. ჩ–მა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა კანონიერად და თუ მას, ბრალი ჰქონდა წარდგენილი, რატო არ მოხდა მისი შეჩერება საზღვარზე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის იყო ძებნილი. სახელმწიფომ, რატომ არ მოახდინა დროული რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ე. ჩ–ს საქართველოში ყოფნის პერიოდში არ ჩაუდენია დანაშაული. იგი არ წარმოადგენს საფრთხეს არც სახელმწიფოსთვის და არც საზოგადოებისთვის. საქართველოში ფლობს ბიზნესს და დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ადამიანი, ასევე ყოველთვიურად იხდის იჯარის თანხას.
4. პოზიცია საკასაციო საჩ–ვარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ე. ჩ–ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩ–ვრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ე. ჩ. 2024 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ე. ჩ–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულ პირთა შემთხვევაში კი, ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე და ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათ წლამდე ვადით.
8. ამდენად, ე. ჩ–ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით მას სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.
9. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
10. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით.
11. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ე. ჩ–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
12. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, ხოლო ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებისას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
13. მოცემულ შემთხვევაში ე. ჩ–ს მიმართ, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან მიმართებით, ბურსას მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა მე-5 სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წელს, 2024 წელს შეიკრიბა ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენები და 2024 წლის 17 მაისს, თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მთავარმა პროკურატურამ გასცა ე. ჩ–ს დაპატიმრების ბრძანება. შესაბამისად, სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა (ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან), იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ე. ჩ. იყო ძებნილი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამოწურული არ არის. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
14. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
15. ასევე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ე. ჩ. რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარეს აღნიშნულზე მითითება არ გაუკეთებია, ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩ–ვრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
16. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ე. ჩ–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება მისი უფლებები.
17. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები ე– ჩ–ს მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტების დასადგენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი, ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
19. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
20. ე– ჩ– არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
21. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ე. ჩ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
23. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ჩ. მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, მან თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით მის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.
25. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ე. ჩ–ს საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.
26. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ჩ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატის მ. ზ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. (E.) ჩ–ს (C.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე