¹ ბს-300-285(კ-06) 12 ივლისი, 2006 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 13 ივნისს ს. კ-მ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ზესტაფონის ... საშუალო სკოლის, ზესტაფონის რაიონის განათლების განყოფილებისა და ზესტაფონის რაიონის გამგეობის მიმართ და საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაოდა ზესტაფონის ... საშუალო სკოლაში ...-ის მასწავლებლად. 2003წ. 29 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, შესვენებაზე დერეფანში მორიგეობისას, ფეხი წამოსდო კარების ზღურბლს, დაეცა და მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა მიიღო. სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2004წ. 29 დეკემბრის აქტით მოსარჩელეს დაუდგინდა შრომის უნარის 100%-ით დაკარგვა. აღნიშნული შემთხვევის გამო, მოსარჩელე პირველი ჯგუფის ინვალიდი გახდა, რის გამოც დაენიშნა ინვალიდობის პენსია.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა გამოწვეული იყო დერეფნის გაუნათებლობით, რის გამოც “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საფუძველზე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ზესტაფონის ... საშუალო სკოლას, ზესტაფონის რაიონის განათლების განყოფილებასა და ზესტაფონის რაიონის გამგეობას ეკისრებოდა, თუმცა, არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხეებმა უარი განაცხადეს ზიანის ანაზღაურებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ერთდროულად _ 13497 ლარის, ხოლო 2005წ. 1 ოქტომბრიდან ყოველთვიურად _ 249,8 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
მოგვიანებით, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებისათვის ერთდროულად _ 12210,34 ლარის, ხოლო ყოველთვიურად _ 249,8 ლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონის განათლების განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზესტაფონის რაიონის განათლების განყოფილება არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა და პროცესში ჩაბმული უნდა ყოფილიყო მესამე პირად, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების მოვალეობა ეკისრებოდათ ზესტაფონის ... საშუალო სკოლასა და ზესტაფონის რაიონის გამგეობას.
სარჩელი არ ცნეს ასევე ზესტაფონის ... საშუალო სკოლამ და ზესტაფონის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი დაწესებულების ბრალით არ მომხდარა, სკოლაში არ იყო დარღვეული შრომის დაცვის წესები. ამასთან, შემთხვევის მიზეზად სიბნელეზე მითითება უსაფუძვლო იყო, ტრავმის გამომწვევ მოწყობილობად კი კარის ზღურბლის დასახელება _ დაუშვებელი. გარდა ამისა, დარღვეული იყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის წესი, ხოლო სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2004წ. 29 დეკემბრის აქტი დაუსაბუთებლობისა და უზუსტობის გამო, მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ს. კ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ზესტაფონის ... საშულო სკოლას ს. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროული თანხის _ 1000 ლარის, ხოლო 2006წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად _ 94,38 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომის კანონთა კოდექსის 139-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა ეკისრებოდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას. ამავე კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაცია ვალდებული იყო, უზრუნველეყო ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკური მოწყობა და შრომის ისეთი პირობების შექმნა, როგორიც შეესაბამებოდა შრომის დაცვის წესებს, უსაფრთხოების ტექნიკის წესებსა და სანიტარულ ნორმებს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის ... საშუალო სკოლა ვალდებული იყო დერეფანი გაენათებინა. გაუნათებლობით კი მან შრომის დაცვის პირობები დაარღვია, რაშიც გამოიხატა ადმინისტრაციის ბრალი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-3 და მე-5 მუხლების საფუძველზე, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება ზესტაფონის ... საშულო სკოლამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა განმარტა, რომ საწარმოო ტრავმის მიზეზად ვერ ჩაითვლებოდა წარმოებაში მომხდარი, უბედური შემთხვევის აქტში მითითებული კარის ზღურბლზე ფეხის წამოკვრა, ვინაიდან სკოლაში არ იყო დარღვეული შრომის კანონთა კოდექსის მე-11 თავით განსაზღვრული შრომის დაცვის წესები.
კასატორმა აღნიშნა, რომ უბედური შემთხვევის აქტი გაყალბებული იყო, რადგან მასში ცვლილებები, კერძოდ, ტრავმის მიზეზი, შეტანილ იქნა დირექტორის მიერ ოქმზე ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის შემდეგ. ამასთან, ტრავმის მიზეზად სიბნელის დასახელება კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან შემთხვევა დილის საათებში მოხდა, დერეფანი კი შემინული იყო.
კასატორმა განმარტა, რომ ს. კ-ის ტრავმა საწარმოო ტრავმად არ უნდა ჩათვლილიყო, ვინაიდან “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 46-ე მუხლის თანახმად, საწარმოო ტრავმის დადგენისათვის საჭირო იყო შრომის, ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტისა და მის ბაზაზე არსებული სამედიცინო თანამოსახელე კათედრის კლინიკის დასკვნა.
კასატორმა აღნიშნა, რომ დარღვეული ასევე იყო “წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის წესის” შესახებ საქართველოს სოციალური დაცვისა და დასაქმების სამინისტროს 1997წ. 4 აპრილის ¹39 ბრძანება, რომლის თანახმად, უბედური შემთხვევის გამოკვლევა ხდებოდა კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: დამსაქმებელი ან მისი უფლებამოსილი პირი, პროფკავშირის წარმომადგენელი, ამასთან, კომისიის შემადგენლობა დამტკიცებული უნდა ყოფილიყო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ს. კ-მაც გაასაჩივრა იმავე საფუძვლებით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 15 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზესტაფონის ... საშუალო სკოლისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრები; მხარეებსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში ჩაბმულ მესამე პირებს მიეცათ უფლება, 2006წ. 15 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 28 ივნისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 28 ივნისის განჩინებით ზესტაფონის ¹3 საშუალო სკოლისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა 2006წ. 12 ივლისს მხარეთა დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ს. კ-ე მუშაოდა ზესტაფონის ... საშუალო სკოლაში ...-ის მასწავლებლად. 2003წ. 29 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, შესვენებაზე დერეფანში მორიგეობისას, ფეხი წამოსდო კარების ზღურბლს, დაეცა და მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა მიიღო. ზესტაფონის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2004წ. 29 დეკემბრის აქტით მოსარჩელეს დაუდგინდა შრომის უნარის 100%-ით დაკარგვა. აღნიშნული შემთხვევის გამო, მოსარჩელე პირველი ჯგუფის ინვალიდი გახდა, რის გამოც დაენიშნა ინვალიდობის პენსია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, რომ არ გამოიკვლია მთელი რიგი მტკიცებულებები და არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 139-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა ეკისრებოდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას, აგრეთვე, ამავე კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაცია ვალდებული იყო უზრუნველეყო ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკური მოწყობა და შრომის ისეთი პირობების შექმნა, როგორიც შეესაბამებოდა შრომის დაცვის წესებს, უსაფრთხოების ტექნიკის წესებსა და სანიტარულ ნორმებს და დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის ... საშუალო სკოლა ვალდებული იყო დერეფანი გაენათებინა, გაუნათებლობით კი მან შრომის დაცვის პირობები დაარღვია, რაშიც გამოიხატა ადმინისტრაციის ბრალი. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ მოცემულ შემთხვევაში რა კუთხით იკვეთებოდა და რომელი მტკიცებულებით დასტურდებოდა ზესტაფონის ... საშუალო სკოლის ბრალეულობა ს. კ-ისათვის საწარმოო ტრავმის მიყენებაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, კერძოდ, მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ზესტაფონის რაიონის გამგეობის 2005წ. 2 მარტის პასუხი ს. კ-სადმი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელისათვის მიყენებულ დასახიჩრებასა და მის მიერ პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვაში, რომელიც არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო საწარმოო ტრავმად, არ არსებობდა დამქირავებლის ბრალი. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ზესტაფონის რაიონის გამგეობის შესაგებელიც, რომლის თანახმად, ზესტაფონის ... საშუალო სკოლის დერეფნები დღის შუქითაც ნათდება, რადგან ერთ მხარეზე მიყოლებითაა ფანჯრები და, ამდენად, უბედური შემთხვევის მიზეზად სიბნელის მითითება დაუშვებელია. გარდა ამისა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 6 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხე ზესტაფონის ... საშუალო სკოლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემთხევევა მოხდა დილის საათებში და თვითონ ოთახი _ შემთხვევის ადგილიც, იყო განათებული და ასევე, იქ იყო დერეფანი დიდი ფანჯრებით, ხოლო კარების ჩარჩო _ ოდნავ ამაღლებული და მოსარჩელეს უნდა დაენახა იგი. საქმეში არის, აგრეთვე, ზესტაფონის ... საშუალო სკოლის მასწავლებელთა ერთობლივი განცხადება (რომელსაც ხელს აწერს 44 მასწავლებელი და სკოლის დირექტორი), რომლის მიხედვითაც, სინამდვილეს არ შეესაბამება ს. კ-ის ტრავმის მიზეზად სიბნელის მიჩნევა, რადგან სკოლის შენობა ახლად აშენებული კორპუსია, დერეფანი კი _ შემინული და ნათელი, ამასთან, შემთხვევა მოხდა 2003წ. 29 აპრილს, დიდ დასვენებაზე, 11.25 საათიდან 11.35 საათამდე, რა დროსაც დერეფანშიც და საკლასო ოთახებშიც იყო ბუნებრივი სინათლე, რის გამოც ზემოხსენებული შემთხვევა მოხდა ს. კ-ის და არა ზესტაფონის ... საშუალო სკოლის მიზეზით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, საქმეში წარმოდგენილია