Facebook Twitter

საქმე # 330802225011675933

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№96I-25 ქ. თბილისი

გ. ე. 96I-25 24 ივლისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე.(E.) გ-ს (G.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.(E.) გ-ს (G.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2015 წლის 11 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ამასიის პირველი მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს N2014/277-2015/117 განაჩენით ე. (E. ) გ. (G.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე, 53/1-a,b,c,d,e, 53/3 მუხლებთან ერთობლიობაში 197/1 მუხლით (ფულის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით.

1.1.1. აღნიშნული განაჩენი თურქეთის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მე-8 პალატის N2019/23327-2022/4141 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 9 მარტს;

1.2. 2018 წლის 29 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ედირნეს პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს N2017/360-2018/484 განაჩენით ე. (E. ) გ. (G.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158/1-d მუხლით (თაღლითობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

1.2.1. აღნიშნული განაჩენი სტამბოლის რეგიონალური სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 21-ე პალატის N2019/829-2019/425 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 9 აპრილს.

1.3. 2018 წლის 29 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ედირნეს პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს N2017/360-2018/484 განაჩენით ე. (E. ) გ. (G.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 158/1-d მუხლით (თაღლითობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

1.3.1. აღნიშნული განაჩენი სტამბოლის რეგიონალური სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 21-ე პალატის N2019/829-2019/425 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 9 აპრილს;

1.4. 2018 წლის 29 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ედირნეს სისხლის სამართლის საქმეთა პირველი უმაღლესი სასამართლოს N2017/360-2018/484 განაჩენით ე. (E. ) გ. (G.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 207/1 მუხლით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 1 თვით;

1.4.1. აღნიშნული განაჩენი სტამბოლის რეგიონალური სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 21-ე პალატის N2019/829-2019/425 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 9 აპრილს.

1.5. 2023 წლის 1 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის ედირნეს გენერალური პროკურატურის მიერ გამოიცა დაკავების ბრძანება ზემოთაღნიშნული განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.

1.6. 2018 წლის 27 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ჩუბუქის პირველი ინსტანციის პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს N2018/13-2018/1041 განაჩენით ე. (E. ) გ. (G.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-a,d,e,c, 53/2, 53/3 და 58/6-7-8 მუხლებთან ერთობლიობაში 155/1 მუხლით (ნდობის ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 თვით;

1.6.1. აღნიშნული განაჩენი ანკარას რეგიონალური სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მე-10 პალატის N2019/1197-2021/885 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 22 აპრილს;

1.7. 2019 წლის 27 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანატოლიის მე-13 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს N2018/805-2019/358 განაჩენით ე. (E. ) გ. (G.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე და 58-ე მუხლებთან ერთობლიობაში 207/1 მუხლით (ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

1.7.1. აღნიშნული განაჩენი სტამბოლის რეგიონალური სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 22-ე პალატის N2019/3241-2020/858 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 12 ივნისს;

1.8. 2022 წლის 14 თებერვალს ბაქირქოის მე-14 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს N2021/484-2022/60 განაჩენით ე. (E. ) გ. (G.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-a,c,d,e,b 53/2. 62-ე მუხლებთან ერთობლიობაში 158/1-d მუხლით (თაღლითობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

1.8.1. აღნიშნული განაჩენი სტამბოლის რეგიონალური სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 22-ე პალატის N2022/1750-4 2022/2140 გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელად და კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 31 ოქტომბერს;

1.9. 2022 წლის 26 მაისს ბაქიროქოის პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა 25-ე სასამართლოს N2021/165-2022/323 განაჩენით ე. (E. ) გ. (G.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 62, 58/1-6-7 მუხლებთან ერთობლიობაში 155/1 მუხლით (ნდობის ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 თვით.

1.9.1. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 12 ოქტომბერს.

1.10. 2023 წლის 2 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ედირნეს მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს N2022/3909-2023/28 გადაწყვეტილებით შეიკრიბა ზემოთ აღნიშნული განაჩენები და ე. (E. ) გ-ს (G.) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 წლითა და 26 თვით;

1.11. 2023 წლის 21 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ედირნეს მთავარი საჯარო პროკურატურის მიერ გამოიცა ე.(E.) გ-ს (G.) დაკავების ბრძანება ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით.

