საქმე N 330802225011673825
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №97I-25 ქ. თბილისი
ქ/კ ს/ს, 97I-25 24 ივლისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს./ს. ქ/კ. (S. K.) – ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 9 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს./ს. ქ/კ. (S. K.), – დაბადებულის ... წლის 10 იანვარს, – მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2021 წლის 2 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის სტამბული ანატოლიის მე-7 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №... განაჩენით, ს.ქ./ს. ქ./კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე, 53-ე, 62-ე და 63-ე მუხლებთან ერთობლივად 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული ნივთიერებებით ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობა) ჩადენისათვის. იმავე განაჩენით, ს./ს. ქ./კ. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს – 9 წელი 5 თვე და 3 დღე.
1.2. 2021 წლის 1 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.
1.3. 2021 წლის 13 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის სტამბული ანატოლიის საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ გამოიცა ს./ს ქ./კ. დაკავების ბრძანება.
1.4. 2022 წლის 26 აგვისტოდან ს./ს ქ./კ იძებნება თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2.1. 2014 წლის 14 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ს./ს ქ./კ. კუთვნილი, შემდგომი გასაღებისათვის განკუთვნილი, 17 კილოგრამი და 750 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფი, ასევე – „MDMA-ს“ და „THC-ს“ შემცველობის აბები.
3. ს./ს ქ/კ მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
3.1. 2022 წლის 4 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობა ს./. ქ./კ. ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული მასალები.
3.2. 2025 წლის 30 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს./ს. ქ./კ.
3.3. 2025 წლის 2 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ს./. ქ./კ. აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.
3.4. 2025 წლის 7 აპრილს, ს./ს. ქ./კ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის წინაშე უარი განაცხადა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე.
3.5. 2025 წლის 16 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ს./ს. ქ./კ. და მისი ადვოკატის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 აპრილის განჩინებაზე.
3.6. 2025 წლის 28 აპრილს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთითხოვა დამატებითი ინფორმაცია ს./ს. ქ./კ. თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
3.7. ზემოაღნიშნული დამატებითი მასალები საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო 2025 წლის 16 მაისს.
3.8. ამჟამად, ს./ს. ქ/კ მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. 2025 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ნანიკო ზაზუნაშვილმა – და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ს./ს ქ./კ. თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-7 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის №.... განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ს./ს ქ/კ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის სტამბულის ანატოლიის მე-7 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის №... განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს./ს ქ/კ – ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან გამოკვეთილია კანონით გათვალისწინებული, ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები – არ არის დაცული ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილის შესახებ წესები და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. კასატორის მითითებით, თურქეთი არ წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“ და იქ ექსტრადიცია, ზოგადად, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. ამავდროულად, კასატორი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პარალელურად, შეუძლებელია პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი ს./ს ქ/კ. მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიცია. საეჭვოა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობაში მსჯავრდებულს, საქართველოში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, მარიხუანაც კი არ აღმოაჩნდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენი, რომლითაც ს./ს ქ/ მსჯავრდებულია საზღვრის უკანონო კვეთისათვის, ვერ დაედება საფუძვლად მისი მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის დასაბუთებას, რამეთუ ოპოზიციის მხარდამჭერმა, ფეთჰუმა გიულენის პარტიის წევრმა, მხოლოდ ამ გზით დააღწია თავი პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას. ს./ს ქ/კ მიმართ 2014 წლის 14 ივლისს დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, იგი 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა თურქეთში და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გაცხადებულა.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს./ს ქ./კ ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის ახალი მტკიცებულება ან ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს./ს ქ/კ დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).
5. აღსანიშნავია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს./ს. ქ./კ-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულია ექსტრადიციის შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შესაძლო, ზოგად საფრთხეებზე, თუმცა გაცხადებული რისკების არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ს./ს ქ/კ სიცოცხლის მოსპობის ან მის მიმართ არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე და ვერც ის დგინდება, რომ ასეთი საფრთხის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას.
6. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები, ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
7. კასატორის მტკიცების საპირისპიროდ, რომ საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის ძიების კვალდაკვალ, ს./ს ქ/კ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა დაუშვებელია, გასათვალისწინებელია, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს, ხოლო ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, ასევე – ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.
8. კასატორის მითითებაზე, რომ საეჭვოა ნარკოტიკების გასაღებისთვის მსჯავრდებულ ს./ს ქ/კ საქართველოში ჩატარებული ჩხრეკისას, მარიხუანაც კი არ აღმოაჩნდა, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლო არ აფასებს პირის ბრალეულობის საკითხს, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №402I-21; №453I-21).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 9 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს./ს ქ/კ – ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 9 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. გაბინაშვილი