ზესტაფონის ... საშუალო სკოლის აქტი წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, რომელშიც უბედური შემთხვევის მიზეზად მითითებულია სიბნელე, მაგრამ ამავე დროს, საქმეში არის ს. კ-ის სარჩელთან დაკავშირებით ზესტაფონის ... საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორის _ ანზორ ბიწაძის ახსნა-განმარტებაც, რომლის მიხედვით, აღნიშნულ აქტში სიბნელე შემთხვევის მიზეზად ჩაწერა მოსარჩელის მეუღლემ, ხოლო ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა (სკოლის ახალი კორპუსის მე-3 სართული) იმდენად კარგად იყო განათებული, თანაც ხილვადობა თითქმის ისეთივე იყო, როგორც გარეთ, რომ იგი ვერ გახდებოდა ტრავმის მიზეზი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 27 თებერვლის სხდომაზე ზესტაფონის ... საშუალო სკოლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ს. კ-ე ვერ უთითებდა ვერანაირ საფუძველზე, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული სკოლის ბრალი ს. კ-ისათვის საწარმოო ტრავმის მიყენებაში და, შესაბამისად, სკოლის ადმინისტრაციას კონკრეტულ უბედურ შემთხვევაში ბრალი არ მიუძღვის. სააპელაციო სასამართლოს იმავე სხდომაზე ზესტაფონის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმაც განმარტა, რომ ზესტაფონის ... საშუალო სკოლას ს. კ-ის მიმართ არ დაურღვევია შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი წესები და არ იკვეთებოდა მისი ბრალეულობა მოსარჩელისთვის საწარმოო ტრავმის მიყენებაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა საქმეში არსებული ზემოხსენებული მტკიცებულებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის არსებული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, კერძოდ, როგორც ადმინისტრაციის ბრალეულობის გარკვევისთვის, ისე იმ დაწესებულების დადგენისთვის, რომელიც შეიძლება იყოს მოპასუხე მოცემულ საქმეზე, რადგან შეუძლებელია მოსარჩელის მიერ მოხსენიებული სამივე დაწესებულება ერთდროულად იყოს მოპასუხე. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ზესტაფონის ... საშუალო სკოლის 2006წ. 4 თებერვლის ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005წ. 15 სექტემბრის ¹448 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის ... ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზესტაფონის ... საშუალო სკოლის საკასაციო საჩივარს დართული აქვს უბედური შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები და აღნიშნული სკოლის მასწავლებელების _ ზ. ბ-ის, მ. კ-ისა და ვ. ჩ-ის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ზესტაფონის ... საშუალო სკოლის აქტის გაცნობისას მათ აღმოაჩინეს თავიანთი ხელმოწერები, მაშინ, როდესაც ხსენებულ აქტზე მათ ხელი არ მოუწერიათ და მათი ხელმოწერები გაყალბებულია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი მიუთითებს, რომ საწარმოო ტრავმის მიზეზად ვერ ჩაითვლება უბედური შემთხვევის აქტში მითითებული კარის ზღურბლზე ფეხის წამოკვრა, ვინაიდან სკოლაში არ იყო დარღვეული შრომის კანონთა კოდექსის მე-11 თავით განსაზღვრული შრომის დაცვის წესები, ხოლო ხსენებული აქტი გაყალბებულია, რადგან მასში ცვლილებები, კერძოდ, ტრავმის მიზეზი, შეტანილ იქნა სკოლის დირექტორის მიერ ოქმზე ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის შემდეგ, ამასთან, ტრავმის მიზეზად სიბნელის დასახელება უსაფუძვლოა, ვინაიდან შემთხვევა დილის საათებში მოხდა, დერეფანი კი შემინული იყო, რის გამოც ს. კ-ის ტრავმა საწარმოო ტრავმად არ უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 46-ე მუხლის თანახმად, საწარმოო ტრავმის დადგენისათვის საჭირო იყო შრომის, ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტისა და მის ბაზაზე არსებული სამედიცინო თანამოსახელე კათედრის კლინიკის დასკვნა.
სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ, სრულად და ყოველმხრივ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მოცემულ საქმეში არსებული, ზემოთ მოხსენიებული მტკიცებულებები და ამის საფუძველზე მართებულად დაადგინოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პირველ ყოვლისა, უნდა განსაზღვროს ერთი კონკრეტული მოპასუხე დაწესებულება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005წ. 15 სექტემბრის ¹448 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის ... ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აგრეთვე, საფუძვლიანად იმსჯელოს ს. კ-ისათვის საწარმოო ტრავმის მიყენებაში ზესტაფონის ¹3 საშუალო სკოლის ბრალეულობის საკითხზე, ანუ რამდენად მიუძღვის აღნიშნულ სკოლას ბრალი კონკრეტულ უბედურ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით.
სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თვითონ ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მოცემული საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის ... საშუალო სკოლისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.