1.12. 2024 წლის 15 თებერვლიდან ე. (E. ) გ. (G.) თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ე.(E.) გ-ს (G.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2024 წლის 14 მარტს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. (E. ) გ. (G.) ;

2.2. 2024 წლის 16 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ე. (E. ) გ-ს (G.) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 15 000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით და იმავე დღეს გათავისუფლდა პატიმრობიდან;

2.3. 2024 წლის 20 მარტს ე. (E. ) გ-მ (G.) ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინაშე უარი განაცხადა გამარტივებული წესით თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე.

2.4. 2024 წლის 3 აპრილს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობა ე.(E.) გ-ს (G.) ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული დოკუმენტები.

2.5. 2025 წლის 16 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ე.(E.) გ-ს (G.) ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა 2025 წლის 13 ივნისს.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2015 წლის 11 ივნისის ამასიის პირველი მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს განაჩენის თანახმად, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები: 2014 წლის 30 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ი. გ-მ ყალბი ფულის გამოყენებით სასურსათო მაღაზიაში შეიძინა პროდუქცია. შემთხვევის ადგილიდან მიმალვისას, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დადგინდა, რომ ი. გ-თან ერთად მყოფი ე.გ. ტანსაცმლის ჯიბეში ინახავდა ყალბ ფულის კუპიურებს, 20 თურქული ლირის ოდენობით, შემდგომში გასაღების მიზნით.

3.2. 2018 წლის 29 ნოემბრის ედირნეს პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 26 და 27 ივლისს ე. (E. ) გ-მ (G.) , სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებით, უკან დაბრუნების განზრახვის გარეშე დაიქირავა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ორი ავტომობილი, სახელმწიფო ნომრებით: ... და ....

3.3. 2018 წლის 27 დეკემბრის ჩუბუქის პირველი ინსტანციის პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 16 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ე-ს აეროპორტში, უკან დაბრუნების განზრახვის გარეშე ე. (E. ) გ-მ (G.) ) დაიქირავა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: .....

3.4. 2019 წლის 27 ივნისის სტამბოლის ანატოლიის მე-13 მძიმე სისხლის სამართლის სასამრთლოს განაჩენის თანახმად, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში თურქეთის რესპუბლიკის ე. (E. ) გ-მ (G.) , უკან დაბრუნების განზრახვის გარეშე, 500 თურქული ლირის სანაცვლოდ დაიქირავა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: ...

3.5. 2022 წლის 14 თებერვლის ბაქიროქოის მე-14 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენის თანახმად, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 3 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ე. (E. ) გ-მ (G.) სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, უკან დაბრუნების განზრახვის გარეშე, ყალბი მართვის მოწმობის გამოყენებით, დაიქირავა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ავტომობილი.

3.6. 2022 წლის 26 მაისის ბაქიროქოის პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა 25-ე სასამართლოს განაჩენის თანახმად, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 14 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ე. (E. ) გ-მ (G.). უკან დაბრუნების განზრახვის გარეშე, 800 თურქული ლირის სანაცვლოდ დაიქირავა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: ...

4. 2025 წლის 8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა, თურქეთის რესპუბლიკის 2023 წლის 2 იანვრის ედირნეს მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს N2022/3909-2023/28 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით ე. გ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ე.(E.) გ-ს (G.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2023 წლის 2 იანვრის ედირნეს მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს N 2022/3909-2023/28 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე.(E.) გ-ს (G.) – ინტერესების დამცველი ადვოკატი – მ. ზ.– საკასაციო საჩივრით ითხოვს ე.(E.) გ-ს (G.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმებას. ადვოკატი უთითებს, რომ პროკურორს არ წარმოუდგენია რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ე. (E. ) გ-ს (G.) თურქეთის რესპუბლიკაში ბრალი აქვს წარდგენილი და სწორედ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გამო დატოვა მან თავისი ქვეყანა, რის გამოც უნდა მოხდეს მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია. მისი ექსტრადიციით, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, თუ მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი, რატომ არ შეაჩერეს საზღვარზე, მით უფრო, თუ იგი ძებნილი იყო.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება. პროკურორის განმარტებით, ,,ექსტრადიციის შესახებ” ევროპული კონვენცია მაექსტრადირებელ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ ანიჭებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობაზე მსჯელობის უფლებამოსილებას. თუ კონვენციის რომელიმე წევრ სახელმწიფოს აღნიშნული უფლების მოპოვება სურს, მან შესაბამისი დათქმა უნდა გააკეთოს კონვენციაზე. მსგავსი დათქმა კონვენციაზე საქართველოს არ გაუკეთებია და ამდენად, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ბრალდების დასაბუთებულობაზე მსჯელობის უფლებამოსილება არ გააჩნიათ.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს შემდეგს:

3. 2025 წლის 8 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის 2023 წლის 2 იანვრის ედირნეს მე-2 აღმასრულებელი სასამართლოს N2022/3909-2023/28 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით ე. გ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

4. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

5. თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობაში აღწერილი ქმედება დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და, ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. კერძოდ:

5.1. თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობაში მითითებული დანაშაულებისათვის, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით, სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 1 წელზე მეტი ვადით. ამასთან, ე. (E. ) გ-ს (G.) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს – თავისუფლების აღკვეთა 17 წლითა და 26 თვით.

5.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ე. (E. ) გ-მ (G.) 2193 დღის შემდეგ, შესაძლოა მოიპოვოს პირობით გათავისუფლების უფლება.

5.3. თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობაში მითითებული ე. (E.) გ-სათვის (G.) მსჯავრადშერაცხილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა).

6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

6.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა იწურება – 2029, 2032 და 2031 წელს.

6.2. ე. (E.) გ-სათვის (G.) თურქეთის რესპუბლიკაში მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამდენად, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.

7. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთათვისაც მოითხოვება ე.(E.) გ-ს (G.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან გამოტანილი იყოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2025 წლის 17 ივნისის წერილის თანახმად, ე. (E. ) გ. (G.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ე. (E. ) გ. (G.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე (ტ. N3; ს.ფ. 279).

8.2. იმავდროულად, საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის წერილის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით ე.(E.) გ-ს (G.) საჩივარი, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა და იგი აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში (ტ. N3; ს.ფ. 277).

8.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს (სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს) და 34-ე მუხლის მე-14 პუნქტს (სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს).

9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ე.(E.) გ-ს (G.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან პროკურორს არ წარმოუდგენია რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ე. (E. ) გ-ს (G.) თურქეთის რესპუბლიკაში ბრალი აქვს წარდგენილი და სწორედ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გამო დატოვა მან თავისი ქვეყანა. ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას ე.(E.) გ-ს (G.) სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთან, თუ მას ბრალი ჰქონდა წარდგენილი და იყო ძებნილი უნდა მომხდარიყო მისი დაკავება სახელმწიფო საზღვრის კვეთისას.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

10.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ე.(E.) გ-ს (G.) ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის. გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ე.(E.) გ-ს (G.) უფლებები სრულად იქნება დაცული.

10.2. თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ ე.(E.) გ-ს (G.) საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი ექნება მისი უფლებების დარღვევას.

10.3. ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთა ნაწილი გამოტანილია ე.(E.) გ-ს (G.) თანდასწრებით. ამასთან, ექსტრადიციის ქვემდებარე ყველა დანაშაულთან მიმართებით მას მიცემული აქვს თავდაცვითი ჩვენება. ასევე, მან ისარგებლა საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. 2022 წლის 22 მაისის განაჩენთან მიმართებით თურქული მხარის მიერ წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ე. (E. ) გ-ს (G.) მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.

11. კასატორი არ უთითებს, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილ საექსტრადიციო მასალებზე დაყრდნობით, რომ ე.(E.) გ-ს (G.) საქმეში არის რაიმე აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

11.1. არ არის წარმოდგენილი არც რაიმე ინფორმაცია/მტკიცებულება, რაც მითითებდა ე.(E.) გ-ს (G.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებული საფრთხის არსებობაზე. საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

12. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს საკუთარი პოზიციის – საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის – დამადასტურებელ არც კონკრეტულ არგუმენტაციას და არც რაიმე სახის რელევანტურ მტკიცებულებას/ებს; საექსტრადიციო მასალებში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ე.(E.) გ-ს (G.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, inter alia მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. შესაბამისად, დაუსაბუთებლობის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ე.(E.) გ-ს (G.) მიმართ ექსტრადიციის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.

14. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005). ამასთან, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განცხადება არ არის საკმარისი მტკიცების შესაბამისი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, თუ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები (Chentiev and Ibragimov v. Slovenia, no21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ე. (E. ) გ. (G.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის ხელყოფის რისკი.

16. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არ უთითებს და წარმოდგენილი მასალებითაც არ იკვეთება, რომ ე.(E.) გ-ს (G.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეუსაბამოა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

17. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე.(E.) გ-ს (G.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე.(E.) გ-ს (G.) – ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ზ-ს – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე